თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელის დავით მუჯირის კურიოზები

AutoSharing Option
"დაყრუებული" გოლკიპერი
გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებია. კახეთში მეგობარ გელა ნადირაშვილს ვეწვიეთ სტუმრად მე, ნოდარ ხიზანიშვილი და ოთარ გაბელია მეუღლეებითურთ.

ქეიფი გვიანობამდე გაგრძელდა. ღამის 2 საათზე მოულოდნელად ავტყდი - თელავში უნდა გადავიდე მოყვრებთან - გინდათ თუ არა-თქო. ბევრი მიშალეს, მაგრამ მთვრალი გურულის გადარწმუნება ასე ადვილია?! ქალებს უკვე ეძინათ. ნოდარ ხიზანიშვილი მომიჯდა გვერდით. არც ოთარ გაბელია აღმოჩნდა წინააღმდეგი, "სადაც თქვენ, მეც იქო" და "ჩაესვენა" უკანა სავარძელში.

ნახევარ საათში მთელი სამოყვრო ჩემი მანქანის სიგნალის ხმამ გააღვიძა:
- ჰეეეი, მასპინძელო! მოვიდა თქვენი საყვარელი სიძე! - ვიძახი ომახიანად. დიდხანს არც გავჩერებულვართ. არც ოჯახში შევედით, იქვე, მანქანასთან გამოიტანეს პურმარილი. მანქანაში მაგნიტოფონი მაქვს ჩართული და ბოლო ხმაზე აწეული. გუგუნებს იქაურობა. როგორც მივედით, ისევე მალე გამოვბრუნდით. მე და ნოდარმა კი შევსვით ოთხ-ოთხი სავალდებულო სადღეგრძელო, გაბელიას საერთოდ არ დაულევია ერთი უმარტივესი მიზეზის გამო... ეძინა... გზაში დაგვათენდა.

მეორე დღეს, გავიღვიძეთ.
- როგორ ხარ? - ვეკითხები ეზოში გამოსულ ოთარს. ხმას არ იღებს.
- როგორ ხარ, როგორ?! - გავუმეორე. მაგრამ ახლაც უშედეგოდ. არ იღებს ხმას და იღიმება კეთილად:
- რა მოუვიდა ამას? - გადავხედე ხიზანიშვილს.
- რა ვიცი მე! - აიჩეჩა მხრები, თუმცა მალე "მიხვდა":
- ბიჭო - მეუბნება - როგორ გიპასუხებს ეგ კაცი. დაგავიწყდა, მეგრელი როა? მეგრულად უთხარი.
იცოცხლე, დავატრიალე მეგრული კითხვები, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. გაბელია ხმას არ გვცემს.

როგორც იქნა მივხვდით. უკანა სავარძელზე რომ ეძინა, თურმე თავი მაგნიტოფონის დინამიკზე ედო და ძილში "გამოყრუებულა". შევუდექით მკურნალობას თბილისში. ექიმმა გვითხრა საშიში არაფერია, დრო უნდა და გაუვლისო. დავმშვიდდით, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ერთი კალენდარული მატჩი გამოატოვებინა - მაყურებლის ხმას მაგი ვერ გაიგონებს და კარში დგომის დროს რომ ჩაეძინოს დავიღუპებითო.

მის მერე ოთარი უკანა სვარძელზე დაჯდომას ყოველთვის ერიდებოდა.

მომიკიდე-რა!
კუბიშევში გვქონდა გასვლითი მატჩი. თამაშის შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით, რადგან იმ ღამეს ფრენა არ იყო და მოვეწყვეთ ნომერში მე, ვახტანგ (ტუხა) ქორიძე და შოთა ხინჩიგაშვილი.

არ გვეძინება შთაბეჭდილებებით დახუნძლულებს, რაღაცნაირ ეიფორიაში ვართ. მე და ტუხამ გავახურეთ კარტის თამაში. შოთა ჩვენზე "წესიერი" აღმოჩნდა და თამაშზე უარი თქვა. იჯდა და გვიყურებდა მოწყენილი და ჩაფიქრებული.

ტუხამ "მალბოროს" (მაშინ მაგარი სიგარეტი იყო) კოლოფი გახსნა და ვეწევით ხამუშ-ხამუშ. შოთა საერთოდ არ ეწეოდა და კაეშანი უფრო მოეძალა.

სად გვცალია მაგისი კაეშანისთვის. მე და ტუხა ვუბერავთ, ერთდროულად კარტს და სიგარეტს.

არსებობს ბუნებაში თავისებური კანონზომიერება: "ღმერთი ნეტარებას ბოლომდე არ გაცლის". გაგვითავდა ასანთის ღერები. ერთი ცალიღა დარჩა. არადა, ჩვენს გარდა ყველას ძინავს, ვერ ვიშოვით.

ტუხამ გამოსავალი მოძებნა. დარჩენილი, ბოლო ღერით მოუკიდა სიგარეტს და მმოძღვრავს:
- რაია თუ იცი! - ახლა მე მოვწევ, ბოლომდე რომ მოვწევ, მერე იმ ნამწვავიდან შენ მოუკიდე და შენ რომ ბოლოში ჩახვალ - მერე მე მოვუკიდეთ და მე რომ ბოლოში ჩავალ შენ ... მოკლედ, გულმოდგინედ ვიცავთ რიგს.

ეს "აღმოჩენა" არც თუ "რენტაბელური" გამოდგა, ასე მიჯრილად და იძულებითი მოწევისგან ისე გავლურჯდით, ერთმანეთს ვეღარ ვცნობთ.
- ე ბიჭო, ცოცხალი ენციკლოპედია ხარ და მოიფიქრე რამე თუ არა ისე გავიბერე ამ სიგარეტის ბოლით, საცაა ბუშტივით გავფრინდები ჰაერში-მეთქი - შევძახე ტუხას. ტუხა რისი ტუხაა გამოსავალი არ მოეძებნა და ეცა შოთას:
- ე ბიჭო ახლა შენ გადაუკიდე ჩვენიდან და ჩვენ ცოტას შევისვენებთ ამასობაში! - დაავალა ხინჩიგაშვილს.
- რას ამბობთ თქვენ! - გადაგვერია შოთა - ვჟიზნი არ მომიწევია და...
- რას ჰქვია არ მოგიწევია! - გაუბრაზდა და რა გაუბრაზდა ტუხა - არ მოგიწევია და ახლა მოწიე! ვერ ხედავ, რომ ვიღუპებით ორი კაცი ერთი გუნდიდან. "ს ატრავლენიემ ნიკოტინა?!" - "ჩაურუსულა" მეტი დამაჯერებლობისთვის. სხვა რა გზა იყო და შოთამ იკისრა, მოუკიდა და "მორიგეობს". ჯერ ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მეორე და მესამე ღერი უფრო ადვილად გადაიტანა. ეგ კი არა, მეოთხე და მეხუთე თვითონ გამოგვგლიჯა ხელიდან. გათენდა კიდევაც და გამოვფრინდით თბილისში.

შოთა იმ დღეს მერე უსიგარეტოდ აღარ გვინახავს. მიეჩვია ერთ ღამეში.

კაცმა რომ თქვას სწორიცაა, თუ მეგობარი ხარ, ბოლომდე უნდა იმეგობრო, ძმაო!

გადაბრუნდი, მუჯირი!
ეს ამბავი ანეკდოტად დადიოდა ქალაქში თავის დროზე.

ჩვენს სტადიონზე მოსკოვის (აღარ მახსოვს) რომელიღაც პრესტიჟულ გუნდს ვეთამაშებით. თამაში მართლაც აზარტული და საინტერესო გამოდგა. ძალს ჩვენ ვართ, ძალს - რუსები. გახურდა და რა გახურდა თამაში. ისეთი ტემპი შევთავაზეთ თბილისელ გულშემატკივრებს, რომ სტადიონზე ყურთასმენა აღარაა. ბღავილამდეა მისული მაყურებელი.

ჩვენი მორიგი შეტევაა, არც მთლად ზუსტი, მაგრამ უსწრაფესი. "პასი" გამოუშვეს ჩემსკენ. "ავიწყვიტე" ადგილიდან, ბურთს მივწვდი, მაგრამ ნამეტანი წინ გავიგდე. გავიგდე და გამოვენთე, მაგრამ ბურთი ჩემზე სწრაფი გამოდგა, არ შევშინდი, მივსდიე ბოლომდე და მე და ბურთი ერთად აღმოვჩნდით მოედნის გარეთ მოწინააღმდეგის კარის გასწვრივ.

აბღავლებული სტადიონი გაწბილებისგან ერთბაშად ჩაქრა, ჩაინავლა და ჩადუმდა. ამ სიჩუმეში მოულოდნელად გავიგონე ტრიბუნებიდან გამოტყორცნილი გულშემატკივრის "სოლო შეძახილი"
- მუჯირი!!!! დათოოო!!!

ინსტიქტურად გავიხედე ხმის მიმართულებით. აშკარად ვიგრძენი, ან "დაღუპული" ქუთაისელი ფანი იყო, ან "გამშპარი გურული".

ხმას როგორ ამოვიღებდი მაგრამ "სოლო გამომსვლელი" მიხვდა, რომ გავიგონე მისი ხმა:
- გასული ხარ, "დამკაში", გასული და... გადაბრუნდი ახლა... გადაბრუნდი!!!

პუპუ, პუპუ!
ერთ ჩვენს ფეხბურთელს (გვარს შეგნებულად არ ვამბობ) ერთი საფეხბურთო მომენტის დროს სამი კბილი ჩამოტყდა (უარესებიც ხდება) და მერე პროტეზი ჩაისვა. ეს ისე მოხდა, რომ იმ პროთეზების ამბავი ჩვენ არ გაგვიგია (ზოგი სტომატოლოგი მართლაც "მხეცია"). ასე 2 თვის შემდეგ მოსკოვის "დინამოს" ვეთამაშებით ჩვენთან, თბილისში.

ძალიან კარგ პოზიციაში მივიღე ბურთი და უცბად, ზემოთ რომ მოგახსენეთ - ის ფეხბურთელი მეძახის:
- პუპუ, მომე ბურთი - პუპუ!

უკეთეს პოზიციაში იყო კაცი და ელვისებურად გავუგზავნე "პასი".

რად გინდა მერე... ბურთისკენ გაიხედა გგონიათ? არ გეტკინოთ არაფერი. ბურთმა იარა, იარა და გადაკვეთა გვერდითი ხაზი. გავშრი კაცი... ეს შტერი, რომელმაც პასი მომთხოვა ცირკის ცხენივით ტრიალებს იქვე, ორი მეტრის რადიუსის სიბრტყეზე და ჩაშტერებია მწვანე ბალახს.
- რა ქენი კაცო ეს! - მივვარდი აქლოშინებული, თუ თავი არ გქონდა, რას მთხოვდი ბურთს - პუპუ, პუპუო! - დავაყარე საყვედურები.
- მაცალე კაცო შენ! მაცალე - შემაკავა ხელით. რა მეპასება, რა!
- რა იყო, დეპეშა ხოარ მიიღე ცუდი? - შემეშინდა.
- დეპეშა კი არა, "მუმუ" უნდა დამეძახა და ამ პროტეზების გადამკიდემ "პუპუ" დაგიძახე და ამომივარდა პირიდან. მომაძებნინე თუ არა გაგიხეთქავ თავსო. ვიღას ახსოვდა თამაში, ის 300 დოლარიანი პროთეზი რომ ვინმეს ფეხით გაეტეხა ხომ მართლა მომკლავდა!
შევუდექით "ჭიავ, ჭიავ მაპოვნინე"-ს და მალევე ვიპოვეთ, ისე რომ მაყურებელს არაფერი გაუგია, არადა, ნაღდად იღუპებოდა კაცი. ვაა, რა ბედი მაქვს!!!

ვაი, წელიიი!!!
იტალიაში ვართ. ხვალ მაგარი საპასუხისმგებლო მაჩტია. მე და შოთა ხინჩაიგაშვილი ერთ ნომერში ვართ სასტუმროში. ღამეა... გვძინავს და შოთას ხმა მაღვიძებს:
- ვაი წელიიი... ვკვდები, წელიიი!!! დავაყურე... ცოტა ხანს გაჩუმდა, მაგრამ ისევ ატეხა:
- წელიიი!! - მიშველეთთ!!! - არადა, ძინავს კაცო.
ავანთე შუქი, ვუზილავ წელს. გგონიათ იღვიძებს? "კარგია, კარგი, მიდი, მიდი!" მეც, ერთგული მეგობარი თავს არ ვზოგავ, მასკდება ოფლი.
- მადლობა ანზორ! - თქვა ბოლოს და... გააგრძელა ძილი.
მეორე დღეს ვარდივით გამოიყურებოდა, არც წელი ახსოვდა და, რა თქმა უნდა, არც ტკივილი. მაგრამ ჩემს გულს ღრღნიდა შეურაცხმყოფელი ეჭვი: "რატომ მადლობთ ანზორ და არა დათო?"
- კარგად მოგიხდა ხომ ჩემი მასაჟი? - ვეკითხები გამომცდელად.
- შენ რა შუაში ხარ, მადლობა ანზორ გაბიტაშვილს უნდა ვუთხრა, გადამარჩინა კაციო.
...თურმე სიზმარში ხედავდა, რომ მასაჟს ჩვენი ექიმი ანზორ გაბიტაშვილი უკეთებდა.
ბედია ეს?!!!

მურმან მერკევილიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული