ევრო 2012-ის ბომბარდირი ალანი ძაგოევი კი არა, ძაგოშვილი ყოფილა

AutoSharing Option
ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპი ეკვატორს გადასცდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონატი მოედნის მიღმა არანაკლებ საინტერესოა.

აქეთ ფეხბურთელებს დარტყმებში გულშემატკივრები ეჯიბრებიან - ერთმანეთს უბრაგუნებენ, იქით უკრაინული "ფემენის" წევრებს პოლონელი კოლეგები ღიად (ყველა გაგებით) დაუპირისპირდნენ...

Sportall.Geსაფრთხობელათი დავიწყოთ. 2012 წლის ჩემპიონატი პირველია, რომელიც საფრთხობელების თანხლებით მიმდინარეობს. კარის გვერდით რომ დააყენეს არბიტრები, მათ ვგულისხმობ. "უდიპლომო სასიძოში", ბიჭიკოს საფრთხობელას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს (მეტსაც მოძრაობს), ვიდრე კარის გვერდით დარჭობილი მსაჯები.

ზუსტად არ ვიცი, მათ რა დაავალეს, მაგრამ კართან ახლოს ფეხბურთელს ბურთი ხელზე რომ ხვდება,
ეს უნდა დააფიქსირონ. არადა, რამდენი ასპროცენტიანი პენლტი უნდა დანიშნულიყო, ვინ მოთვლის. ამ არბიტრებს კიდევ არაერთი ფუნქცია აქვთ, მაგრამ რატომღაც "ბოდიშებივით" დგანან.

ერთსაც ვიტყვი და სხვა თემაზე გადავალ. კალათბურთში მატჩის შეჩერება და სადავო ეპიზოდის განხილვა ჩვეულებრივი ამბავია. ამერიკაში ეს ხშირად გადამეტებულია, თამაშის რიტმს ვნებს. თუმცა ტექნიკა ისე განვითარდა, რომ თუნდაც 10-15 წამით საფეხბურთო მატჩის შეჩერება (განსაკუთრებულ შემთხვევებში) სულაც არ უნდა იყოს მიუღებელი. ყოველ შემთხვევაში, ასე უფრო სამართლიანი იქნება.

Sportall.Geღორები უკრაინასა და პოლონეთში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათ გემრიელ ხორცს არ ვგულისხმობ: ზოგმა ფუნტიკი დაარქვა, ზოგმა ხრიუშა. დაუდებენ წინ დროშებიან სალაფავებს და ელოდებიან, რომელს უფრო სწრაფად შეჭამს, რათა შემდეგ დაიტრაბახონ - ჩემმა ფუნტიკმა უკრაინისდროშიანი "კერძი" შესანსლა და უკრაინელები დღეს ფრანგებს მოუგებენო.

ღორი და ინტუიცია? მას სალაფავი დაუყარე და თუნდაც ნიკოლოზს აკოცებს ტუჩებში ("უდიპლომო სასიძო"). ერთმა სპილომ ორი კარიდან პორტუგალიისა აარჩია, გოლი გაუტანა და გერმანიას მოაგებინა. მეორე სპილომ მასპინძელი პოლონეთის საბერძნეთზე გამარჯვება იწინასწარმეტყველა, მაგრამ შეცდა.

თუ ინტუიციაზე ვლაპარაკობთ, მრავალფეხა ჭია უნდა ვახსენო. ჩემპიონატის მეორე დღეს ასეთმა ჭიამ კომპიუტერის მაგიდასთან ჩაიარა, დავიჭირე და ღვინის ჭიქაში მოვათავსე, მეგობრებთან ერთად გავერთობი-მეთქი.

Sportall.Geერთ ყუთში საპირისპირო მხარეს დანიისა და ჰოლანდიის დროშები დავდე და ჭია შუაში დავსვი. დანიისკენ გაიქცა. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ჰოლანდიელებს ვიკინგები დაამარცხებდნენ. ამიტომ ვიფიქრე - ჭიას რაღაცა ეშლება, ხელახლა ვცდი-მეთქი. მეორედაც დანიის დროშას მიაშურა...

იმავე დღეს გერმანია-პორტუგალიის მატჩი იმართებოდა. ამ ქვეყნების დროშებიც გავამზადე, ჭიქა ამოვაყირავე, მაგრამ ჭია არ გადმოვარდა. ვერც ფსკერზე ვნახე - თურმე ჭიქის ამოტრიალებისას პირზე მიჭყლეტილიყო.

მრავალფეხა მაშინაც დამენანა, მაგრამ საღამოს დანიამ ჰოლანდიას რომ მოუგო...

მეორე დღეს უფრო დიდი ჭია დავიჭირე (შავი ფერის, ფრთებიანი). მანაც პირველი თამაშის შედეგი გამოიცნო - იტალიისა და ესპანეთის დროშებიდან ერთიც არ მოეწონა, სხვა გზას დაადგა. გუნდებმა მართლაც ფრე ითამაშეს, მაგრამ იმავე საღამოს ჭიის ნაწინასწარმეტყველები მეორე ყაიმი არ დაფიქსირდა - ხორვატიამ ირლანდიას კუდით ქვა ასროლინა.

როგორც გითხარით, ეს მხოლოდ გართობის მიზნით გავაკეთე, თორემ ჭიებისა და, მით უმეტეს, ღორების წინასწარმეტყველებისა არ მჯერა. არც ადამიანების ვარსკვლავთმრიცხველობისა. სათანადოდ თუ არ ითამაშებ, ვერც რვაფეხა გიშველის და ვერც ფანტომასი.

Sportall.Geჰოპ ზილინა, ზილინა... ასეთი სათაური მოუხდებოდა ფოტოს, რომელზეც ესპანელი ინიესტა ერთბაშად ხუთ იტალიელს შორისაა მომწყვდეული. თუმცა საკითხავია: არის კი მომწყვდეული?

გემახსოვრებათ, ევროპის ჩემპიონატის წინ წამყვანი ნაკრებებიდან რამდენიმე ფეხბურთელი "ლელოს" პირველ გვერდზე "დავსვით".

ესპანეთიდან ინიესტა ავარჩიეთ. იტალიასთან სწორედ ანდრესი იყო ერთ-ერთი საუკეთესო. როგორც ხედავთ, გამოცნობა ჩვენც შეგვიძლია.

საინტერესო იყო ესპანელთა გოლის ეპიზოდი: ქართველმა კომენტატორმა თქვა - დელ ბოსკე შეცვლას ამზადებს, მოედნიდან გასვლის კანდიდატები სესკ ფაბრეგასი და დავიდ სილვა არიანო. ამის თქმა და პირინეელთა გოლი ერთი იყო: სილვას პასით ფაბრეგასმა გაიტანა (როგორც იტყვიან, თვალი ეცათ). თუმცა დავიდი იმ ეპიზოდის დასრულებისთანავე მწვრთნელმა მართლაც შეცვალა.

Sportall.Ge"პიჟონი"! - ასეთი სიტყვები უკრაინელმა გულშემატკივრებმა კრიშტიანო რონალდოს მისამართით გაიმეტეს.

ქომაგთა ასეთ საქციელს არასოდეს ვამართლებ და არც ამჯერად მომწონებია, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით, რონალდომ საფუძველი თავად მისცა: გერმანიასთან თამაშის წინა დღისით პორტუგალიის ნაკრების ვარჯიშს უამრავი უკრაინელი ქომაგი დაესწრო (მანდილოსნები ჭარბობდნენ). ისინი ემოციურად შეეგებნენ მადეირელ ვარსკვლავს.

რონალდომაც მაისური გაიხადა და ტრიბუნებისკენ მოიქნია, მაგრამ შორს არ უსვრია, ფეხებთან დაიგდო. სწორედ ასეთი საქციელის გამო დაიმსახურა მან "კომპლიმენტი".

Sportall.Geპორტუგალია-გერმანიის დაპირისპირების შემდეგ მოსკოვში ჩასულ რეჟისორ ემირ კუსტურიცას სპორტულმა კომენტატორმა ევრო 2012-ის ფავორიტის დასახელება სთხოვა. "ფეხბურთს ყველა თამაშობს, მაგრამ იგებენ მხოლოდ გერმანელები".

ვფიქრობ, ბევრი ანტიგერმანისტიც კი დაგვეთანხმება, რომ ჯერჯერობით ყველაზე ხარისხიან ფეხბურთს ალემანები თამაშობენ: გომესი, იოზილი, ხედირა, ბოატენგი, პოდოლსკი...

საქართველო ნაკრები ნეტავ ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდეს და ნატურალიზებულ სვაზილენდელებსაც სიამოვნებით მივიღებდი. ჰოდა, ვიდრე აფრიკელებით ან ადგილობრივი კადრებით ევროფორუმებზე გავიდოდეთ, ევროპის ჩემპიონატებზე საქართველოს დროშის გამოჩენაც უნდა გვიხაროდეს:

Sportall.Geკიდევ უფრო საინტერესო ფოტო გამოქვეყნდა Sportall.ge-ს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.

თურმე, რუსეთის ნაკრების მაისურით სამი გოლის გამტანი ალანი ძაგოევი კი არა, ძაგოშვილი ყოფილა. აი, თუ არ გჯერათ:


შესაძლოა, არც დაიჯეროთ, მაგრამ იტალიის ნაკრები საქართველოში შეკერილი ფორმით თამაშობს.

Sportall.Ge

როგორც ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალება იტყობინება, გერმანულმა ფირმა "პუმამ" "აჭარა ტექსტილს" იტალიისთვის მაისურების შეკერვა დაუკვეთა.

ასე რომ, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას "სკუადრა აძურას" ფეხბურთელებს კისერთან აწერიათ: "made in georgia".

Sportall.Geტრამვაი... ბუნდოვნად მახსოვს. შორეულ წარსულში რელსებზე შემდგარი ეს ტრანსპორტი საქართველოშიც დახრიგინებდა.

თავისუფლების მოყვარე ქართველებმა ქეჩოთი დაბმული ტრამვაი გავათავისუფლეთ და რელსები ყველგან ავყარეთ.

უკრაინის ქალაქ ხარკოვში კი ეს საცოდავი ტრანსპორტი დღესაც რელსებზე მიღოღავს. სიტყვა "საცოდავი" ბრჭყალებში უნდა ჩაგესვათო, შესაძლოა გვითხრას ქართული ენის სტილისტმა, მაგრამ რად უნდა ბრჭყალები, შეხედეთ, არ უხდება ამ უსულო ტრანსპორტს სულიერისთვის შესატყვისი ზედსართავი? მართლა საცოდავად არ გამოიყურება?

ფოტოზე ჰოლანდიელი გულშემატკივრები არიან გამოსახულნი, რომლებმაც, ალბათ, ტრამვაიში ჩაჯდომას ფეხით სიარული არჩიეს - დანიშნულების ადგილას უფრო სწრაფად მივალთო.

ნარინჯისფერებს უარესიც დაემართათ: დანიასთან მატჩისთვის ერთი თვითმფრინავი ქომაგებით გაივსო და ჩარტერული რეისით უკრაინისკენ აიღო გეზი.

როგორც უკრაინული პრესა იტყობინება, გზაში პილოტს მოწყობილობა გაუფუჭდა და ვერ გაარკვია, რომელ ქალაქში მიფრინავდა. სხვა გზა რომ არ დარჩა, ჰკითხა გულშემატკივრებს, რომლებმაც უპასუხეს - სადღაც ზღვის პირას მივდივართო. ჰოდა, პილოტმა თვითმფრინავი ხარკოვის ნაცვლად ოდესაში დაუშვა...

Sportall.Geკაზაკების შესახებ 1970 წელს საინტერესო მულტფილმი გადაიღეს.

ისინი ჯერ რაინდებს ეთამაშებიან ფეხბურთს (2:1), შემდეგ ფრანგ მუშკეტრებს, ბოლოს ინგლისელ ჯენტლმენებს. უკრაინაში უამრავი კაზაკი ცხოვრობს.

ჰოდა, ერთმა გონიერმა ჟურნალისტმა სახალისო პარალელი გაავლო: ევროპის ჩემპიონატზე უკრაინელებმა, კაზაკების მსგავსად, პირველი მატჩი შვედ რაინდებს 2:1 მოუგეს, შემდეგ ფრანგებს აჯობებენ, ბოლოს ინგლისელებსო.

მართლაც, შევჩენკოს უკრაინა მომდევნო ორ შეხვედრას ფრანგებთან და ინგლისელებთან თამაშობს, ოღონდ ნაკლებად სავარაუდოა, მულტფილმის ანგარიშები განმეორდეს. კაზაკებმა ხომ მუშკეტრებს 2:1 მოუგეს, ხოლო ჯენტლმენებს - 13:3.

ვნახოთ, პირველი წრის გმირი შევჩენკო როგორ გაამართლებს თანამემამულეთა იმედებს.
Sportall.Ge

ჯერჯერობით საუკეთესო გოლი ბლაჟიკოვსკის ანგარიშზეა. პოლონეთი-რუსეთი 1:1
Sportall.Ge

შევჩენკოს მეორე გოლი შვედების კარში. უკრაინა-შვედეთი 2:1
Sportall.Ge

ევროპაზე ჯარიმიდან პირველი გოლი პირლომ გაიტანა, იტალია-ხორვატია 1:1
Sportall.Ge

ვალიუჩენკო, მეოთხე გოლი ჩეხეთის კარში. რუსეთი-ჩეხეთი 4:1
Sportall.Ge

სილვამ ბურთი სამ ირლანდიელს შორის გაატარა. ესპანეთი-ირლანდია 4:0
Sportall.Ge

გომესის დარტყმა და 2:0. გერმანია-ჰოლანდია 2:1
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ის ჩამოთვლილი ფეხბურთელები გერმანიის ნაკრებისა ან იქ არიან დაბადებულნი, ან ბავშვობიდან იქ იზრდებიან და გერმანული სკოლის აღზრდილები არიან. ასე რომ მათ პროფესიული წინსვლის გამო არ მიუღიათ გერმანიის მოქალაქეობა. თუმცა ზოგიერთს კვლავაც ჰქონდა არჩევანის უფლება თავისი მშობლების სამშობლოსა და საკუთარს შორის. ასე რომ ჯერ გაიგეთ ნატურალიზება ზუსტად რას ნიშნავს. და სვაზილენდს რას ერჩით? იცით კია რა ქვეყანაა? რა უტაქტო ლაპარაკია, რა არის? უბნის პატარა ბავშვებივით წერთ და აზროვნებთ ხან და ხან. არ გიტყდებათ?
odala
20:06 15-06-2012
0
svastika
შენნაირები რო არიან საქართველოში, მაგიტომაცაა სამაჩაბლო და აფხაზეთი რო წაგვართვეს!!!
lombard
11:10 16-06-2012
0

სიახლეები პოპულარული