TimeLine: საქართველოს ელჩები

AutoSharing Option
რუბრიკა "ტაიმლაინს" იანვრის ბოლოს ჩაეყარა საფუძველი. სადებიუტო პუბლიკაციაში აღვნიშნე: რადგან საკალათბურთო გვერდზე ვწერთ, შესაძლოა ზოგჯერ ზედმეტი ყურადღება კალათბურთს დაეთმოს-მეთქი. თუმცა აქამდე მიკერძოება არ გამომიჩენია და სხვაზე წინ სპორტის აყლაყუდა სახეობა არ დამიყენებია.

ვთვლი, რომ არც დღეს ვიქნები სუბიექტური: განვლილ შვიდ დღეში ჩვენმა კალათბურთელებმა ისე იყოჩაღეს, რომ მთავარ თემად თუნდაც ფეხბურთის არჩევა სუბიექტური იქნებოდა. თავად განსაჯეთ: 29 თებერვალსაც კი, როცა საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდა, კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა ევროლიგაზე 32 ქულა ჩააგდო და "კანტუს" "ჟალგირისთან" სტუმრად მოაგებინა.

შესაძლოა, კალათბურთს ფეხბურთთან შედარებით ნაკლები
მიმდევარი ჰყავს, მაგრამ შედარება მაინც შეიძლება: მანუს 32 ქულა ევროლიგის ტოპ-16-ში (და ტურის საუკეთესოობა) იმაზე არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე, ვთქვათ, ლევან კობიაშვილის სამი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.

ელჩებიც ასეთები უნდა!
ზაზა ფაჩულიამ ამერიკელ ჟურნალისტებს უთხრა: სპორტსმენები საკუთარი ქვეყნის ელჩები ვართ, საერთაშორისო ასპარეზზე კარგი თამაშით მსოფლიოს ჩვენს ქვეყანას დადებითი კუთხით ვაცნობთო.

მართალიცაა. შესაძლოა ბევრმა გავლენიანმა პოლიტიკოსმა ვერ წარმოაჩინოს საქართველო იმაზე უკეთ, ვიდრე ამას სპორტსმენები აკეთებენ. ამაში ორიოდე დღის წინაც დავრწმუნდი, როცა იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო პეროტიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოს სურათები გამოაქვეყნა და დაწერა:

- კავკასიის ამ ქვეყანაში აუცილებლად უნდა ჩავიდე, შეხედეთ, რა ლამაზი ბუნებაა!

- მხოლოდ ბუნება კი არა, ისტორია, კულტურა, კერძები და კიდევ უამრავი საინტერესო რამ გელით, ჩამობრძანდით-მეთქი, - გავუგზავნე შეტყობინება ბატონ კარლოს, რომელმაც მანამდეც არაერთხელ გამიზიარა აზრი პირად მიმოწერაში.

- მარკოიშვილისა და შერმადინის ქვეყანაში მაღალი კულტურა რომ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარო...

იოლი მისახვედრია, რომ ბატონი კარლო საქართველოთი სწორედ მანუჩარისა და გიორგის გაცნობის შემდეგ დაინტერესდა. თან, ეს ამბავი მაშინ გამოაქვეყნა, როცა ჩვენიანებმა ევროპის მასშტაბით გაიბრწყინეს.

* * *
გადავფურცლოთ უახლესი საკალათბურთო ისტორიის ბოლო რამდენიმე ფურცელი. ყველაფერი იტალიის ჩემპიონატის კურიოზული შეხვედრით დაიწყო, რომლის ეპიცენტრში 216 სმ სიმაღლის გიორგი შერმადინი მოხვდა: "კანტუ"-"ბენეტონის" მატჩის ერთ ეპიზოდში მასზე რამდენჯერმე იუხეშეს, თუმცა მსაჯმა მხოლოდ ბოლოს დააფიქსირა გოლი.

გაბრაზებული გიორგი წამოდგა და მეტოქეს მიეჭრა, თუმცა საქმე ჩხუბამდე არ მისულა - მარკოიშვილმა თანამემამულე აყალმაყალს გამოარიდა.

მალე მსაჯთა კორპუსმა მოედანი დატოვა და თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა. ამის მიზეზად იტალიურ საიტებში გულშემატკივრების აგრესია დასახელდა. თუმცა მაინც გაუგებარი იყო, ისეთი რა ჩაიდინეს, რომ არბიტრმა ასეთი კატეგორიული ნაბიჯი გადადგა.

ამ კითხვით მივმართე გიორგის, რომელმაც სიტუაციაში მალევე გამარკვია: ერთი ახალგაზრდა, ერთგული გულშემატკივარი გვყავს, კარგი ბიჭია, თუმცა იმ მომენტში თავი ვერ შეიკავა და მსაჯს შეაფურთხაო.

იტალიელმა ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ დამნაშავე კანტუში ცნობილი იურისტის ვაჟია... მამა ნახეო, ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება.

* * *
"ბენეტონის" მატჩიდან ორ დღეში შერმადინმა ლიტვაში, "ჟალგირისთან" საევროლიგო რეკორდი დაამყარა - 16 ქულა ჩააგდო. თუმცა ეს ერთგვარად მანუჩარის 32-ქულიანმა თამაშმა დაჩრდილა.

შესაძლოა, ზოგს არც ახსოვს, რომ მანუ ევროლიგაზე 2003 წლიდან თამაშობს, ფინალის გემოც იცის და ზელანდიური ჰაკაც შეუსრულებია. პირველივე სეზონში "ბენეტონთან" ერთად შეჯიბრების ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშა და მეორე ადგილს დასჯერდა. ქართველმა ახალგაზრდამ ფინალში მოედანზე 15 წუთი გაატარა და სამახსოვროდ ერთი ფოტო შემორჩა: სერბ ვარსკვლავ დეიან ბოდიროგას უღობავს გზას. 2005-07 წლებში მარკოიშვილი ევროლიგაზე სლოვენიის "ოლიმპიას" ღირსებას იცავდა და ყოველი მატჩის წინ...

- ჩვენი ექიმი ზელანდიურ ცეკვა ჰაკას ჩართავდა და ჩვენც ამ რიტუალით ვიმაღლებდით საბრძოლო სულისკვეთებას, - გაიხსენა მანუჩარმა.

* * *
გასული შვიდდღეული ამერიკაში გადასვლის შემდეგ ზაზა ფაჩულიასთვისაც გამორჩეული იყო. მართალია, იგი ორმაგ დუბლებს 2005-07 წლებშიც ხშირად ასრულებდა, მაგრამ მაშინ მისი "ატლანტა" ლიგის აუტსაიდერი იყო. ამჯერად ზაზას სამი "დაბლ-დაბლი" ჯორჯიელებს სამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა: "ქორებმა" ჯერ მილუოკელ "ხარირმებს" დაამტვრიეს რქები, შემდეგ ოკლაჰომური "ელვა" ჩააქრეს, ბოლოს "ინდიანა" მისსავე მოედანზე შეარცხვინეს.

კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებთ?
მანუჩარი 2002 წელს გავიცანი. 2003-ის სექტემბერში ტრევიზოში დავურეკე და იტალიის სუპერთასის მოგება მივულოცე, კარგია სეზონი წარმატებულად რომ დაიწყეთ-მეთქი.

მანუჩარმა მადლობა გადამიხადა და მკითხა: რას მილოცავო?..

- სუპერთასის მატჩში "კანტუს" რომ მოუგეთ-მეთქი.
- არ მოგვიგია, დავმარცხდით, - მიპასუხა გაკვირვებულმა მარკოიშვილმა და როცა გავარკვიე, რომ მისმა "ბენეტონმა" "კანტუსთან" 79:85 წააგო, გამომიტყდა:
- არადა, გამიკვირდა, რის მოგებას მილოცავს-მეთქი. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ მეშაყირებოდი... ბოლოს მივხვდი, რომ ანგარიში აგერია.

იმხანად "ბენეტონი" ევროპაში იმდენად სახელიანი გუნდი იყო, რომ იტალიაში "კანტუსთან" დამარცხებას არავინ მოელოდა. მეც უბრალოდ ანგარიშს დავხედე და მეტი რიცხვი "ბენეტონისა" მეგონა.

ცხოვრება დიდი გაკვეთილია - მას მერე ანგარიშებს განსაკუთრებულად ვაკვირდები.

კურიოზს...
გიორგი შერმადინისგან ევროლიგაზე 10-15 ქულას უკვე მივეჩვიეთ. არადა, იყო დრო, მისი მწვრთნელის, ჯამლეტ ხუხაშვილის სიტყვებს ზოგი სკეპტიკურად უყურებდა: მოვა დრო, შერმადინი ევროპაშიც ისევე "დაგლიჯავს", როგორც საქართველოს ჩემპიონატშიო.

საინტერესოა, რომ სკეპტიკოსთა რიგებში ლიტველი ვარსკვლავი შარუნას იასიკიევიჩუსიც იყო. იგი გიორგისთან ერთად "პანათინაიკოსში" თამაშობდა. მართალია, 216 სმ სიმაღლის ქართველს ძალიან ქომაგობდა, მაგრამ მაინც არ სჯეროდა, რომ სერბულ შეკრებაზე ერთ-ერთ საკონტროლო მატჩში 20-ზე მეტ ქულას ჩააგდებდა.

დაენაძლევა კიდეც - თუ გიორგი 20 ქულამდე ავიდოდა, იასიკიავიჩუსს რესტორანში სუფრა უნდა გაეშალა.

ეს ამბავი ბერძნულმა საიტებმა საინტერესოდ გააშუქეს:

"შეხვედრის მსვლელობისას პანათინაიკოსელები მაქსიმალურად ტვირთავდნენ შერმადინს, პასებს არ იშურებდნენ. ქართველიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა 20-იან ნიშნულს. ამასობაში შეხვედრის ბოლოც მოახლოვდა. შერმადინის ანგარიშზე 18 ქულა იყო.

იასიკიევიჩუსი სათადარიგოთა სკამიდან მოვლენებს უჩუმრად ადევნებდა თვალს. მე-20 ქულა გიორგიმ ბოლო წუთზე ჩააგდო და უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა სათადარიგოთა სკამზე - ქართველს ყველა ნაძლევის მოგებას ულოცავდა და შარუნასს დასცინოდა".

- იასიკიევიჩუსმა სიტყვა დაგვიანებით შეასრულა, თანაგუნდელები რესტორანში საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ დაგვპატიჟა, - გაიხსენა შერმადინმა.

პარალელური ფოტოები
"ფეისბუქზე" შაკილ ონილის, იაო მინისა და კრისტინა აგილერას ფოტო რომ ვნახე, ზაფხულში ჩემ მიერ გადაღებული სურათი გამახსენდა: სწორედ ასე, ორ გოლიათს შორისაა მოქცეული ჩვენი ფოტოგრაფი ალექსანდრე კოტორაშვილი.
Sportall.Ge
ამერიკული ფოტოს კომენტირებისას ერთმა დაწერა: ალბათ აგილერაა დაბალი და ასეთი სხვაობა იმიტომ ჩანსო. მეორემ უპასუხა: რამდენადაც კრისტინაა დაბალი, იმდენად მაღლები არიან მინი და ონილი.

ზუსტ ციფრებს მოგახსენებთ. იაო მინი (229 სმ) კრისტინა აგილერაზე (156 სმ) "სულ რაღაც" 73 სანტიმეტრით მაღალია. შაკილ ონილი 216 სმ-ია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული