12 სახეობაში გამართული ორთაბრძოლების შემდეგ სხვადასხვა სინჯის მედლები 25 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებმა გადაინაწილეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში ისევ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტსმენები მეწინავეობენ. მათ 10 ოქროს, 11 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს (სულ 28) მედალი მოიხვეჭეს. ლიდერებს 3 ჯილდოთი ჩამორჩებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ათლეტები (9, 8, 8). 18 მედლით (5, 5, 8) მესამე ადგილს აგრარული უნივერსიტეტი ინარჩუნებს.
გასულ უქმეებზე ასპარეზობა დამთავრდა მძლეოსნობასა და შვიდკაცა რაგბიში. "სპორტის დედოფალს" ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულმა სტადიონმა უმასპინძლა. გოგონებში თავი ისახელა მაია გოგოლაძემ (სამედიცინო ინსტიტუტი "ჰიპოკრატე"), რომელმაც
200 და 400 მეტრზე რბენა მოიგო. 100 მეტრზე უძლიერესი იყო სოფიო მაჭავარიანი (დავით გურამიშვილის სახელობის უნივერსიტეტი "იბერია"), რომელიც 200 მეტრზე მხოლოდ გოგოლაძეს ჩამორჩა. 800 მეტრზე რბენაში ტოლი არ ჰყავდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ თამარ ქველიძეს. 100 მეტრზე იგი მესამე იყო. ვაჟებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ: ალექსანდრე გაბუნია (100 მ. შავი ზღვა), ბექა ჯიშკარიანი (200, ქუთაისი), დავით ბარამიძე (400, ბათუმის საზღვაო აკადემია), მერაბ ქინიძე (800 და 1500 მ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ოთარ ხაჭაპურიძე (სიგრძეზე ხტომა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი). გუნდური. 1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2. "ჰიპოკრატე", 3. "იბერია".
შვიდკაცა რაგბიში რვა გუნდი მონაწილეობდა. ნახევარფინალში სამედიცინო უნივერსიტეტის მორაგბეებმა ბათუმის საზღვაო აკადემია დაამარცხეს 28:10, ხოლო სტუ-მ ილიაუნელებს სძლია 12:7. მომავალმა ტექნიკოსებმა გადამწყვეტ შეხვედრაში მედიკოსებსაც აჯობეს 21:10 და ოქროს მედალი მოიპოვეს. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბათუმელებმა ილიას უნივერსიტეტს მოუგეს 20:7.