"ყაჩაღობით" შეძენილი საძმო და ტიტულოვანი სპორტსმენების ცელქობები

AutoSharing Option
ამას წინათ რედაქციაში ქუთაისელ მალხაზ კვიმსაძის წერილი მივიღეთ. "ვარ 22 წლის, ქუთაისში ლეგენდად დადის ველოსპორტის ქართველი კორიფის, ჩვენი თანაქალაქელის ომარ ფხაკაძის, ასევე ლეგენდარული ფალავნის ლევან თედიაშვილის მეგობრობისა და ფილმში "ხარება და გოგია" მათი ერთობლივი მონაწილეობის ამბები. ძალიან მინდა მეტი ვიცოდე ამ სახელოვანი ფალავნების ვაჟკაცობის შესახებ" - გვწერდა მალხაზი.

რედაქციის არქივის თემატურ საძიებელში არაერთ საინტერესო მასალას მივაკვლიეთ. ყველაზე საყურადღებოდ ჩავთვალეთ წერილი, რომელიც გაზეთ "ყველა სიახლეში" 2008 წლის 28 თებერვალს გამოქვეყნდა. ამბებს მწერალი და სპორტული ჟურნალისტი, აწ განსვენებული ნუგზარ შატაიძე იხსენებს.

ოდესღაც
პროფესიით მშენებელი ყოფილა, მერე ჟურნალისტადაც უმუშავია "ლელოში", - ძირითადად, ჭიდაობაზე წერდა, რადგან წინაპარი გრიგოლ ორბელიანის ფალავანი ჰყოლია. პარალელურად, მოთხრობებს ბეჭდავდა, მის კინოსცენარებზე "ლომა", "მევლუდი", "პეიტარი", "მიახლოება", "ცხელი ძაღლი" და კიდევ რამდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმია გადაღებული.

მალე რეჟისორი გიორგი ოვაშვილი დაასრულებს კიდევ ერთ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელსაც საფუძვლად მისი მოთხრობა "მოგზაურობა აფრიკაში" უდევს. შემთხვევით მხატვრული ფილმის გმირიც გახდა, რასაც რამდენიმე ეპიზოდური როლი მოჰყვა, თუმცა პოპულარობა სამწერლო მოღვაწეობამ შესძინა.

- კინოსტუდიაში რეზო თაბუკაშვილმა მწერალთა გაერთიანება ჩამოაყალიბა და მეც იქ ვმუშაობდი რეზო ჭეიშვილთან, გურამ დოჩანაშვილთან, რეზო ინანიშვილთან, ვაჟა ბიგაშვილთან და კიდევ რამდენიმე ჩვენს სახელოვან მწერალთან ერთად. ვწერდით სცენარებს და ზოგჯერ ამ სცენარებზე ფილმებს იღებდნენ.

ერთი უცნაურობა მაქვს - არ მიყვარს სტამბა, სადაც წიგნები იბეჭდება, - ამ დროს პირიქით უნდა იყოს, არა? იგივე მემართებოდა კინოგადაღებაზეც. თუნდაც მსახიობი რომ ხარ, შენი ნებით ხომ არ მოქმედებ? - რეჟისორს ემორჩილები და სცენარისტის ტექსტს ამბობ... კომუნისტების ზეობის ხანაში, გსურდა თუ არა, სცენარის ავტორი ფილმის გადაღებას უნდა დასწრებოდი, რეჟისორს სჭირდებოდი.

მე, უმეტესად, ვურჩობდი და რეჟისორებიც ხშირად "მასმენდნენ" რეზო ჩხეიძესთან. ერთხელაც გიორგი შენგელაია გადამეკიდა, ფილმ "ხარება და გოგიას" გადაღებს ვიწყებთ და ხარება ჯიბუტის ძმის - სიმონას როლი უნდა ითამაშოო. სცენარიც კი გამომიგზავნა - ჩემი მეგობრის, ბაადურ ბალარჯიშვილის დაწერილი იყო. მითხრა: შენ და ომარ ფხაკაძე (ვისაც ხარებას როლი უნდა შეესრულებინა) ძალიან ჰგავხართ ერთმანეთსო.

გიორგის დიდ პატივს ვცემდი და უარი ვეღარ ვუთხარი. მე კი იოლად დამიყოლია, მაგრამ ლევან თედიაშვილი (გოგია კენკიშვილი), ომარი და მიშა სალაძე ვერ დაითანხმა.

ლევანი მაშინ სოფელ კაკაბეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. ჩააკითხა გიორგიმ კაკაბეთში, როგორ არ ეცადა დაყოლიებას, ისიც უთხრა, 6. 000 მანეთს ჰონორარს გადაგიხდიო - 1985-1986 წლებში 6.000 მანეთი კარგი ფული იყო. გამოიღო ლევანმა სეიფიდან 8.000 მანეთი, დაუდო გიორგის და უთხრა: აიღე ეს ფული და თავი დამანებეო (იცინის).

მოგვიანებით, გიორგიმ ამიხსნა: განა არ შემეძლო, მსახიობები მომეწვია, ნაკლებადაც გავწვალდებოდი, მაგრამ ფილმისთვის ნამდვილი ვაჟკაცები მჭირდებოდა, მსახიობები კი ასეთები ვერ იქნებოდნენო. წარმოიდგინეთ, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი არის ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი; ველომრბოლელი, ცხონებული ომარ ფხაკაძე ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს ჩემპიონი იყო, მოჭიდავე მიშა სალაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.

ისინი ყოველმხრივ დიდი ვაჟკაცები, გმირები იყვნენ. მაშინ ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო. გიორგიმ ამ ხალხთან შუამდგომლობა სწორედ მას სთხოვა და მხოლოდ ამის შემდეგ დაითანხმა ლევანი, ომარი და მიშა. სხვათა შორის, მერე სამივეს ძალიან მოეწონა კინოში მონაწილეობა.

ლევანს დაუფასდა კიდეც ეს შრომა - აზიისა და აფრიკის ქვეყების კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზიც მიიღო. ერთხელ გამომიტყდა კიდეც: ჩემს ყველა ოქროს მედალს მირჩევნიაო.

- გადაღებაზე რა ხდებოდა?
- კინოგადაღება რთული პროცესია და დისციპლინას მოითხოვს. მსახიობი ამას შეჩვეულია, ჩვენ კი - არაპროფესიონალები ძალიან "ვცელქობდით" და, შესაბამისად, გიორგი შენგელიასაც ვანერვიულებდით. ამ ფილმში ავქსენტი მიქაბერიძის როლს მურმან ჯინორია თამაშობს.

მურმანი კარგად უკრავს გიტარაზე და მღერის, ამიტომ გადაღებაზე, საგარეჯოში გიტარა წამოიღო. იქ, სასტუმროში, მასთან ერთად, ერთ ნომერში ვცხოვრობდი. ერთხელაც, გადაღებების შემდეგ, ღამის 10 საათზე შემოგვაკითხა ლევანმა. ჩვენ რაღაც წავიმღერეთ, ლევანი კი აშკარად ვერ ისვენებდა: კაცო, არ ვიქეიფოთო?! მოკლედ, საღერღელი ჰქონდა აშლილი.

არადა, უკვე ძილის დრო იყო, მეორე დღისთვის ადრიანად უნდა წავსულიყავით ვაჩნაძიანთკარის ზემოთ, ტყეში, გადაღებაზე. არ მოგვასვენა, გიტარიანად ჩაგვსხა მანქანაში და სადღაც წაგვიყვანა. კარგა ხნის ძებნის შემდეგ ვიღაცის ორსართულიან სახლს მიგვაყენა - ჩანდა, კარგი "პატრონი" ჰყავდა იმ სახლს. მოკლედ, საგარეჯოს ღვინის ქარხნის დირექტორის ოჯახში აღმოვჩნდით. გაგიჟდნენ სიხარულით, გაიშალა სუფრა და დავიწყეთ მოლხენა.

ლევანს ჰყავდა მძღოლი (რაკი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო). მელოტი კაცი, რომელსაც ხუჭუჭას ეძახდა და რომელიც იქ გვახლდა. რომ გახურდა ქეიფი და მასპინძლებმა შეიტყვეს, სასტუმროში ნატო ვაჩნაძის შვილი გიორგი არისო (კახელებს განსაკუთრებულად უყვართ ნატო ვაჩნაძე), გული დასწყდათ: ნეტავ, წამოგეყვანათო. ლევანმა ქაღალდის ხელსაწმენდზე დააწერა: შენ თუ ახლა აქ არ მოხვალ, აი, ასე და ისეო... და კახური გინება მიაყოლა.

ეს "წერილი" ხუჭუჭას გაატანა გიორგი შენგელაიასთან. გადარეულა გიორგი, - ხვალ გადაღებაა, ამ ეპიზოდში მონაწილეობის მისაღებად ოთარ მეღვინეთუხუცესი ერთი დღით არის ჩამოსული, ყველაფერი ჩაიშლებაო და უთხოვია, ავთო მაისურაძისა და მიშა სალაძისთვის, როგორმე ის ხალხი აქ მომიყვანეთო.

ავთო და მიშა მოვიდნენ საყვედურებით: რას ანერვიულებთ იმ კაცსო. დასხედით, კაცო, განსხვავებეული დალიეთო! - დასჭექა ლევანმა და იმათაც მოუნდათ ქეიფი. დარჩნენ ჩვენთან და დილის 4 საათამდე ვილხენდით: დილით ყველას თავი გვისკდებოდა, გიორგიმაც ძალიან ინერვიულა, მაგრამ საბედნიეროდ, გადაღებამ მშვიდობიანად ჩაიარა.

- ომარ ფხაკაძე რატომ არ გახლდათ?
- ომარის მეუღლემ, ქალბატონმა დონარამ გვთხოვა, ომარს ცოტა შარიანი სიმთვრალე აქვს და ნუ დაალევინებთო. თავიდან კი არ დავუჯერეთ დონარას, მაგრამ ერთ-ერთ სუფრაზე ლევანს, მე და მიშას რომ დაგვიბღვირა, მეტად აღარ ვასმევდით.

უფრო სწორად, თვითონ იკავებდა თავს, თორემ ჩვენ რას გავუძალიანებოდით. იცით, რა ძლიერი იყო ფიზიკურად?! ლევანს რომ შეხედავ, მაშინვე მიხვდები, რომ მონსტრია. ომარი უფრო ხმელი იყო, მაგრამ უზარმაზარი ხელები ჰქონდა. ლეგენდები დადიოდა: ომარი ველოსიპედის რამას ღუნავდა, როცა სიჩქარეს აკრებდაო.

ამიტომ რამა სპეციალურად რკინისგან თუ ფოლადისგან ჩამოუსხეს. ფილმში ხომ არის სცენა: ლევანი და ომარი რომ ჭიდაობენ, მაშინ ლევანმა თქვა: მე ეგეთი ღონიერი კაცი არ მინახავსო... იმ გადაღებებმა დიდი საძმო ჩამოაყალიბა. არ დამავიწყდება, ომარს უფროსი და რომ გარდაეცვალა, სამძიმარზე ვიყავით, უზარმაზარი მანქანა-მაცივარი რომ ჩამოდგა, საიდანაც იმ წუთას თავისი მანქანით მოსულმა ლევანმა მთელი ქელეხის სანოვაგე გადმოაზიდვინა ბიჭებს. მართლა ძმებივით იყვნენ. დონარა იგონებდა: ლევანი ომართან რომ რეკავდა, მეკითხებოდა: ხარება შინ არისო? თითქოს ვერ გამოვიდნენ ფილმიდან, როლიდან.

- ალბათ, უფრო იმიტომ, რომ სხვა კინოროლი არ ჰქონიათ...
- დიახ, მართალი ბრძანდებით, ესენი კინოში დარჩნენ. მეც მათთვის ძმასავით ვიყავი. მით უმეტეს, ომარს ოთხი თუ ხუთი და ჰყავდა და ამბობდა: ძლივს არ ვეღირსე ძმასო. სხვათა შორის, ლევანს ადრეც ვიცნობდი გაზეთ "ლელოდან".

იქ ჩემმა მეგობარმა ირაკლი ბერიშვილმა მიმიყვანა. ძირითადად, ჭიდაობაზე ვწერდი, და მიზეზიც მქონდა - დედის მხრიდან დიდი პაპის ბიძა იყო გრიგოლ ორბელიანის ფალავანი დათა ხიზამბარელი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ვერავის წაუქცევია, 24 წლისა კი მოკლეს. აკაკი წერეთლის "ბაში-აჩუკიდან" აბდუშაჰილისა და ბაში-აჩუკის შერკინების ეპიზოდი აკაკიმ სინამდვილიდან აიღო - იქ ჭიდაობდნენ 21 წლის დათა ხიზამბარელი და გოლიათი სპარსელი მოჭიდავე, რომელსაც მანამდე 14 ქართველი ფალავანი წაუქცევია, თურმე.

სხვათა შორის, ჩემი ბიძებიც ჭიდაობდნენ, პაპაჩემი კი საჭიდაოსაც უკრავდა. მეტსაც გეტყვით, შემიძლია ქართულ ჭიდაობაზე ვიმსაჯო კიდეც.

- მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს უმთავრეს საქმედ მწერლობა აირჩიეთ...
- მწერლობა ჩემ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩემი მოთხრობები სასკოლო სახელმძღვანელოებშიც არის შეტანილი. ლიტერატურულ კონკურსებში ხშირად ვმონაწილეობ - "საბა" მაქვს აღებული, "პენმარათონის" პრემია ორჯერ მივიღე, თუმცა... ძალიან ცუდ დღეში ვართ დღეს მწერლები.

წარმოიდგინეთ, 300 ეგზემპლარი რომ გამოდის წიგნი, ის ხომ მხოლოდ ვიწრო წრეს დააკმაყოფილებს. ვინც ნაღდი მკითხველია, მას წიგნისთვის ფული არც აქვს, საერთოდაც, ხალხი გადაეჩვია კითხვას. არადა კითხვა უნარჩვევაა, რომელიც ადამიანმა ბავშვობაში უნდა გამოიმუშაოს.

ჩვენი ბავშვები კი კომპიუტერისა და ტელევიზორის გადამკიდე, წიგნისთვის ვეღარ იცლიან. ეს ჩემთვისაც ცუდია, მაგრამ, პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის საზიანო. ერი რომ წიგნს, კულტურას მოსწყდება, რაღაზე იფიქრებს? - ალბათ, ამერიკელებივით მხოლოდ იმაზე, ფული როგორ იშოვოს. ეს აღარ არის ცხოვრება, ამით ადამიანი ცხოველს დაემსგავსება და მაშინ რა ვქნათ?!

ესაუბრა ირმა ხარშილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული