მეძავობიდან დირექტორობამდე

AutoSharing Option
ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველი ქალი გენერალური დირექტორი სექს-სკანდალში გაეხვა. როგორც გაზეთი The Sun წერს, კონფერენსის ლიგის (მნიშვნელობით მეხუთე დივიზიონი) ბინადარი "მენსფილდის" ხელმძღვანელი კაროლინა სტილი პროფესიონალი მეძავი ყოფილა. ტაბლოიდის მონაცემებით სტილი ერთბაშად ორ სექს-სააგენტოში მუშაობდა.

უფრო მეტიც, სტილი არამარტო კლიენტების ბინებს სტუმრობდა დღე-ღამის ნებისმიერ დროს, არამედ შიშველი პოზირებდა სხვადასხვა ეროტიკული ვებგვერდებისთვის.

გაზეთის ინფორმაციით, კაროლინმა უძველესი პროფესია იმის გამო აირჩია, რომ ვალები გაესტუმრებინა და უნივერსიტეტი დაემთავრებინა.

როცა შეიტყო, რომ ჟურნალისტებმა მისი წარსული ამოქექეს, სტილს კომენტარის გაკეთება გაუჭირდა: "არ ვიცი რა ვთქვა, დათრგუნული
ვარ...", - განაცხადა მან.

* * *
29 წლის კაროლინა სტილი სულ ცოტა ხნის წინ ჩაუდგა სათავეში "მენსფილდ თაუნს". "ეს უდიდესი პატივია ჩემთვის - მივიღე შანსი სათავეში ჩავუდგე საფეხბურთო კლუბს" - ასეთი იყო მისის სტილის პირველი სიტყვები, რომელსაც დარემის უნივერსიტეტის აქვს დამთავრებული. ეს სასწავლო დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია და მესამეა სიძველით ინგლისში.

კაროლინა ყოველთვის მეძავი არ ყოფილა - ის კომპანია Bulgari-სა და Gucci-ის თანამშრომელი იყო, ოღონდ არა მოდელად, არამედ აღმასრულებელ და ფინანსურ დირექტორად მუშაობდა. ალბათ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რა გზით მიაღწია მან ამ თანამდებობებს.

ახალი კი ახალი საქმე იპოვნა - საფეხბურთო პოსტზე ვინმე სტივ ბარკერი შეცვალა. მართალია, "მენსფილდი" რანგით მეხუთე დივიზიონში გამოდის, სადაც კლუბების ნახევარს ნახევრადპროფესიული სტატუსი აქვთ, მაგრამ ამან არ უნდა გადაბნიოთ.

თუ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე შეხვალთ, მიხვდებით, რომ ასეთი ხარისხიანი ინტერნეტ-სახლი ბევრ გრანდს არა აქვს, ხოლო მყუდრო და გაწკრიალებული 7-ათასიანი სტადიონი უკან ჩამოიტოვებს უფრო დიდ, მაგრამ მოძველებულ არენებს. ასე რომ, მისის სტილს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე ჩააბარეს.

* * *
როგორც კი მოხერხებულ სავარძელში მოკალათდა, კაროლინა მაშინვე გადამჭრელ ნაბიჯებზე გადავიდა.
"მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი კლუბს მოედნის მიღმა ახალი იდეები შევთავაზო, - განაცხადა ქალბატონმა გენერალურმა მდივანმა, რომელსაც მოყვითალო ბრიტანულმა გამოცემამ The Daily Mail-მა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სექსუალური მენეჯერი უწოდა.

- უდიდესი ენთუზიაზმი მაქვს. უკვე ჩავატარე რამდენიმე წარმატებული შეხვედრა ჩვენს ყველაზე აქტიურ გულშემატკივრებთან.

მინდა გამოვაღვიძო ჩვენი ჩაძინებული ფანები. და ამას ახალი, აქამდე არნახული ინიციატივებით გავაკეთებთ. ვაპირებ ჩავატარო უდიდესი სამუშაო ადგილობრივი საქმიანი საზოგადოების წამყვან წევრებთან ურთიერთობის განსავითარებლად. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ კლუბი დამოუკიდებელი და წარმატებული გახდეს".

მსგავსი ბანალური სიტყვები ამ შესანიშნავი ლედისგან სხვანაირად ჟღერს, ვიდრე ამას რომელიმე ჭაღარა ან მელოტი მოხუცი იტყოდა.

"ჩვენ ფანტასტიკური გუნდი გვყავს, - დაასრულა გამოსვლა მისიმ სტილმა. - ბედნიერი ვარ, რომ კლუბის ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მომენტში ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა დავიკავე".

მართლაც, მომენტი მეტად მოხერხებულია. 2010 წლის სექტემბერში 100 წელს გადაცილებული კლუბი (ის 1897 წელს არის დაარსებული) ბიზნესმენ ჯონ რედსფორდის ხელში მოხვდა. მან ინგლისის მეხუთე დივიზიონის საზომით უდიდესი თანხა ჩადო კლუბში - 500 ათასი ფუნტი.

"მენსფილდი - ჩემი მშობლიური ქალაქია, მე აქ სკოლაში დავდიოდი. მინდა აქაური კლუბი ძველ სიმაღლეებზე დავაბრუნო. დაფინანსების პრობლემა აღარ იქნება", - ამბობს ბიზნესმენი. "ძველ სიმაღლეში" რედსფორდი გულისხმობს პირველიდან მეოთხე დივიზიონში თამაშს - ამის ქვემოთ უკვე ნახევრადპროფესიული დონეა.

ახალი მეპატრონის მისვლის შემდეგ საქმეები მართლაც გამოსწორდა, მაგალითად, რედსფორდის ხელში პირველი მატჩი "მენსფილდმა" 4:0 მოიგო. ხოლო ბიზნესმენის გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ კაროლინ სტილიც მოვიდა. მან ერთ დღეში აქცია მოკრძალებული კლუბი ქვეყნის მთავარ სპორტულ ნიუსმეიკერად. ისტორია ასევე დუმს იმის შესახებ, რა აკავშირებს სტილს რედსფორდთან.

კონკურენტი
თუმცა სტილს არ ეკუთვნის რეკორდი - ის არ არის ინგლისურ ფეხბურთში ყველაზე ახალგაზრდა ქალი მმართველი. 1993 წელს "ბირმინგემის" აღმასრულებელი დირექტორი გახდა კარენ ბრედი. იმ მომენტისთვის გოგონა 23 წლის იყო.

კარენს უფრო მოკრძალებული პოსტი ჰქონდა, ვიდრე მის დღევანდელ კონკურენტს, სამაგიეროდ, ათი წლის შემდეგ მისი კლუბი პრემიერლიგაში გადავიდა. უფრო მეტიც, 1997 წელს ბრედმა სრულიად ბრიტანეთის რეკორდი დაამყარა - ალბიონში დარეგისტრირებული ღია სააქციო საზოგადოების ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი (არა მარტო ქალებს შორის) გახდა. იმ წელს "ბირმინგემი" ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გავიდა.

მაგრამ ქალბატონი ბრედისთვის მართლაც გამორჩეული იყო 1995 წელი. მან არამარტო 98-ე ადგილი დაიკავა ბრიტანული ჟურნალის FHM-ის მიერ შედგენილი ყველაზე სექსუალური ქალბატონების სიაში, არამედ გათხოვებაც მოასწრო.

რა თქმა უნდა ფეხბურთელზე. მისი რჩეული გახდა კანადის ნაკრების ფეხბურთელი პოლ პესკოსოლიდო - "ბირმინგემის" ნახევარმცველი 1992-94 წლებში. ახლა წყვილს ორი შვილი ჰყავს. კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი ცოლის მსგავსად საკლუბო მენეჯერი გახდა.

ამ საუკუნის ათიანი წლების ბოლოს ბრედის კარიერაში ახალი საქმე გაჩნდა. ის ახლა "ვესტ ჰემის" ვიცე-პრეზიდენტად მუშაობს. ჟურნალმა Cosmopilitan-მა "ბირმინგემის" ხელმძღვანელი გამარჯვებულად გამოაცხადა ნომინაციებში - "წლის ქალი" და "ქალი, რომელმაც შეცვალა სამყარო". რამდენიმე ბრიტანული გაზეთის ვერსიით ის მოხვდა პლანეტის ყველაზე გავლენიანი ქალბატონების რიცხვში.

ახლა, კარენ ბრედი 42 წლისაა, ასე რომ, კეროლინ სტილს 13 წელი აქვს იმისთვის, რომ დაეწიოს და გაასწროს კონკურენტს. რა თქმა უნდა, მხედველობაში გვაქვს მენეჯერული მიღწევები, რადგან სილამაზეში შეჯიბრი უაზორობად მოსჩანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული