პერსპექტივები და პრიორიტეტები ქართული სპორტისთვის

AutoSharing Option
გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი რეგიონებში სპორტზე პასუხისმგებელ მუშაკებს - რეგიონალური თუ რაიონული სამსახურების უფროსებს, სპორტსკოლების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამინდმა აუდენციას თავისი დაღი დაასვა - დიდთოვლობის გამო კახეთის წარმომადგენლები ვერ ჩამოვიდნენ.

მინისტრმა სტუმრებს შარშანდელი მიღწევები და 2012-ის მთავარი პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრის პირველი ნაწილი ღია იყო, მეორე კი მედიისთვის დაიხურა.

მინისტრის გამოსვლაში საკმაოდ ბევრ სიახლეზე გამახვილდა ყურადღება, ზოგიერთი ინიციატივა კი დაკონკრეტდა (მაგალითად, სპორტის უმაღლესი სასწავლებლის საკითხი).

2011 წლის სპორტულ მიღწევებზე - ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ 945 სპორტულ ღონისძიებაზე, ჩვენი ათლეტების
მიერ ყველა ასაკში მოპოვებულ 475 მედალზე, 572 არაკომპლექსურ სპორტულ დარბაზზე, 905 ხელოვნურსაფარიან მინისტადიონზე, 28 საცურაო აუზზე, წარმატებულ ფედერაციებზე არ შევჩერდებით, რადგან "ლელო" უკვე წერდა მინისტრის მიერ წლის შემაჯამებელი მოხსენების შეჯამებისას.

ამიტომ ახლა თქვენს ყურადღებას ძირითადად სამომავლო გეგმებზე შევაჩერებთ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონებთან კოორდინაციის გაუმჯობესების, მათთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით შეიქმნა რეგიონალური დეპარტამენტი, რომელსაც წარმომადგენლობა ყველა მხარეში ეყოლება.

თავის მხრივ, ადგილებზე სპორტზე პასუხისმგებელი მუშაკები ვალდებულნი არიან, მასთან გამუდმებით კავშირში იყვნენ და ყველა ინიციატივის თუ პრაქტიკული საქმის შესახებ აცნობონ. ამით სამინისტროს სურს, საზოგადოებამდე მიიტანოს ინფორმაცია იმ სპორტული ღონისძიებების შესახებ, რომელთა უმეტესობა ქომაგისთვის უცნობი რჩება.

ვფიქრობ, ვარძელაშვილის გამოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უმაღლესი სპორტული სასწავლებლის დაფუძნების თემა იყო, როგორც ქართული სპორტის მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი.

მინისტრმა საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა აწ უკვე ყოფილ სპორტის აკადემიასთან დაკავშირებით, რომელსაც მულტიფუნქციური სასწავლებელი უწოდა, სადაც, როგორც მან თქვა, სპორტის გარდა თურმე საინჟინროდან დაწყებული, იურიდიულით დამთავრებული ყველაფერი ისწავლებოდა!

მინისტრმა აღიარა, რომ იმ აკადემიის ნაცვლად ილიას უნივერსიტეტში შექმნილმა სპორტის ფაკულტეტმა ვერ გაამართლა თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თურმე ბევრმა, აბიტურიენტმა უბრალოდ, არ იცის, სად უნდა ჩააბაროს, ხოლო ვინც იცის, იმასაც ჯერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება უწევს, მერე კი სხვა საგნების სწავლაც, "რადგან იქ კონკრეტული სპორტის პროფილი არ ისწავლებოდა".

შედეგად, ის ხალხიც პირველი კურსის დახურვის შემდეგ სხვა ფაკულტეტებზე გადადიოდა. მინისატრმა აღნიშნა, რომ ახალი სასწავლებელი მხოლოდ სპორტული მიმართულების იქნება, სადაც სპეციალურად შეასწავლიან სპორტის კონკრეტულ სახეობებს, საგნებიდან კი მხოლოდ ის ისწავლება, რაც აუცილებელია მწვრთნელისთვის - ბიოლოგია, ანატომია, მეთოდოლოგია...

ამ სასწავლებლის სტრუქტურაზე და საგნობრივ თემატიკაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს განათლების სამინისტროში და ცდილობენ, ეს საკითხი მალე მოაგვარონ, რათა სასწავლებელმა აკრედიტაცია დროულად გაიაროს და ზაფხულში უკვე მოესწროს პირველი კონტიგენტის მიღება. იქ სპორტის ყველა სახეობას საკუთარი ფაკულტეტი ექნება და მსურველებსაც იმ კონკრეტული მიმართულებით მოამზადებენ.

სპორტული სასწავლებლის დაარსება განზრახულია არა აკადემიის ყოფილ შენობაში, არამედ "ქარიშხალას" ბაზაზე, რომელიც სადღეისო პროექტით სპორტკომპლექს "არენასთან" უნდა გაერთიანდეს. პრაქტიკული მეცადინეობებიც იქვე ჩატარდება.

სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მოსწავლეთა შორის სპორტის გააქტიურება დაასახელა, რათა რაც შეიძლება მეტი მოზარდი ჩაებას სპორტში და ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვროს.

საამისოდ აღნიშნული სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რისი უპირველესი შედეგიც საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებელთა გადამზადება იქნება - ისინი გაივლიან გამოცდებს და მხოლოდ წარმატების შემთხვევაში მიიღებენ მასწავლებლად მუშაობის უფლებას.

ვარძელაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ორ სამინისტროს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ არაა საკმარისად მჭიდრო, რაც ქართული სპორტისთვის საზიანოა, თუმცა ამ ხარვეზის მოსაგვარებლად ორივე მხარე აქტიურად მუშაობს. სამინისტროთა თანამშრომლობით მოგვარდება კიდევ ერთი პრობლემა - ოლიმპიური მზადების ცენტრში რეგიონებიდან ჩამოყვანილ ნიჭიერ სპორტსმენთა სწავლის საკითხი.

მათ ხშირად არ აქვთ სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება, რადგან ამ შემთხვევაში სრულყოფილად ვეღარ ივარჯიშებენ.

განზრახულია, ისევ გაგრძელდეს სასკოლო შეჯიბრებები, რამაც შარშან დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა ამჯერად მას კოორდინაციას სასკოლო ლიგა გაუწევს, შეჯიბრებები კი სპორტის 5 სახეობაში ჩატარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მოგვიანებით ამ თემას სპორტული და გასართობი თამაშების ასოციაციის პრეზიდენტი ჯანო ჟვანიაც შეეხო, რომელმაც საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ისაუბრა. ეს ტურნირი ჯერ რეგიონების და რაიონების დონეზე ჩატარდება, გამარჯვებულები კი ფინალურ ეტაპზე გავლენ. ყველა შეჯიბრება - საქალაქო პირველობებიდან დაწყებული ტელევიზიით გაშუქდება.

წლეულს ასაშენებელი თუ სარეორგანიზაციო სპორტული ბაზების სიაში მინისტრმა დაასახელა გორში 3 ათას მაყურებელზე გათვლილი საჭიდაო, ხოლო თბილისში ტანვარჯიშის დარბაზის აშენება; ასევე დედაქალაქში მძლეოსნობის დახურული მანეჟის, საჩხერეში კი ძალოსნობის დარბაზის რემონტი; თბილისსა და ქუთაისში არსებული ოლიმპიური მზადების ცენტრების რეორგანიზაცია, რათა ერთი აღმოსავლეთის, მეორე კი დასავლეთის ცენტრებად იქცნენ.

თან ამ ბაზებთან დაკავშირებით ლაპარაკია საერთაშორისო სტანდარტებზე, სადაც შეიძლება პირველხარისხოვანი შეჯიბრებების გამართვა, თუნდაც 2015 წელს ჩასატარებელი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში.

სამწუხაროდ, საქართველოში "საერთაშორისო სტანდარტმა" ქართული ინტერპრეტაცია შეიძინა, თუმცა ვიმედოვნებთ, ამჯერად ბაზები მართლაც ყველა სტანდარტის დაცვით აშენდება (მათ შორის გაითვალისწინებენ პრეს-ცენტრისა და პრეს-ლოჟის ადგილსაც) და მართლაც შევძლებთ პირველხარისხოვანი შეჯიბრებების მასპინძლობას.

მინისტრი დაგვპირდა, რომ ბათუმს ექნება იმ თანამედროვე ტემპების შესაფერისი სტადიონი, როგორითაც ეს ქალაქი ვითარდება. მან ასევე დიდი ყურადღება დაუთმო თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სპორტული მედიცინის ცენტრის აუცილებლობას. მისი თქმით, ამაზეც მუშაობენ და მოლაპარაკებას აწარმოებენ რამდენიმე ცნობილ ფირმასთან, რომლებსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვთ ფილიალები.

მინისტრმა თბილისში 2015 წელს გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში წარმატებით გამოსვლაში რეგიონების როლსაც გაუსვა ხაზი.

ოლიმპიური წელიწადი დაგვიდგა და მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ 30-32 ლიცენზიას მოვიპოვებთ და ლონდონშიც წარმატებით ვიასპარეზებთ. წლეულსაც გაგრძელდება რაგბის, ფეხბურთისა და კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა მკაცრად გათვლილი ვალდებულებებით. ასევე გაგრძელდება და პრიორიტეტული იქნება მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა, ბავშვთა ფეხბურთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Bლა-Bლა-Bლა
0

სიახლეები პოპულარული