გოჩა თანდარაშვილის სიბრძნე სიცილისა

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ლამისაა, პირველი წრე დამთავრდეს და სხვადასხვა ქართულ სატელევიზიო არხზე ფეხბურთის მატჩების ნაცვლად კვლავ თავს იწონებენ სამხრეთამერიკული სერიალები ან სხვადასხვა ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებები (რომლებიც ისე წააგვანან ერთმანეთს, როგორც ზემოთ ნახსენები სერიალები).

როგორც ჩანს, ეს პრობლემა მარტო გულშემატკივრებს არ გვაწუხებს. წინა ტურის შემდეგ "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ დაიჩივლა, აჩვენეთ რეპორტაჟები, თორემ მსაჯებმა სულ გაილაღესო. რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმერელთა ახალგაზრდა დამრიგებელს. როცა აჩვენებდნენ ხოლმე მატჩებს, არბიტრები ნაკლებ შეცდომებს უშვებდნენ, უფრო მობილიზებულნიც იყვნენ, გაპარსულებიც და ზოგიერთს გრიმიც კი ჰქონდა
ხოლმე გაკეთებული, რომ ეთერში ლამაზად გამოჩენილიყო.

საფეხბურთო მატჩების ტრანსლაციისთვის კი ტელევიზიები ფულს ითხოვენ. ყველაფერი უკუღმართი ხომ ჩვენ და ჩვენს ფეხბურთს უნდა დაემართოს. რას იზამ, ლათინურამერიკული სერიალების ფულია ამოსაღები! ჩემპიონატის ორგანიზატორებს კი, რა თქმა უნდა, არა აქვთ ამხელა თანხების გადახდის საშუალება. ჰოდა, მგონი, ისეთი რამ მოვიფიქრე, ორივე მხარეს უნდა აწყობდეს. გადაიღოს ტელევიზიამ თამაშები და გაუშვას ხოლმე ხალხის თხოვნით. თითო თხოვნა კი, ვთქვათ, 50 თეთრი ღირდეს. ხომ არის ხოლმე რადიოებში რუბრიკა "თხოვნები" -  რომ რეკავენ და უკვეთავენ სიმღერებს. ნახეთ, რა კარგი იქნება - გამოვა საფეხბურთო კომენტატორი და იტყვის: "ვიტ-ჯორჯია"-"სამტრედიას" მატჩი ეძღვნება თიკას, ნინჩოს, გიგის და სალის შორენასაგან დიდი სიყვარულით. ანდაც, სმს-ებს რომ წაიკითხავს - გთხოვთ, გაუშვათ "ზესტაფონი"-"ტორპედო", ეძღვნება საქართველოს ულამაზეს მხარეს იმერეთს და, საერთოდ, იმერლებს. ან კიდევ: რამდენჯერ გთხოვეთ, რომ აჩვენოთ ზუგდიდის "ბაიასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრა... – სამწუხაროდ, ეს თამაში ჯერ არ გვაქვს, მაგრამ, როგორც კი ჩაგვივარდება ხელში, აუცილებლად გავუშვებთ და ასე შემდეგ.

ისე, რა ფულიც ტელევიზიებისთვისაა გადასახდელი, ეგ ფული რომ იმ ხალხს დაურიგონ, ვინც ჩვენი ჩემპიონატის ყურებას აპირებს, სულ არ შეხედავს ტელევიზორს და ივლის იმ ფულით სტადიონებზე.

ქუთაისის "ტორპედო" კი კვლავ დამარცხდა და ამჯერადაც მინიმალური სხვაობით. წინა ტურის შემდეგ ქუთათურმა გულშემატკივრებმა გუნდის მთავარ მწვრთნელს რამაზ მუმლაძეს ობსტრუქცია მოუწყვეს და მის გადაყენებას ითხოვდნენ. გულშემატკივრების პრეტენზიები გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი მწვრთნელზე მეტად, მგონი, იმ აჟიოტაჟის ბრალია, რაც ჟურნალისტებმა ჩემპიონატის დაწყებამდე ატეხეს. აქაოდა, გუნდს სტადიონი გაურემონტესო, ახალი ფეხბურთელები და მწვრთნელი დაიმატესო, სერიოზული სპონსორი გამოუჩნდაო, ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლოსო. სადაა მასე მარტივად, ბიძია? მარტო ფულით და დროულად დარიგებული ხელფასებით ხომ ვერ მოიგებ საქართველოს ჩემპიონატს?! მასე რომ იყოს, "მანჩესტერ სიტის" ვინ აჯობებდა, მაგრამ ხომ ნახეთ, შარშან რუსთავის "ოლიმპი" გახდა საქართველოს ჩემპიონი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კი კვლავ სპონსორს ეძებს. დიდი თანხის გადამხდელი ჯერ არ ჩანს, ფედერაციას კი არ სურს ისეთი სპონსორი, რომელიც 10 ათას ლარს გადაიხდის. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა გამართლებულია, თორემ ცოტა ხანში შეიძლება ეროვნული ნაკრების თამაშებზე მინდვრის გარშემო ასეთი სარეკლამო ბანერები ვიხილოთ: მინიმარკეტი "ნათია XXI", მეორადი საქონლის მაღაზია "შარმი", საცხობი "დედას პური" და ციალას ჯიხური ლილოს ბაზრობის მესამე რიგში.
 
უცხოური ფეხბურთისთვის კი გასული კვირა სკანდალებით დახუნძლული აღმოჩნდა. ინგლისური "ბირმინგემის" ფეხბურთელმა ლი ბოიერმა (რომელიც ადრე ძნელადაღსაზრდელთა გუნდ "ლიდსის" წევრი გახლდათ) სტადიონის ტრიბუნაზე მოხუც ქალბატონს აგინა. ამ ქალბატონს კი ყველაზე მეტად ის ეწყინა, რომ ამ ლანძღვას ყურს უგდებდა მისი 7 წლის შვილიშვილი. ისე, ამხელა ქალი ხარ და სტადიონზე რომ მიდიხარ და თან შვილიშვილი ბიჭი მიგყავს, არ უნდა იფიქრო, რას აკეთებ? რა უნდა ბავშვს სტადიონზე? დატოვე რა სახლში კაცებთან, რამე სერიალს მაინც უყურებს.

წინა კვირაში გავიგე, როგორი განსხვავებულები ყოფილან არაბები და ჰონდურასელები. არაბეთში ავსტრალიის ნაკრების ფეხბურთელი კრეიგ მური დაიჭირეს იმ მიზეზით, რომ დალია და ტაქსისტი სცემა 14 დოლარის გამო (რა ამბავია მართლა 14 დოლარი? თემქიდან ვაზისუბანში და მერე უკან ხომ არ მიდიოდა?) და ახლა ციხე ელოდება. ჰონდურასის ნაკრების მეკარემ (გვარი ნამდვილად აღარ მახსოვს, ამ ბოლო ხანებში ვეღარ ვაქცევ ყურადღებას ჰონდურასულ ფეხბურთს) კი ჟურნალისტს პნევმატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა ისიც და მისი კოლეგაც. ამის შემდეგ მან ითამაშა კიდეც, ხოლო მისი კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს არ დასჯიდა. აი, რომ მოეკლა ჟურნალისტი, მაშინ ალბათ 4-5-თამაშიანი დისკვალიფიკაცია არ ასცდებოდა.

ამასობაში, დევიდ ბექჰემი (ფეხბურთელია ასეთი) ამერიკულ ჟურნალს უჩივის, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ 2007 წლის აგვისტოში ბექემი მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ერთობოდა. ეს ქალი კი ეკუთვნის კატეგორიას "ქალი გამოძახებით" და საკმაოდ ძვირი - ღამეში 10 ათასი დოლარი ღირს. აი, ძმაო, კაცი! აბა, უეინ რუნის კი არ ჰგავს, 1200-ფუნტიან ქალებთან რომ დაძვრება.
ნიუ იორკის აეროპორტში ყოფილი ეკვადორელი მსაჯი ბაირონ მორენო დააკავეს, რომელსაც 6 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა საზღვარზე. პოლიციელების ყურადღება იმან მიიპყრო, რომ მორენო საბაჟოზე უცნაურად იქცეოდა და ამიტომ მისი გაჩხრეკა გადაწყვიტეს. ისე, პოლიციელებს, ეტყობა, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი არ უნახავთ სამხრეთ კორეისა და იტალიის ნაკრებებს შორის, თორემ უცნაური ქცევა იქ გენახათ თქვენ - იქვე, კუთხურის ალამზე "მიაბორკილებდნენ".

ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს კი დეიდები შეესივნენ. არგენტინელი მოდელი კლაუდია ჩიარდონე (ამის გვარი ხომ კარგად დავიმახსოვრე?!) თურმე ლეო მესის ჰყვარობს. ამ ქალმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, შეყვარებული ვარ და რაც მესიმ ტრავმა მიიღო, იმის მერე ღამე ვეღარ ვიძინებო. ისე, არა მგონია, მარტო მაგით მოხიბლოს მესი ამ ქალმა. თორემ მისი ტრავმის გადამკიდე ეგეთივე დღეში არიან გვარდიოლაც და ჩემი ძმაკაცი ლაშა გაბუნიაც. ლეო რომ უარზე დგას, უფრო ამ ქალბატონის ასაკი უნდა იყოს, რომელიც 13 წლით უფროსია არგენტინელ ფეხბურთელზე.

სამაგიეროდ, მსგავსი პრობლემა სულ არ აწუხებს ლონდონის "არსენალის" და დანიის ნაკრების ფეხბურთელ ნიკლას ბენდტნერს. მან და მისმა საცოლემ კაროლინ ლუელ-ბროკდორფმა განაცხადეს, რომ მალე შვილს ელიან და იქორწინებენ კიდეც. რა ჩემი საქმეა ახლა, რომ ვჭორაობ, მაგრამ ეს ქალბატონიც ზუსტად 13 წლითაა უფროსი ახალგაზრდა ფეხბურთელზე. მაგრამ, სიყვარულმა ხომ ასაკი არ იცის, მით უმეტეს, რომ ამ ასაკს ზურგს დანიელი ბარონესას ტიტული და საბანკო ანგარიშზე არსებული 400 მილიონი ფუნტი უმაგრებს.
 
P.ს. მილიონები ვახსენე წეღან და ერთი უმუშევარი მილიონერის შესახებაც უნდა ვთქვა. ცნობილი კალათბურთელი ალან აივერსონი ვერაფრით პოულობს ახალ გუნდს. შტატებში რომ მისი აყვანის სურვილი არავინ გამოთქვა, ჩინეთში წავიდა და იქაურ კლუბთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ იქაც არაფერი გამოუვიდა. რომ ვატყობ, კიდევ კაი ხანი გაუჯანჯლდება ეგ საქმე, ამასობაში საქართველოს ჩემპიონატიც დაიწყება და, მგონი, მოუწევს "ჭიათურაში" თამაში. აბა, სხვა გუნდები მეტ-ნაკლებად დაკომპლექტებულია უკვე ჩვენთან.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული