მიხეილ ხერგიანი - 80

AutoSharing Option
მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით.

23 მარტს მიხეილ ხერგიანი 80 წლისა გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით რედაქციამ მიიღო ალპინიზმის ისტორიის მკვლევარის, გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ცნობილი ჟურნალისტის ივანე ჯაფარიძის ნარკვევი, რომელიც მიხეილ ხერგიანის ცხოვრებისადმია მიძღვნილი.

გთავაზობს ამ ნარკვევის ბოლო მონაკვეთს მცირეოდენი შემოკლებით.

* * *
1969 წლის 4 ივლისს შემზარავი ცნობა მოვიდა თბილისში, იტალიაში, დოლომიტის ალპებში, მწვერვალ სუალტოზე ასვლისას დაიღუპა ქართული ალპინიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელი, მსოფლიოში "კლდის
ვეფხვის" სახელით ცნობილი მიხეილ ხერგიანი...

მთელი საქართველო შეძრა ამ მოულოდნელმა ტრაგედიამ... სვანეთი საყოველთაო გლოვამ მოიცვა... ლაღამში, ხერგიანების სახლისაკენ ზღვა ხალხმა დაიწყო დენა საქართველოს ყველა კუთხიდან.

ხალხში იგრძნობოდა ბოლომდე გაუცნობიერებელი ტრაგედიის სიმძაფრე, ისინი ვერ შეგუებოდნენ აზრს, რომ შესაძლებელი იყო სიკვდილზე მრავალჯერ გამარჯვებული მთამსვლელისათვის ბედისწერას ასე უღვთოდ ემუხთლა.

ჩვეულებრივ, მოკვდავთა ყოველდღიური ცხოვრება, შეუცნობლად თუ ქვეშეცნეულად, სიკვდილისაგან განრიდებისა და გაქცევის ცდაა, მიხეილ ხერგიანი კი სიკვდილს პირისპირ შებმულიც არ უკრთოდა.

"ბედნიერია ის, ვინც სიკვდილით სიკვდილს ამარცხებს"-ო - უთქვამს გიორგი შატბერაშვილს და ეს გამონათქვამი ყველაზე მეტად მიხეილ ხერგიანს მიესადაგება.

სვანების ცხოვრებაში დამკვიდრებული წესისა და ადათის კვალად, მთაში დაღუპული ყოველი მთამსვლელის გლოვის ჟამს, პატივს მიაგებენ ყველა მანამადე დაღუპული მთამსვლელის ხსოვნას. დრო საუკუნოდ ინახავს და შარავანდედით მოსავს მათ სახელებს, ვინც ამარცხებს. მიხეილ ხერგიანმაც სიკვდილი სიკვდილითვე დაამარცხა. ამიტომაც დარჩა იგი ხალხის ხსოვნაში ლეგენდად.

სამწუხაროდ, ქართველ მთამსვლელთა დღევანდელი თაობა ვერ მოესწრო მიხეილ ხერგიანს. მისი მოღვაწეობის შესახებ, მათ, მხოლოდ წიგნებიდან და თანამედროვეთა მონათხრობიდან იციან, მაგრამ, როგორც კი მიხეილის მიერ გავლილ მარშრუტებზე მოსინჯეს საკუთარი ძალა, მათთვის გასაგები გახდა მიხეილ ხერგიანის პიროვნება - რა ძალისა და მონაცემების მქონე მთამსვლელი იყო იგი, ხოლო მისი ასვლების ტემპი დღემდე განცვიფრებას იწვევს ახალგაზრდებში.

"თოკის გრძნობა, მთამსვლელთა მეექვსე გრძნობააო", - ამბობდა ლევან გოთუა, ხოლო "თოკის ენა" მხოლოდ მთამსვლელებს ესმით, მხოლოდ მათთვისაა იგი გასაგები და მეტყველი...

დაღუპულ მთამსვლელთა გახსენებას, ბუნებრივია, მუდამ ახლავს დიდი და მწვავე ტკივილი, მაგრამ აქვე ჩნდება მათ მიერ გავლილი ცხოვრების შთამბეჭდავი სურათების აღდგენისა და ხელახალი, გულისხმიერი გააზრების სურვილი.

32 წლის შემდეგ, 2001 წლის 1 ივლისს, სწორედ ამ გრძნობით გაემგზავრა იტალიაში ქართველ მთამსვლელთა ახალი თაობა: აფი გიგანი, გელა ოთარაშვილი და ბენო ქაშაკაშვილი, რომელიც ექსპედიციის საერთო ხელმძღვანელობასთან ერთად, ტელეოპერატორისა და რეჟისორის ფუნქციასაც ითავსებდა. ჯგუფის წევრთა გადაწყვეტილება მარტივი და ამაღლებული იყო - 32 წლის შემდეგ გაევლოთ სახელოვანი თანამემამულის - მიხეილ ხერგიანის შეწყვეტილი მარშრუტი მწვერვალ სუალტოზე...

მწვერვალის ძირში ბრინჯაოს შესანიშნავი მემორიალი დგას. ვახტანგ ონიანის მიერ შექმნილი ეს მემორიალი, თავდაპირველად ქალაქის ცენტრში დაიდგა, შემდეგ კი სუალტოს ძირში ამოიტანეს იტალიელმა ალპინისტებმა. აქ, მწვერვალთა იდუმალ სამყაროში, ეს ძეგლი, მიხეილ ხერგიანის მთებთან თანაზიარობის უკვდავ სიმბოლოდ ქცეულა.

5 ივლისს, დილაადრიან, ქართველებმა მწვერვალისაკენ აიღეს გეზი. ხშირად ხვდებათ ნაპრალები, კარნიზები, ბუხრები. აქა-იქ ხისა და დაჟანგული რკინის პალოებსაც აწყდებიან. ყველას ერთი ფიქრი იპყრობს: - იქნებ რომელიმე მიხეილის ხელითაა ჩაჭედებული?

გზა თანდათან რთულდება, საჭირო ხდება პალოების კიბეებისა და თოკების გამოყენება. აფი, ბენო, და გელა კედლიდან "ბუხარში" შედიან, ზევით კარნიზების მთელი კასკადია, ბზარში ძველ პალოს ამჩნევენ... ისევ ეძალებათ ფიქრი... მათი აზრით, ეს ის ადგილი უნდა იყოს, 32 წლის წინ ონიშჩენკომ მიხეილი ზურგზე რომ შეისვა კედელზე თოკისა და კიბის დასამაგრებლად. ფიქრობენ, ნუთუ ეს ის "ბუხარია", მიშა რომ შევიდა და ონიშჩენკოს ხედვის არედან გაქრა?

ვიაჩესლავი მიხეილის მოძრაობას თოკის მეშვეობით აკონტროლებდა, რომელიც ნელ-ნელა მისრიალებდა ზემოთ. შემდეგ ქვათაცვენის ხმა მოისმა. ონიშჩენკომ დაზღვევაზე თოკი დაჭიმა და ძლიერი ბიძგისთვის მოემზადა, მაგრამ ბიძგი არ იყო... სლავამ, ქვებთან ერთად, ჰაერში ვეფხვივით ხელფეხგაშლილი მიხეილის სხეული დაინახა მხოლოდ...

ქვათაცვენა ახლაც აფერხებს მთამსვლელების მოძრაობას. აფის საიმედო დაცვით, გელამ კედლის ურთულესი მონაკვეთი დაძლია და კარნიზამდე მიაღწია. ეს მწვერვალისწინა შვერილი აღმოჩნდა. რამდენიმე მეტრიც და ქართველთა სამეულმა უკვე მწვერვალზე მიულოცეს ერთმანეთს წარმატება, თითო ყლუპით მიხეილ ხერგიანისა და მისი დამსხვრეული ოცნების სადღეგრძელო შესვეს...

დაღლილებმა და გამარჯვებულებმა კიდევ ერთხელ შეავლეს თვალი ნისლის საბურველში გახვეულ ჩივეტას კლდოვან მასივს, მწვერვალ სუალტოს და გაკვირვებას ვერ ფარავენ - 32 წლის წინათ, მაშინდელი საჭურველითა და აღკაზმულობით, როგორ შეძლო მიშამ უსწრაფესი ტემპით გაევლო სუალტოს ეს ურთულესი კედელი. მათთვის ახლა უფრო გასაგები ხდება მიხეილ ხერგიანის წარმატების საიდუმლო, მისი სიძლიერე და მასშტაბურობა...

მწვერვალზე, როგორც საპატიო ყარაულში, დგანან ქართველი მთამსვლელები და სიამაყის განცდას მდუმარედ გამოხატავენ... მათ აისრულეს დიდი ხნის ოცნება - სუალტო დაიმორჩილეს... მიშას დაუბრუნეს თავისი ვალი...

მწვერვალიდან დაბრუნებულები მიხეილ ხერგიანის ბრინჯაოს მემორიალთან შეიკრიბნენ იმ განცდით, რომ მიზანი მიღწეულია, დალაშქრეს სუალტო, მწვერვალი, რომელმაც საუკეთესოთა შორის საუკეთესო მთამსვლელის სიცოცხლე თავის საკუთრებად გაიხადა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული