დაფასება არც მწვრთნელებს აქვთ ჩვენს ქვეყანაში. ~დინამოს" მწვრთნელმა კახი კაჭარავამ განაცხადა, მატჩამდე მეტოქის თამაშს რამდენჯერმე ვუყურებ ხოლმეო. არ ეკუთვნის ახლა ამ კაცს ჯილდოები და პრემიები? წარმოგიდგენიათ, კაცი საქართველოს ჩემპიონატის ერთსა და იმავე თამაშებს რამდენჯერმე უყურებს?
იქით კიდევ ფიფა გვებრძვის. ზეპ ბლატერმა თქვა, კარგი იქნება, ფრეები რომ გავაუქმოთო. გვძირავს რა! ეგრე ხომ წინა შესარჩევში ის 3 ქულაც აღარ გვექნებოდა და ბოლო ადგილზე გავიდოდით! რაა? ისედაც ბოლოზე გავედით? სამაგიეროდ, რა ამაყად გავედით! მთელი 3 ქულა! ვინ რას გაიგებს მომავალში, ეს 3 ქულა ფრეებით ავიღეთ თუ სტუმრად იტალიას მოვუგეთ? მე ეგრე ვეტყვი ჩემს შვილიშვილებს, რომ სტუმრად იტალია გავამწარეთ და თქვენი არ ვიცი.
ნაკრებს შევეხეთ და, იმასაც ვიტყვი, რომ, როგორც კი ჩვენი გუნდი მოლდოვიდან გამოფრინდა, ცოტა ხანში ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გამოჰყვა და საქართველოში ჩამოვიდა. რა ყურადღებიანი კაცია. ეტყობა, ჩვენებს რაღაც დარჩათ გასახდელში და ჩამოგვიტანა.
მოლდოვასთან თამაშის შემდეგ ორი ქართველი მცველის ინტერვიუ წავიკითხე და თითქმის ერთნაირი ფრაზები მომხვდა თვალში - უკეთ თამაში გვმართებდა, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ერთი ტაიმი 10 კაცით ვითამაშეთო. უცნაურია, ღმერთმანი! როგორც მახსოვს, ლობჟანიძე 75-ე წუთზე გააძევეს და კაცნაკლულები მხოლოდ 15 წუთი ვიყავით. ახლა მივხვდი, რისი ბრალია ჩვენი ამდენი წარუმატებლობა. ჩვენს ფეხბურთელებს ტაიმის ხანგრძლივობა 15 წუთი ჰგონიათ და დანარჩენი 30 წუთი, ალბათ, მსაჯის მიერ დამატებული დრო.
ქართულ ფეხბურთზე განვაგრძობ საუბარს და სიხარულით აღვნიშნავ, რომ შოთა არველაძის პირველი ოფიციალური მატჩი მთავარი მწვრთნელის რანგში წარმატებული გამოდგა. მისმა გუნდმა სტუმრად 2:0 მოიგო. ~ქაისერისფორის" მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ინტერვიუში თქვა, თითქმის თავდამსხმელის გარეშე ვთამაშობდითო. რა გაუკვირდა ნეტავ? ეტყობა, საქართველოს ნაკრების თამაშები არ უნახავს წინა ორი წლის განმავლობაში.
უცხოურ ამბებსაც შევეხები და ჩემს მოსაზრებას ვიტყვი მადრიდის ~რეალის" ახალ შენაძენებზე. მოგეხსენებათ, ამ კლუბმა ორი გერმანელი შეიძინა - ხედირა და იოზილი. კი ბატონო, ძალიან კარგი, მაგრამ რატომ არ იყიდა პოდოლსკი, კლოზე ან ბოატენგი? რა, ვისზე ნაკლები გერმანელები არიან, ვერ გავიგე?
ლიბერიაში კი, ჟორჟ ვეა კვლავ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ვინც იცით, შეგახსენებთ და ვინც არ იცით, მოგახსენებთ, რომ ვეამ წინა არჩევნებზეც იყარა კენჭი და მცირედით წააგო ახლანდელ პრეზიდენტთან. ამბობენ, ახლაც მოქმედი პრეზიდენტია ფავორიტიო. ვინ ჰყავთ ნეტავ ლიბერიაში ვეაზე მაგარი? და თუ ჰყავთ, რატომ არ ათამაშებდნენ ნაკრებში?
ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა პოლ გასკოინმა ისევ დალია და ჩხუბი და გინება ატეხა, პიტერ კრაუჩი მეძავთან გამოიჭირეს, ალექს ფერგიუსონმა ახალი კევი იყიდა... მოკლედ, პრემიერლიგა დაიწყო!
ხშირად გამიგია ფრაზა - სიმაღლეში რა ჭკუააო? (ძირითადად ტანდაბალი ადამიანებისგან). მართალი ყოფილა თურმე. ეს კრაუჩი ამხელა აყლაყუდაა და ტვინი არა აქვს თავში. იმ მეძავს თურმე 1250 დოლარი გადაუხადა ერთ ღამეში. შე კაი კაცო, დაჯექი თვითმფრინავზე და წამოდი. ორი თვე იგულავებდა მაგ ფულით პავლოვ-პეკინზე.
ინგლისში ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ფერგიუსონმა ბებე ისე იყიდა, მისი თამაში არ ენახაო. როგორ ნახავდა? ბებე ~ქაღალდის ტყვიაში" თამაშობს და ფერგიუსონი კიდევ ~რუსთავი 2"-ს არ უყურებს... ამბობენ, უფრო ~კავკასია" მოსწონსო.
პირველ ტურში ერთი მძლავრი მატჩი იყო - ~ლივერპული"-~არსენალი". მერსისაიდელები (რომლებმაც კაცნაკლულად მართლა ერთი ტაიმი ითამაშეს) 1:0-ს უგებდნენ ბოლო წუთამდე ლონდონელებს და რეინას მიერ გაშვებული კურიოზული... არა, სულელური გოლით ფრესღა დასჯერდნენ. რაღაც საშინელი უიღბლობა დასჩემდა ამ გუნდს, შარშან მოედანზე გადმოვარდნილ ბუშტს მოხვდა ბურთი და ისე გავიდა რეინას კარში, ახლა თვითონ რეინამ ძელიდან ასხლეტილი ბურთი შეაგორა ხაზს იქით... მოკლედ, მე თუ მკითხავთ, ეგ გუნდი გათვალულია და აუცილებლად პუიოლი უნდა დაკლან.
მატჩის შემდეგ ახალმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა რეინა დაიცვა, მხარი სტკიოდა და იმიტომ ვერ აიღო ეგ ბურთიო. ახლა ალბათ იტყვის, ~ტრაბზონსფორთან" ჯო კოულმა პენალტი იმიტომ ვერ გაიტანა, რომ ბავშვობაში ეზოში წაიქცა და ფეხი გადაიყვლიფაო. მოკლედ, რეინამ ~ლივერპულის" ფანებს გულები დაუხეთქა და კიდევ კარგი, რომ კრის დე ბურგი (მერსისაიდელების დიდი ფანი) მაგ დროს კონცერტის დასაწყებად ემზადებოდა და ვერ უყურა, თორემ რაც წვიმამ ვერ მოახერხა და ვერ ჩაშალა კონცერტი, რეინა მოახერხებდა.
გასაკვირი ამბავი გავრცელდა ინგლისში - თურმე დევიდ ბექჰემის დას ისე უჭირს, რომ სახელმწიფოსგან თვეში 164 გირვანქა სტერლინგის დახმარებას იღებს. ბექჰემი, რა თქმა უნდა, უხერხულში ჩავარდა და განაცხადა, რა ვქნა, ვერ ვუგზავნი ამერიკიდან ფულს, არც ერთი ნაცნობი არ მიფრინავს ამ დღეებში, ლონდონში რომ გავატანოო.
გაირკვა, რომ ფაბიო კაპელო კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ კიდევ ორი წლით დარჩება ინგლისის ნაკრების სათავეში. მისი ხელფასი წელიწადში 7,3 მლნ ევროს შეადგენს. ანუ დღეში გამოსდის 20 ათასი ევრო. და რას აკეთებს სამაგისოს ეს კაცი? ინგლისის ნაკრებს მაინც ვერაფერს შველის და ეგრე მეც ვუყურე ~ლივერპულ"-~არსენალს". კაი, არ მინდა 20 ათასი დღეში. თვეში მომცენ, არაა პრობლემა, გავიტან როგორმე თავს.
კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ისაა, რომ დიეგო მარადონას ~ასტონ ვილას" მწვრთნელობა სურს. არადა, რა კარგი გუნდი იყო შარშან ~ასტონ ვილა"...
ბოლოს, როგორც წინა ~შაბათობისას" დაგპირდით, ამ რუბრიკაში მკითხველის მიერ გამოგზავნილ ხუმრობებსაც გამოვაქვეყნებ ხოლმე. აი, ხუმრობა, რომელიც გამომიგზავნა მკითხველმა სახელად - ლადო31:
რუსეთში ფიფას დელეგაცია იყო ჩასული, რომელიც პუტინმა მიიღო. რუსებს 2018 ან 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე აქვთ პრეტენზია. ეს პრეტენზია პუტინმა იმ არგუმენტებით გაამყარა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას ძალიან უყვარს ფეხბურთი. ეგ თუ მართლა ასეა, ყველანაირი ლოგიკით რუსეთში ჯერ უნდა გაიმართოს მსოფლიოს ჩემპიონატები არყის სმასა და მჟავე კიტრის მიყოლებაში, გრძელ რიგებში დგომასა და ქართველი კაცებისადმი მიდრეკილებაში (ქალთა შორის).
დიდი მადლობა ლადო31-ს და შეგახსენებთ, რომ ყველას შეგიძლიათ გამომიგზავნოთ თქვენი ხუმრობები აქტუალურ სპორტულ მოვლენებზე.
პ.ს. საქართველოსთან მატჩის წინ საბერძნეთის ნაკრებიდან ორი ფეხბურთელი წავიდა. ეგ რას ნიშნავს ნეტავ? ცხრანი გვეთამაშებიან თუ როგორ იქნება?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"