დევიდ ბექჰემი - ბრიტანეთში პირველი, მსოფლიოში მეათე

AutoSharing Option
ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი სათავეში ჩაუდგა ყველაზე მდიდარი ბრიტანელი სპორტსმენების სიას.

ამ დღეებში გაზეთმა "სანდი თაიმსმა" ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი სპორტსმენია "ლოს ანჯელეს გელაქსის" ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი. 37 წლის ფეხბურთელის ქონება 160 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

"სანდი თაიმსის" ტოპ-ასეულში 48 ფეხბურთელია, ხოლო ცურვის, ველოსპორტისა და მძლეოსნობის ბრიტანელი ვარსკვლავები იმდენად "ღარიბები" არიან, რომ ამ სიაში მათი ადგილი არ აღმოჩნდა.

მეორე ადგილი დაიკავა ყოფილმა მორაგბემ პოლ კედიკმა, რომელიც ამჟამად უძრავი ქონებისა და სამშენებლო კომპანიის მფლობელია, აგრეთვე,
რაგბის კლუბის - "ლიდს რაინოსის" პრეზიდენტი გახლავთ.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სპორტსმენების სიაში ბექჰემი მეათე ადგილს იკავებს. აქ ლიდერი ამერიკელი გოლფისტი ტაიგერ ვუდსია, რომელიც 538 მილიონი ფუნტის პატრონი გახლავთ.

მას მოჰყვებიან ავტომრბოლელი მიხაელ შუმახერი და კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი. 55 მილიონი ფუნტით ქალებს შორის უკონკურენციოდაა რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული