კალათბურთი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილით დაასრულა შესარჩევი ეტაპი და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ასპარეზობაზე მოხვედრაც მომავალ წლამდე გადაიდო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენებმა ძალიან ღირსეულად იასპარეზეს ამ მომქანცველ შეჯიბრებაში და რომ არა შერჩევის ფიბასეული უაზრო და ყოვლად გაუგებარი სისტემა, ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატის მონაწილენი
ჩვენმა ბიჭებმა კი ყველაფერი გააკეთეს წარმატების მისაღწევად და ეს დაუფასდათ კიდეც. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მათ შეხვედრა მოუწყო და მომავალში ყველანაირად გვერდში დგომა აღუთქვა. ისიც ბრძანა, წარმოიდგინეთ, რომ ჩვენც თქვენი გუნდის წევრები _ გამთამაშებლები ვართ, ოღონდ ბურთი თქვენ უნდა ჩააგდოთო. ისე, ძალიან კარგია, რომ ნაკრებს საკმაოდ მაღალი გამთამაშებელი შეემატა _ ბატონი პრეზიდენტი, მაგრამ ცუდი ეგაა, ხანდახან რუსეთის ნაკრების ტანდაბალი ფორვარდები უფარებენ ხოლმე.
გაირკვა ისიც, რომ ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ჩვენი ნაკრები პრემიად 2 მილიონ ლარს მიიღებს. აქამდე თითო გამარჯვებისთვის ბიჭები 50 ათას დოლარს იღებდნენ. შინ მოგებული ყველა თამაშის შემდეგ ჩვენი ნაკრების წევრები ამბობდნენ, რომ მათ ძალიან დაეხმარა გულშემატკივარი, რომელიც გუნდის მე-13 მოთამაშე იყო. ესე იგი, ეს თანხა მაყურებელსაც ეკუთვნის. თითო თამაშს თბილისის სპორტის სასახლეში საშუალოდ 9000 ადამიანი ესწრებოდა. ახლა ეს დოლარები ლარებში რომ გადავიყვანე და გავყავი მაყურებელთა რაოდენობაზე, გამოვიდა, რომ თითო მოგებულ საშინაო თამაშზე თითო ქომაგს 78 თეთრი ეკუთვნის. მე, ცხადია, ყველა მატჩს დავესწარი და მაინტერესებს, სად შეიძლება მივიღო ჩემი კუთვნილი 2 ლარი და 34 თეთრი?
შიდა საკალათბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე კი ჯერ საკმაო დროა, მაგრამ შსს-ს გუნდმა უკვე მოაწყო პრეზენტაცია. როგორც გაირკვა, წინა სეზონის შემდეგ რამდენიმე მოთამაშეს ამნისტია შეეხო და მათ დროზე ადრე დატოვეს გუნდი. სამაგიეროდ, შსს-ში აიყვანეს რამდენიმე კალათბურთელი, რომელთაც უკვე შეეფარდათ 2-თვიანი წინასწარი ვარჯიში და თავის გამოჩენის შემთხვევაში მინიმუმ ერთი წლით მოუწევთ გუნდში დარჩენა.
თურქეთში კი გახურდა საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატი. დღეიდან პლეი ოფები იწყება, სადაც მოხვდა ახალი ზელნდიის ნაკრებიც. ერთ-ერთი გადამწყვეტი შეხვედრა ამ გუნდს ლიბანის ნაკრებთან ჰქონდა და მოიგო კიდეც. ლიბანელთა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ განაცხადა, ზელანდიელთა მიერ შესრულებულმა საბრძოლო ცეკვა ~ჰაკამ" დააშინა ჩვენი მოთამაშეები და მთელი თამაში გონს ვერ მოვიდნენო. აი, რამხელა ძალა აქვს ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მეტოქეზე. მაგიტომაა, სულ ვიძახი, ყველა თამაში ხანჯლურის ცეკვით რომ დავიწყოთ, რომელი ბელგიელი გაუძლებს მაგას?
ჩოგბურთი
წინა კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის ღია პირველობა დაიწყო. რაღა თქმა უნდა, ამ უდიდესი ტურნირისთვის ყველა განსაკუთრებით ემზადებოდა და მათ შორის მარია შარაპოვაც. როგორც მან განაცხადა, ტურნირისთვის 2 კაბა შეარჩია, რომელთაც ძველმოდური საყელო ამშვენებს, მაგრამ ძალიან ლამაზია. დღის მატჩებზე ღია მწვანე კაბას ჩავიცმევო, საღამოს კი მუქ იისფერსო. ის აღარ უთქვამს, ღამე რომ იხვის ჭუკებიან პერანგს იცმევს და ეგრევე შუქს აქრობს ხოლმე, რომ არ დავცინო.
ამასობაში, მორიგ სკანდალში გაეხვია რუსი ანა კურნიკოვა. პაპარაცებმა იგი მაშინ დააფიქსირეს, როდესაც... ჩოგბურთს თამაშობდა.
აშშ-ს ღია პირველობის მთავარი ფავორიტი კი, რა თქმა უნდა, ვინუს უილიამსია. აღსანიშნავია, რომ იგი წლის ყველაზე მძლავრი მოწოდების პატრონია. მან წლეულს ბურთი 207 კმ/სთ სიჩქარით ჩააწოდა. ეგეც ქალაქში, თორემ ტრასაზე ასე 230-240-ს თავისუფლად აწევს.
ტურნირის დაწყებამდე ვინუსმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი ~გზა გამარჯვებისკენ", რომელიც ბესტსელერთა სიაში მე-5 ადგილზეა. მე-4 ადგილზე ყოფილა ჰემინგუეის ~მოხუცი და ზღვა", მაგრამ თუ უილიამსი ნახევარფინალამდე მიაღწევს, იმდენ სარეიტინგო ქულას დააგროვებს, რომ, სავარაუდოდ, გადაასწრებს მას.
ჩაცმას რაც შეეხება, შარაპოვასი არ იყოს, არც უილიამსი იკლებს კორტზე ძვირფასეულობებს. საღამოს კაბის მსგავსი ფორმით თამაშობს, ყელზეც ბრილიანტების სამკაულები უკეთია და ყურებსაც ძვირფასი საყურეები უმშვენებს. მოკლედ, მას და რუს ლამაზმანს რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე, რომ თამაშის მერე გამოცვლას ვერ ასწრებენ და ეგრევე ქორწილში მიდიან ან ბიჭოლას მოდელების ჩვენებაზე.
ფეხბურთი
დაიწყო ევროპის წამყვანი ქვეყნების ჩემპიონატები და გაირკვა, რომ იტალიურ კლუბებში დიდი კრიზისია. წარმოგიდგენიათ, ~მილანმა" იბრაჰიმოვიჩი ნისიაზე იყიდა, ~ბარსას" ფულს მომავალი წლიდან გადაუხდის და ისიც ნაწილ-ნაწილ. საპირისპირო მდგომარეობაშია გერმანული ~შალკე". სანამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი ტრანსფერების ბოლო დღეს 3 ფეხბურთელს ყიდულობდა, კლუბის პრეზიდენტი მთელი დღე ამაოდ ეძებდა სახლში თავის პლასტიკურ ბარათს.
საერთოდ, გერმანიის ჩემპიონატში უცნაურობები ხდება. ქვეყნის დედაქალაქის გუნდი, ბერლინის ~ჰერტა" მეორე ლიგაშია, ბუნდესლიგას კი თავში სოფლის გუნდი ~ჰოფენჰაიმი" უდგას. უფრო კარგად რომ აგიხსნათ, ეს იგივეა, თბილისის ~დინამო" მეორე ლიგაში იყოს, ჩემპიონატს კი ზემო მაჩხაანის ~ჯიგრები" ლიდერობდეს.
გაუგებრობაა გერმანიის ეროვნულ ნაკრებშიც. ვერაფრით რომ ვერ მოაგვარეს კაპიტნის პრობლემა, მწვრთნელმა ასეთი რამ განაცხადა, თუ ბალაკი ფორმას აღიდგენს და დაბრუნდება ნაკრებში, ის იქნება კაპიტანი, იქამდე კი გუნდს ლამი უკაპიტნებსო. შეიძლება ითქვას, რომ გერმანიას ახლა პოტენციურად 2 კაპიტანი ჰყავს. ამით ძალიან ცუდი პრეცედენტი დაუშვა ბუნდესგუნდმა. ხომ შეიძლება, თუ ფორმას აღიდგენს, კაპიტნობა მოუნდეს ტომას ჰესლერსაც, ან ბრემეს, ან ფიოლერს, ან სულაც ბეკენბაუერს?
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ კი ნაკრების წევრებს გააცნო პრემიების ახალი სისტემა, შემოიღო ქცევის კოდექსიც და ნაკრების ფეხბურთელებს მასზე ხელი მოაწერინა. ამ კოდექსში ლაპარაკია იმაზე, როგორ უნდა იქცეოდნენ ეროვნული გუნდის წევრები. თუ რომელიმე მათგანი წესებს გადაუხვევს, პირველ დარღვევაზე ვარჯიშის ბოლომდე კუთხურის ალამთან მოუწევს დგომა, ხოლო დანაშაულის გამეორების შემთხვევაში მწვრთნელები უკვე მოთამაშის მშობელს გამოიძახებენ. თუმცა ეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან გაუჭირდებათ ხანშიშესულ მშობლებს აფრიკის კონტინენტიდან საფრანგეთში ხშირად ჩასვლა.
მსოფლიოს უსწრაფეს ადამიანს, იამაიკელ მძლეოსან უსაინ ბოლტს კი თურმე ძალიან სურს ~მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში და თავის თავს მარცხენა ფლანგზე რაიან გიგზის შემცვლელად ხედავს. ალექს ფერგიუსონის გუნდისთვის ეს ძალიან საინტერესო წინადადება უნდა იყოს. ასეთი სწრაფი ფლანგელით ვინ დაიკვეხნის? სერ ალექსს უფრო კარგ იდეებსაც მივაწვდიდი. კარში დააყენოს სუმოისტი ასაშორიუ (მაინც გააგდეს სუმოდან), ნბა-ს მოთამაშე სტივ ნეში _ გამთამაშებლად (უამრავ ზუსტ პასს აკეთებს), ყოფილი კალათბურთელი დენის როდმანი _ თავდასხმაში (მაღალი ნახტომი აქვს და ჩაწოდებებზე მაგრად ითამაშებს), მაიკ ტაისონს ჯარიმები დაარტყმევინოს (უძლიერესი დატყმა აქვს), საყრდენად მოჭადრაკე ვიშვანათჰან ანანდი შეიძლება (სწრაფი აზროვნება აქვს და წინასწარ გამოიცნობს მეტოქის ჩანაფიქრს) და ნებისმიერ პოზიციაზე რუსი ჭოკით მხტომელი ელენა ისინბაევა (ეს ისე, ესთეტიკურად გაფორმებისთვის).
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
ალბათ გაგიკვირდებოდათ, ფეხბურთში ჩვენმა ნაკრებმა შესარჩევი დაიწყო და ამაზე აქტუალური რაღა უნდა იყოს, რომ არაფერს ამბობსო. ამას 2 მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, როცა ახლა ამ სვეტს ვწერ, თამაშამდე რამდენიმე საათია კიდევ დარჩენილი და შედეგი ჯერ არ ვიცი; მეორეც, ჯერ კიდევ არაა ცნობილი, შეძლებს თუ არა ხალხი მატჩის პირდაპირ ეთერში ტელევიზიით ხილვას თუ ისევ ინტერნეტში მოგვიწევს ~ალ ჯაზირას" არხების ქექვა, სადაც გადაიცემა კიდეც ჩვენი მატჩის რეპორტაჟი. ამიტომ 7 სექტემბრის მატჩზე ვილაპარაკებ, რომელიც ჩვენს გუნდს ისრაელთან შინ აქვს. ბილეთები უკვე რამდენიმე დღეა, იყიდება, რასაც რამდენიმე სიახლეც ახლავს. თურმე 5 ან მეტ ბილეთს თუ იყიდი, საჩუქრად საქომაგო მაისურს გჩუქნიან. 3 და ნაკლებ ბილეთზე შენ ჩუქნი მოლარეს მაისურას. 4 ბილეთზე კი იყრებით. ეს მაისურების ამბავი საკმაოდ პრაქტიკულიცაა. რომ დაინახავ სტადიონზე, ვიღაცას ეს მაისურა აცვია, ჩხუბი არ უნდა აუტეხო. გეცოდინება, რომ მინიმუმ 4 ძმაკაცთან ერთადაა მოსული.
ამის გარდა, გაირკვა, რომ თბილისის უბნებში ივლის მოძრავი სალაროები. ესე იგი, ქომაგებს შეეძლებათ, საკუთარი მანქანის გაუჩერებლად შეიძინონ ბილეთები, თუ გვერდში ამოუდგებიან ამ სალაროებს და იგივე სიჩქარით ივლიან. თუმცა ამან შეიძლება პატრულის დაბნეულობა გამოიწვიოს, რადგან ჯერ საჭესთან ბილეთების გაყიდვა, მობილურზე ლაპარაკისგან განსხვავებით, არაა შეზღუდული. სავარაუდოა, რომ ახლა უბნებში ჩამომდგარი მანქანებიდან ასეთ შეძახილებსაც გავიგონებთ ხოლმე _ აბა, საზამთრო გაჭრაზე, ნესვი, ვაშლ-ატამა, საქართველო-ისრაელის თამაშის აღმოსავლეთ ტრიბუნის ბილეთები...
მოძრავი სალაროები, ალბათ, კიდევ იმისთვის მოიგონეს, რომ, ვისაც სტადიონზე წინასწარ მისვლა და ბილეთების აღება ეზარება, იქვე უბანში იყიდის. ეს ჯერ პირველი ეტაპია. დაგეგმილია, რომ მალე ერთგული, მაგრამ ზარმაცი ქომაგებისთვის მოძრავ სტადიონსაც ააშენებენ და აგორავებენ აქეთ-იქით უბნებში და სულ მალე გვექნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები ბინაზე გამოძახებით.
მოკლედ, დღეს 4 სექტემბერია და გრაფიკით მოძრავი სალაროები ახლა ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზეა. მე დაგემშვიდობებით, ლილოში უნდა გავიქცე ბილეთების ასაღებად. ხომ იცით, იქ მაინც იაფია ყველაფერი და ~ტავარი" მაინც ყველგან იგივეა (რა ვიცი, ასე ამბობენ ხოლმე).