მარტვილი და ცხენოსნობა დაძმობილდნენ

AutoSharing Option
ბოლო ხანებში მარტვილის მუნიციპალიტეტის თაოსნობით და მხარდაჭერით რაიონში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა სპორტის ეროვნული სახეობებისა და განსაკუთრებით საუკუნეებ გამოვლილი ცხენოსნობის ხალხური თამაშების ასაღორძინებლად.

ოდითგან ცნობილია, რომ ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულები ისე არ ჩაივლიდა ქართულ ჭიდაობასა, ლელობურთში თუ ცხენოსნობაში სიჩაუქის ზეიმი არ გამართულიყო.

მარტვილელებმა ახლა ამ ტრადიციის აღორძინებასაც დაუდეს სათავე. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით რაიონის საკრებულოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით გაიმართა ამხანაგური შეხვედრა მარტვილისა და სამტრდიის გუნდებს შორის ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში.

პროგრამაში შედიოდა ისინდი და ცხენბურთი, ხოლო დოღი ორ დისტანციაზე და მარულა გაიმართა უშუალოდ მარტვილელ
მხედრებს შორის. ისინდში მეტოქეთა შეხვედრა ფრედ 6:6 დასრულდა, ხოლო ცხენბურთში მარტვილელმა მხედრებმა იყოჩაღეს და 11:6 სძლიეს სამტრედიელებს. აღსანიშნავია,რომ თამაშებს სჯიდნენ ქალაქ სენაკიდან მოწვეული ეროვნული კატეგორიის არბიტრები: მეტვარი ჩარგაზია და რეზო ოთხოზორია, მარტვილელი _ გუგული დანელია.

ახლა კი გაგაცნობთ გამარჯვებულებს და პრიზიორებს დოღსა და მარულაში. დოღი. 1000 მ: 1. ტოჩი სიმონია, 2. გიორგი რუსია, 3. კუსა ბასილაია; 2000 მ: 1. ბესო გოგუა, 2. გიორგი რუსია, 3. რომანი ფანცულაია; მარულა. 6000 მ: 1. ოვანი ფანცულაია, ბესო გოგუა, გია ოდიშარია.

გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცათ სპეციალური ჯილდოები და დიპლომები.

შეჯიბრებაში მონაწილეობდა მხცოვანი ცხენოსანი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, 65 წელს მიტანებული სამტრედიელი პავლე კაპანაძე, რომლის სიმხნევემ და შემართებამ მრავალრიცხოვანი მაყურებლის სასიამოვნო გაოცება გამოიწვია.

დაბოლოს გვინდა ვისურვოთ, რომ მარტვილელებს სხვებმაც მიბაძონ და სულ მალე მეტი მონაწილე გვეხილოს რელიგიურ თუ საერო დღესასწაულებზე, რაც ეროვნული საუნჯე გადარჩენისა და მოვლა-პატრონობის საწინდარი გახდება.

ბესიკ გვაზავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული