- პირველად 1998 წელს ავიღე ხელში ფოტოაპარატი და გადავწყვიტე ფირზე აღმენუსხა
და აი, 13 წელიწადია, დავით კვაჭაძემ ჩამოხეული აფიშების ნაკვალევი, ქაღალდის ნაფლეთებშერჩენილი თუ საღებავაქერცლილი კედლები სიუჟეტებად აქცია. როგორც ქევთევან კინწურაშვილი შენიშნავს: ყინულში, თოვლზე, ჩრდილში, ჩამონახევებში მისტიკურ ფიგურებს კითხულობს, და, პოეტის დარად, სამყაროს ჩვენგან განსხვავებული თვალით უყურებს.
სახელოვანი სპორტსმენის არქივში სხვადასხვა ჟანრის, განსხვავებული ხედვის ორი ათასამდე ფოტოსურათი ინახება, რომლებშიც ნათლად ჩანს მათი ავტორის სამყაროსადმი დიდი სიყვარული და ფაქიზი დამოკიდებულება. დავით კვაჭაძეს დღემდე 27 ფოტოგამოფენაში მიუღია მონაწილეობა. ერთ-ერთი გასულ შაბათს თბილისში - აბაშიძის 85-ში გაიხსნა. ახალი ექსპონატები ორი დღის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა დაათვალიერა.
- როცა "სანადიროდ" ვარ განწყობილი, ქუჩაში ყოველთვის მარტოკა დავეხეტები, რომ ეპიზოდი არ გამომეპაროს. ზოგჯერ მიმალული სილამაზის საძებნელად კილომეტრების გავლაც მიწევს. ჩემს სურათებში ბევრი აბსტრაქციაა?.. ჰო, მხატვრობასთან ახლოს არის, - ამბობს სახელოვანი მოკრივე.
- თუ გიცდიათ, რინგზეც დაგენახათ მსგავსი რამ?
- იქ უფრო რეალობა სჭარბობს, თუმცა ვინ იცის... ჯერ არ მიცდია.
- კრივს საერთოდ ჩამოშორდით?
- არაერთხელ მიცდია დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ. შარშან კრივის კლუბი გავხსენით, მაგრამ ის შენობა გაიყიდა და ქუჩაში აღმოვჩნდით. ვნახოთ, იმედს მაინც არ ვკარგავ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"