კომუნისტები ლელოს 1 მაისს ატარებდნენ, ადრე კი შერკინების დღეები, უმეტესად, აღდგომის, მარიამობის, გიორგობის საეკლესიო დღესასწაულებს ემთხვეოდა.
თვით შეხვედრების გამართვას არ სჭირდება სპეციალურად აგებული მოედანი. მოთამაშენი ორ ჯგუფად იყოფიან: ზემოურებად და ქვემოურებად. როგორც ლელობურთელებმა გაგვანდეს, წლეულს გიორგობის დღესასწაულზე თუ ვერა, უახლოეს მომავალში რომელიმე საეკლესიო დღესასწაულზე ადრინდელი ტრადიციით ერთმანეთს ცოლიანები და უცოლოები შეერკინებიან.
არც მოასპარეზეთა
ვეტერანი ლელობურთელები გაკვირვებულნი იყვნენ მონაწილეთა რაოდენობით, რაც ბოლო ორი წელიწადია, თვალშისაცემია.
ამის მიზეზი ისაა, რომ შუხუთში შემორჩენილი თამაშის მიმართ ხელისუფლება იჩენს დაინტერესებას. თუ შარშან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გოგა ხაჩიძის გარდა, ლელოთი შსს და იუსტიციის პირველი პირები - ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი დაინტერესდნენ, ამჯერად უკვე თვით ქვეყნის პირველმა პირმა დააფასა ტრადიციული თამაშობა.
მიხეილ სააკაშვილმა მისასალმებელი სიტყვაც წარმოთქვა. იგი ასევე იმყოფებოდა სტუმრად ვეტერან ლელობურთელ ქალბატონთან, თინა იმნაიშვილთან, რომელიც 40 წლის მანძილზე თამაშობდა თურმე ლელობურთს. პრეზიდენტმა უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზთან ერთად, ახლოდანაც ადევნა თვალყური სანახაობას.
მას შემდეგ, რაც ბურთმა პირობითი საზღვარი დატოვა და სიღრმეში შეიჭრა, ბევრმა ჩათვალა, რომ ლელო დილამდე გასტანდა. ბოლო საუკუნენახევრიან ისტორიაში ასეთი შემთხვევა სულ ორჯერ ყოფილა, ისიც ათწლეულების წინ. თუმცა ამჯერად წინასწარმეტყველება არ გამართლდა და "მოედნის მიღმა გასვლა" "ზემოურთა" ხრიკი გამოდგა - მათ საკირიეს ღელე გადალახეს. ეს კი გამარჯვების ტოლფასი იყო. ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ერთხელ შემობრუნებულა პაექრობის ბედი, ისიც სამი ათეული წლის წინათ, როცა სპორტის დიდმა მოყვარულმა ევგრაფ შევარდნაძემ თავისი ავტოსაწარმოს მძღოლებს 20-20 კაცის მოყვანა დაავალა და წაგებული ლელო მისი მხარის სასარგებლოდ შემოაბრუნა.
შუხუთის ლელოს ბოლომდე ადევნებდა თვალს რამაზ ნიკოლაიშვილი. სწორედ ის ხელმძღვანელობს გურიის განვითარების ფონდს, რომლითაც "გურიის" სტადიონის რეკონსტრუქცია უნდა დაფინანსდეს. "ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და ლანჩხუთის სტადიონს აუცილებლად გავაკეთებთ" - განუცხადა "ლელოს" ბატონმა რამაზმა.
"ჩვენ ასევე ვაშენებთ ბევრ კულტურულ და სპორტულ დაწესებულებას. გამოვყავით რამდენიმე ხნის წინ ფული და იწყება ჩვენი სიამაყის, ლანჩხუთის სტადიონის აღდგენა. გვინდა მას დავუბრუნოთ ძველი ბრწყინვალება" - ეს განცხადება კი ქვეყნის პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც გურიაში გასული კვირის დასაწყისში გააკეთა.
იხილეთ ვიდეო: მიხეილ სააკაშვილი სოფელ შუხუთში ლელობურთის შეჯიბრს დაესწრო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"