ქართული სპორტის სტაჟიან გულშემატკივრებს, იმედია, ახსოვთ დოკუმენტური (და არა მხატვრული) ფილმი "პირველი მერცხალი", რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების ქართველ ჰოკეისტებზე მოგვითხრობს. ამ ფილმის რეჟისორი, სწორედ ნუგზარ ლორია გახლავთ.
- უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კინოსტუდიაში დავიწყე მუშაობა, - იგონებს ბატონი ნუგზარი. - ერთ დღეს ჩვენმა რეჟისორმა ვახტანგ კაჯირაშვილმა, რომელიც სპორტის დიდი ქომაგი იყო,
სპორტისადმი არც მე ვიყავი გულცივი და სიამოვნებით დავთანხმდი. ბატონმა ნოდარმა შეგირდებთან ერთად ჯერ ბაკურიანში წამიყვანა, სადაც "ოქროს შაიბის" რესპუბლიკური გათამაშება გაიმართა ექვსი გუნდის მონაწილეობით. პირველი კადრებიც მაშინ გადავიღე. ოპერატორი გახლდათ ნოდარ გიგინეიშვლი. მერე "პირველ მერცხალთან" ერთად შჩოკინოში გავემგზავრე საკავშირო ტურნირზე. ეს იყო 1983 წელს. მახსოვს, მაშინ ბახუტაშვილი საუკეთესო მეკარის პრიზით დააჯილდოვეს.
კოტე ცსკა-ს სასპორტო სკოლაში რომ გადაიყვანეს, მე და ნოდარ დონაძემ მას საბჭოეთის დედაქალაქში ჩავაკითხეთ. ცსკას საციგურაოს დირექტორი იყო ქართველი ანდრონიკაშვილი, რომელიც ყოველმხრივ დაგვეხმარა ისტორიული კადრების გადაღებაში, მაშინ გავიცანი სახელოვანი ვლადისლავ ტრეტიაკი, რომელმაც ჩვენთან საუბარში ძალიან შეაქო კოტე.
ანატოლი ფირსოვმა კი თქვა, რომ ბახუტაშვილს ყველა მონაცემი აქვს, მეორე ტრეტიაკი გახდესო. რომ არა ოთხმოცდაათიანი წლების რთული პოლიტიკური ვითარება, ცნობილი ჰოკეისტის წინასწარმეტყველება ნამდვილად ახდებოდა. ერთიც მინდა დავძინო: მოსკოვში ყოფნისას ფირსოვმა ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონების ავტოგრაფებით დამშვენებული ყვანჭი მაჩუქა, რომელიც დღემდე ჩემთან ინახებოდა, მაგრამ ახლა ყინულის ჰოკეის ფედერაციას მინდა ვუსახსოვრო.
- თქვენ ერევნის ტურნირზეც ახლდით "პირველ მერცხალს".
- დიახ, ფილმში შესულია იქაური ორთაბრძოლების ისტორიული კადრები. მაშინ ჩვენებმა პირველი ადგილი დაიკავეს, მაგრამ ორგანიზატორებმა "პირველი მერცხალი" უკონკურსოდ გამოაცხადეს და პირველობა საკუთარ გუნდს მისცეს. შეჯიბრების შემდეგ ჩვენთან მოვიდა ტურნირის მთავარი მსაჯი და მოგვიბოდიშა - მთავარი პრიზი თქვენ გეკუთვნოდათო: ისე, რა ხართ ქართველები - "რაზდანის" გახსნაზე პირველი გოლი მაჩაიძემ გაიტანა, ჰოკეისტთა პირველ ტურნირზეც თქვენ გაიმარჯვეთო, - ღიმილით დასძინა.
- ფილმი როდის იხილა მაყურებელმა?
- 1986 წელს. საავტორო ტექსტს კოტე მახარაძე კითხულობს - უანგაროდ ითანამშრომლა ჩვენთან. ცოტამ თუ იცის საქართველოში, რომ 1990 წელს "პირველი მერცხალი" კანადის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს და ჰოკეიზე გადაღებულ 100 დოკუმენტურ ფილმს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა.
- სპორტის გულშემატკივრები ხშირად გხედავენ ფეხბურთზე - თბილისის "დინამოს" მატჩებსა თუ ვარჯიშებზე.
- (ეღიმება). იმედია, მიზეზიც იციან: ჭაბუკობისას ფეხბურთს ვთამაშობდი, მერე უნივერსიტეტის გუნდის კარს ვიცავდი. ავტოავარიაში მოვყევი და ნაადრევად დავემშვიდობე აქტიურ სპორტს. ღმერთს ვევედრებოდი, შვილს აეხდინა ჩემი ოცნება. 1994 წელს ლაშა (შინაურები ასე ეძახიან გიორგი ლორიას) "ავაზაში" მივიყვანე ანზორ ანდღულაძესთან. მაშინ იგი რვა წლის იყო. ხუთი წლის წინ ეროვნულ სტადიონზე ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან შეხვედრისას საქართველოს გუნდის კარში ჩემი ვაჟი რომ დავინახე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - ოცნება რეალობად მექცა.
- ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში მამაჩემს დიდი წვლილი მიუძღვის, - მითხრა თბილისის "დინამოს" და ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა გიორგი ლორიამ, რომელიც ჩვენს საუბარს შემოესწრო. - დღემდე დამყვება თამაშებსა თუ ვარჯიშებზე, რჩევა-დარიგებებს მაძლევს, ყველა შეცდომას დაწვრილებით განვიხილავთ, ზოგჯერ ძალიან მკაცრიცაა, ოღონდ ჩემდა სასიკეთოდ. შენიშვნებს, ცხადია, ვითვალისწინებ, ვცდილობ, მატჩიდან მატჩამდე უკეთ გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები. ყველასთვის საამაყო გუნდში ვთამაშობ და მის სახელს უნდა გავუფრთხილდე.
- წლეულს რა მიზანს ისახავთ?
- საქართველოს ჩემპიონობისა და ევროტურნირებზე წარმატებით თამაშის მეტი სხვა მიზანი ჩვენთვის არ არსებობს. მჯერა, რომ ასეც იქნება. ვარჯიშები 9 იანვარს დავიწყეთ ბაზაზე, 13-დან კი ეროვნული ჩემპონატისთვის ბარსელონაში მოვემზადებით.
ფოტო: ნუგზარ და გიორი ლორიები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"