კომპიუტერული თამაშის - "ქართული სპორტი" პრეზენტაცია გუშინ "სპორტ კაფეში" გაიმართა. სპორტულ-შემეცნებითი თამაშის შექმნის ინიციატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა, ონლაინ-ვერსია კი აკა სულავამ დაამზადა და სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული. თამაშში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
კითხვები სამი სირთულისაა. საწყის ეტაპზე საიტი ღია იქნება, სამომავლოდ კი დარეგისტრირებისა და ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხევაში გამარჯვებულებს სამინისტრო დააჯილდოებს. კითხვები შეეხება ქართულ სპორტსა და ქართველ სპორტმენებს, სხვადასხვა წლებში მათ მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს.
ლადო ვარძელაშვილი: "სასიამოვნოა, რომ პრეზენტაციას ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური
თამაშების ჩემპიონებთან ერთად სკოლის მოსწავლეებიც ესწრებიან, რომლებიც მჯერა დიდი სიამოვნებით ითამაშებენ, გამორჩეულები კი სამინისტროსგან საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. თამაში ახალაგზრდებში ხელს შეუწყობს ქართული სპორტის პოპულარიზაციას, რაც ასევე მნიშვნელოვანია".
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური