"ლელომ" 78 წლის იუბილე აღნიშნა

AutoSharing Option
პირველმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" 78 წლის იუბილე აღნიშნა.

გაზეთის რედაქტორებსა და ჟურნალისტებს იუბილე დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებამ მიულოცა. თარიღის აღსანიშნავად, საიუბილეო ტორტი გაზეთის რედაქციაში მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ გაჭრა, რომელიც "ლელოს" 1985 წლიდან ხელმძღვანელობს.

მისი განცხადებით, გაზეთი "ლელო" წლების განმავლობაში ქართული სპორტის მემატიანედ იქცა და გარდა ამისა, ქვეყანაში სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა.

"ბედნიერი ვარ, რომ მრავალი სირთულის მიუხედავად, "ლელოს" გამოცემა არასდროს შეწყვეტილა. უდიდესი ისტორიის მქონე გაზეთის რედაქცია სრულფასოვნად ფუნქციონირებს და როგორც ყოველთვის, დღესაც მკითხველის დიდ პატივისცემას იმსახურებს", -
აცხადებს "ლელოს" მთავარი რედაქტორი.

ზუსტად 78 წლის წინ, 1934 წლის 13 აპრილს, გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა, რომლის სახელწოდება "საქართველოს ფიზკულტურელი" იყო.

"საქართველოს ფიზკულტურელი" მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიხურა, თუმცა შემდეგ გაზეთის აღდგენის იდეა გაჩნდა და 1949 წლიდან უკვე "ლელოს" სახელწოდებით გამოვიდა.

გაზეთი თავიდან კვირაში ერთხელ გამოდიოდა, 1960 წლიდან კი ყოველდღიურად გამოიცემა.
არსებობის ისტორიაში გაზეთს სულ 6 მთავარი რედაქტორი ჰყავდა.

2008 წლიდან "ლელო" "პალიტრამედიის" ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული