რამდენს ჰყვარებია ნარდი და "ჯა-კო"

AutoSharing Option
გუშინ კულტურის ცენტრ "მუზაში" ორი საინტერესო ღონისძიება გაიმართა - საქართველოს ნარდის ასოციაციისა (პრეზიდენტი თეიმურაზ ქურციკიძე) და კომპანია ევროპაბეთის ერთობლივი ინიციატივით მონარდეთა საახალწლო ტურნირი მოეწყო და სპორტულ რადიო "ჯა-კოს" 6 წლის იუბილესთან დაკავშირებით არაოლიმპიურ სახეობებში 2011 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი დასახელდა.

უპირველესად სარბიელი მონარდეებს დაეთმოთ. შეჯიბრებაში 130 ქალ-ვაჟი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები - გიორგი ასანიძე და რაფაელ ჩიმიშკიანი, ცნობილი ფეხბურთელები - მურთაზ ხურცილა და ვაჟა ჟვანია, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები - ნუგზარ კვაშალი, ეთერ კაკულია, მერაბ გეგეჭკორი, ასევე, თბილისის
მერიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ფატი დავითულიანი, საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და სხვები.

ქალთა ფინალში პარლამენტარმა გურანდა ჯაბუამ ბიზნესმენ ცისანა მჭედლიძეს აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. მესამე ადგილებზე ნაზი ალასანია და გულიკო ჭუმბაძე გავიდნენ. ვაჟებში ყველას საქართველოს პროფკავშირების კულტურის ცენტრის დირექტორმა ნოდარ ტაბიძემ აჯობა. გადამწყვეტ პაექრობაში მან მიხეილ სოსელია დაამარცხა 5:4. მესამე ადგილები ალეკო თეთრაშვილსა და გოგი ყუფარაძეს ერგოთ.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდოები ევროპაბეთის აღმასრულებელმა დირექტორმა ნაზიმ ისმაილოვმა გადასცა.

- ჩვენი მიზანია, ამ აღმოსავლურ ორთაბრძოლას, რომელიც ძალიან უყვართ საქართველოში, მეტი ყურადღება მივაქციოთ. მის აღორძინებას ხელს შევუწყობთ როგორც რეგიონებში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეგულარულად გავმართავთ საინტერესო ღონისძიებებს. წლეულს მაისში გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი, რომელსაც მონტე კარლოში მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დავაფინანსებთ, - გვითხრა ნაზიმ ისმაილოვმა.

მონარდეთა ასპარეზობის დამთავრების შემდეგ სცენა სპორტულ რადიო "ჯა-კოს" დაეთმო, რომელმაც დაარსებიდან 6 წელი იზეიმა.

ტრადიციულად ამ დღესასწაულს დაუკავშირდა არაოლიმპიურ სახეობებში 10 საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენა და დაჯილდოება.

ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად ათეულში ადგილები ასე განაწილდა: 1. ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი), 2.ავთანდილ ცინცაძე (სამბო), 3. გენადი კვიკვინია (მკლავჭიდი), 4. ადამ ოქრუაშვილი (ქართული ჭიდაობა), 5. გიორგი მიქელაშვილი (ძალისმიერი მკლავჭიდი), 6. ავთანდილ ცერცვაძე (სუმო), 7. ავთანდილ ხურციძე (პროფესიული კრივი), 8. უშანგი კუზანაშვილი (სამბო), 9. ირაკლი ტყებუჩავა (კარატე), 10. თეონა ლავრელაშვილი (კიკბოქსინგი). წლის გუნდად მოჭადრაკე ქალთა ნაკრები დასახელდა, წლის რესპოდენტად - ნიაზ მამრიკიშვილი (რაგბი). "ჯა-კომ" სპორტულ რადიოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის ხუთი ეროვნული ფედერაცია გამოარჩია.

საუკეთესოები ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - ნინო სალუქვაძემ, რობერტ შავლაყაძემ, გიორგი ასანიძემ, რაფაელ ჩიმიშკიანმა, ვაჟა კაჭარავამ, ცნობილმა ტელე-რადიოკომენტატორმა და კალათბურთში საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა, "ჯა-კოს" მთავარმა პროდიუსერმა ნინო გურულმა, კარატეში სამგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ლევან გორელაშვილმა, საერთაშორისო არბიტრმა თამაზ გორელაშვილმა დააჯილდოვეს. ღონისძიება სპორტკლუბ "თელას" (ხელმძღვანელები თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეები) მოცეკავეებმა დაამშვენეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული