გუზბახერმა გოგშელიძე დააიმედა

AutoSharing Option
დამთავრდა სპორტული მედიცინის სამდღიანი სემინარი თემაზე: "ფიზიკური მზადების, გამძლეობის, ტესტირების და სპორტული კვების აქტუალური საკითხები ქართულ სპორტში". ქართველ მედიკოსებთან ერთად მასში მონაწილეოდა გერმანელი დოქტორი ალბერტ გუზბახერი, რომელიც არც ძირითად პროფესიას მოწყდა - თეორიული ლექციების გარდა, ოპერაციებიც გააკეთა და ბლომად პაციენტებიც გასინჯა.

შაბათს სემინარს სასტუმრო "მუზამ" უმასპინძლა, რომელსაც ექიმების გარდა, წამყვანი ნაკრებების მწვრთნელებიც ესწრებოდნენ. განიხილეს: რეაბილიტაციისა და ფიზიკური ვარჯიშების მნიშვნელობა მუხლისა და მხრის სახსარის ოპერაციების შემდგომ პერიოდში; სპორტული კვებისა და დღის რაციონის დაგეგმარება შეჯიბრების წინა პერიოდში; ტკივილის მართვის თანამედროვე პრინციპები; დოპინგში
შემავალი პრეპარატების უარყოფითი გავლენა სპორტსმენთა ჯანმრთელობაზე; ფიზიკური მომზადება და ტესტირება ორთაბრძოლის სახეობებში და სხვა საკითხები. პირველ საკითხზე მოხსენება გუზბახერმა გააკეთა და სასტუმრო უმალვე დატოვა - კლინიკას მიაშურა ოპერაციებისთვის.

სემინარმა კი ნაყოფიერად გააგრძელა მუშაობა - განხილვებში მწვრთნელებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ დატყობიათ ანალოგიური ლექციების სიკეთე. ადრე თუ იშვიათად იყვნენ ისეთები, ვინც საკვებ რაციონში ერკვეოდა და შეეძლო მენიუს განსაზღვრა-შედგენა, ახლა ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. ბერძენ-რომაელთა ნაკრების მწვრთნელ ოთარ ტატიშვილის მაგალითიც დაასახელეს, რომელსაც მენიუში ჩვეულებრივი შოკოლადის ნაცვლად ნატურალურის და კონცენტრატებისგან თავისუფალი მწარე შოკოლადის შეტანა მოუთხოვია. აქვე ისიც ითქვა, რომ ამ მხრივ სპორტსმენებიც "გაიზარდნენ" და შეკრებებსა თუ ტურნირებზე თვითონვე მიაქვთ ენერგიის აღმდგენი საკვები დანამატები. თან უკვე საკუთარი ორგანიზმის თავისებურებებსაც ითვალისწინებენ. რაც სჭირდებათ, ყველაფერი ფედერაციისგან ისედაც აქვთ, მაგრამ აქ ლაპარაკია ისეთ დანამატებზე როგორიცაა: ჩურჩხელა, თაფლი, ხილი ანუ ისეთები, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ამასთან, ყველა ასეთი პროდუქტი მკაცრად კონტროლდება გუნდის სამედიცინო პერსონალისგან. ექიმი და მწვრთნელი თავისთავად, მაგრამ სპორტსმენსაც უნდა შეეძლოს საკუთარი თავის მოვლა, მზადების პროცესში მისი პირადი პასუხისმგებლობის დონეც მაღალია და ეს უნდა გაითავისონ. ისინი თუ საკუთარ საკვებ რაციონს გააკონტროლებენ, მაშინ ძალიან იოლად მოუვლიან ჭარბ წონას და არც კლების პროცესი იქნება მტკივნეული.

ენერგიის აღმდგენი საშუალებების თანამედროვე სპორტში გამოყენებით მაინც ჩინელები გამოირჩევიან, რომელთა "ალქიმიკოსობა" ლეგენდად იქცა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი ორგანულია, ანუ ბუნებრივ ნედლეულზეა დამზადებული და დოპინგის კატეგორიაში არ გადის.

საბედნიეროდ, მსგავსი "ალქიმიკოსობისთვის" პროდუქცია ჩვენც მოგვეპოვება და ვიყენებთ კიდეც - იგივე ჩურჩხელა, ქიშმიში, ღვინის ცალკეული სახეობები (ოღონდ ძალზე მცირე დოზით), თაფლი მასში დამატებული ჩირით ან რამე ამგვარებით, თუმცა ბევრ ქვეყანაში მათი შეტანის ნებას არ იძლევიან. ევროპაში მდგომარეობა ბოლო წლებში შედარებით გამოსწორდა. მაგალითად, ჩურჩხელას უკვე ისინიც "ჯორჯიან სნიკერსს" ეძახიან, თუმცა უფრო შორს - ამერიკა-აზია-ავსტრალიაში ამას კვლავაც დიდი ეჭვით უყურებენ. განსაკუთრებით - ოლიმპიადებზე, სადაც უსაფრთხოების ღონისძიებები გამკაცრებულია. ამ კონტექსტში სემინარზე პეკინის თამაშებიც გაიხსენეს, როცა ჩვენებს ყველანაირი ნაყენი ჩამოართვეს.

სნიკერს-შოკოლადები ვახსენეთ და თურმე შესაბამისი სამსახურები "ბარამბოსთან" მოლაპარაკებას აწარმოებენ სპორტსმენების საგანგებოდ დამზადებული შოკოლადით მომარაგებაზე, რომელიც ენერგიის აღმდგენიც იქნება, ანტისტრესულიც და არც დოპინგის სიაში მოხვდება. არადა, აკრძალულთა შორის ბევრი ფართოდ გავრცელებული პირველადი მოხმარების პროდუქტი თუ პრეპარატია. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ისინი არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენენ, მაგრამ ათლეტებისთვის მათი მიღება დაუშვებელია სტიმულატორების შემცველობის გამო. თუმცა ბევრს სხვა თვისება გააჩნია - ორგანიზმიდან სწრაფად გამოდევნის დოპინგის კვალს და აკრძალულთა შორისაც ამიტომ მოხვდა. ასეთია მაგალითად, შარდმდენთა გარკვეული კატეგორია, რაც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

საერთოდ, თანამედროვე ფარმაკოლოგიის, სპორტული მედიცინის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასარგებლოს და უვნებელის შეზავება გახდა, თორემ დოპინგის სია დღითი დღე იზრდება. სემინარის ერთმა მონაწილემ ებრაული წარმოების რაღაც პრეპარატიც წარმოადგინა, რომელიც, მისი მტკიცებით, ენერგიასაც სწრაფად აღადგენს და უსაფრთხოცაა, მაგრამ ის წამალი იქ შეკრებილი აუდიტორიისთვის სრულიად უცხო აღმოჩნდა და ასე ჰაიჰარად, შემოწმების გარეშე არც მისი გამოყენების იდეას მიესალმნენ.

სემინარი გუშინ დასრულდა გორში მოწყობილი ვიზიტით. იქ გამგზავრება თავიდან ჩაფიქრებული იყო გუზბახერისთვის განკუთვნილ კულტურული პროგრამით, რადგან წინასწარ უთხოვია... სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერება. მისი ერთ-ერთი პაციენტი - თავისუფალ ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძე რადგან გორელია, გადაწყდა - ისიც იქვე გაესინჯათ, გერმანელი კი დამატებით უფლისციხეშიც წაეყვანათ.

საბოლოოდ მეორე მსოფლიოში ომში ბაბუის დამკარგავ გუზბახერზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ უფლისციხეს მოუხდენია, თუმცა სტალინის სახლ-მუზეუმიც დიდი ინტერესით დაუთვალიერებია. გერმანელის თქმით, გოგშელიძის რეაბილიტაცია კარგად მიდის, მაგრამ ჯერ დრო სჭირდება. საგანგებო ვარჯიშები დაუნიშნა ნემსებით, პროცედურებმა ხელს ელასტიურობა და მოქნილობა უნდა დაუბრუნოს, ნემსები კი ძვლოვან სისტემას უნდა დაეხმაროს, რათა ერთმანეთთან შეხებისას მათი განლევა არ მოხდეს. გოგშელიძის გამოსვლა მომავალ უქმეებზე თბილისის სპორტის სასახლეში გასამართ ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირში გამორიცხულია, თუმცა გუზბახერმა დაამშვიდა, რომ ლეიბზე შესვლას მალე შეძლებს და მსოფლიოსთვის ფორმაში იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული