Time Line: პურის რიგიდან NBA-ს დრაფტამდე

AutoSharing Option
არა მხოლოდ ივლისის, არამედ წლის მთავარი საკალათბურთო მოვლენა NBA-ს დრაფტზე საქართველოს ნაკრების 20 წლის ფორვარდის თორნიკე შენგელიას არჩევა იყო.

ბოლო დღეებში არაერთხელ მომიწია სიტყვა დრაფტის განმარტება. ყველაზე მარტივად ასე ჟღერს: NBA-ს 30 გუნდი რიგში დგას, დაახლოებით ისე, როგორც 90-იან წლებში პურის რიგში ვიდექით.

თითოეულ კლუბს ჩვენსავით ტალონი აქვს, რომელიც მაისში ამერიკის საკალათბურთო ასოციაციამ ლატარეასავით გაათამაშა. ვისაც დაბალი ნომერი შეხვდა, რიგშიც პირველია და ირჩევს საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელს.

დრაფტი და 90-იანების პურის რიგი ერთმანეთისგან ფულის წონით "ოდნავ" განსხვავდება: საქართველოში პურს ხურდებით ვყიდულობდით,
ამერიკაში კი დრაფტზე აყვანილ კალათბურთელებს მილიონებს უხდიან.

* * *

ყოფილა შემთხვევა, როცა დრაფტზე მყიდველისთვის "დამწვარი პური შეუპარებიათ". პირიქითაც მომხდარა - არცთუ ეფექტურად შეფუთული პური გემრიელი ლუკმა გამომდგარა.

მაგალითად, ზაზა ფაჩულიას დრაფტის პირველ წრეში არჩევას ველოდით, მაგრამ მეორე წრეში, 41-ე ნომრად "ორლანდო მეჯიქმა" აიყვანა.

იმ საღამოს ზაზას ნიუ იორკში დავურეკე, განაწყენებული იყო: ამერიკელებმა შეცდომა დაუშვეს, რასაც თამაშით აუცილებლად დავუმტკიცებო. ფაჩულიამ სიტყვა შეასრულა - 2003 წლის დრაფტზე არჩეულ არაერთ რეკლამირებად კალათბურთელს აჯობა და დღეს NBA-ს სოლიდურ ცენტრად ითვლება.

2003 წლის დრაფტის ღამეს კურიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ზაზას ნიუ იორკის ერთ-ერთ სასტუმროში დავურეკე.

ყურმილის გაღმა მყოფს ავუხსენი, რომ საქართველოდან ვიყავი და კალათბურთელ ფაჩულიასთან მინდოდა დალაპარაკება. ცოტა მოითმინეო, მითხრა. მალე ყურმილში ქალის ქართული ხმა მომესმა, რამაც ცოტა გამაკვირვა:

- ზაზა ფაჩულიასთან მინდა დალაპარაკება. თქვენ ვინ ბრძანდებით?
- სხვაგან მოხვდით, ეს ნიუ იორკის კლინიკაა. დიდი ხანია საქართველოდან ვარ წამოსული და აქ ვმუშაობ.

სასიამოვნოა ქართული ხმის გაგონება. შემიძლია დაგეხმაროთ, გაგიგოთ ფაჩულია რომელ სასტუმროშია...

მოკლედ, ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, როგორშიც კინოფილმ "მიმინოს" გმირი ვალიკო, ოღონდ "ჟუჟუნა წვიმა" არ მიმღერია.

* * *

ვფიქრობ, როგორც ზაზა ფაჩულია არ შეფასდა სათანადოდ, ასევე თორნიკე შენგელია, რომელიც დრაფტის 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აიყვანა და "ბრუკლინ ნეთსს" დაუთმო.

კიდევ ერთი პარალელის გავლება შეიძლება: სწორედ ასეთი ვითარება იყო 2004 წელს, როცა ვიქტორ სანიკიძე "ატლანტა ჰოქსმა" 53-ე ნომრად აირჩია და უმალ "სან ანტონიო სპურსში" გაუშვა.

სხვათა შორის, სპურსელებს ქართველი თავდამსხმელსთვის ყურადღება არ მოუკლიათ - მუხლებზე ოპერაცია რომ დასჭირდა, ამერიკაში წაიყვანეს და რეაბილიტაციის პერიოდიც ტეხასში გაატარბინეს.

სანიკიძე მაშინ სან ანტონიოს კეპს ატარებდა, რის გამოც კინაღამ შარში გაეხვა: NBA-ს ფინალური სერიის ("სან ანტონიო"-"დეტროიტი") მსვლელობისას საქართველოდან დეტროიტის აეროპორტში ჩაფრინდა, სადაც პოლიციელმა ცალკე ოთახში შეიყვანა.

ვიქტორმა გაიკვირვა - რა გნებავთ, ყველაფერი წეს-რიგში მაქვსო. პასუხად მიიღო: ყველაფერი არ არის წეს-რიგში - დეტროიტის აეროპორტში "სან ანტონიოს" ქუდით შემოსვლა როგორ გაბედეო...

* * *

უფრო ადრე, 2002 წელს მსოფლიო ნიკა ცქიტიშვილმა აალაპარაკა, რომელიც "დენვერ ნაგეტსმა" მე-5 ნომრად აირჩია.

1998 წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ NBA-ს დრაფტზე ვლადიმერ სტეფანია "სიეტლ სუპერსონიქსმა" აიყვანა.

ვოვამ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა:

- NBA-ში მოხვედრა დიდი გზის დასაწყისია, რომლის გავლა ურთულესი საქმეა. თითოეული ნაბიჯი უნდა გათვალო. ვინმე მრჩეველი რომ მყოლოდა, სხვანაირად მოვიქცეოდი და გაცილებით წარმატებული კარიერა მექნებოდა.

დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ კლუბში მოხვდები, ზოგი ცდილობს კალათბურთელი ბოლომდე გამოწუროს, ზოგი პროგრესის საშუალებას აძლევს. დრაფტზე ხომ მხოლოდ ახალგაზრდებს ირჩევენ, რომლებსაც ხელშეწყობა სჭირდებათ.

* * *

ასე და ამგვარად, გავიხსენეთ ყველა ქართველი დრაფტოსანი და დავინახეთ არაერთი პარალელი.

წლეულს არჩეულ თორნიკე შენგელიას ზაზა ფაჩულიასავით დასამტკიცებელი აქვს, რომ 54-ე კი არა, ათეული საფეხურით ადრე აყვანას იმსახურებდა.

ამისთვის მხოლოდ თავდაუზოგავი მუშაობა და "ბრუკლინ ნეთსში" მოხვედრა საკმარისი არ არის - აუცილებელია "თითოეული ნაბიჯის გათვლა" და კარგი მრჩეველი.

ასეთი კი შენგელიას უკვე ჰყავს: ივნისში ამერიკაში ჩასული ფაჩულიას ხელშეწყობით "ატლანტას" დარბაზში ვარჯიშობდა, ხოლო დრაფტს ზაზასთან ერთად ესწრებოდა.

თორნიკეს არც შინ აკლია დამრიგებელი - მამამისი, კახა შენგელია ხომ ევროპაში გამგზავრებამდე (2008 წლამდე) მისი მწვრთნელი იყო.

ევრო 2012

ტიკ-ტაკტიკა
დასრულდა მორიგი ევროპის ჩემპიონატი. თასი ესპანელებმა წაიღეს. მაინც როგორ მოახერხეს ეს? პასუხი მარტივია - სწორი ტაქტიკით.

მოდით, ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე გუნდის ტაქტიკა განვიხილოთ, რაშიც ფოტოები, კარიკატურა და გრაფიკული სქემები დაგვეხმარება.

ჩვენ
ჯერ გავარკვიოთ, როგორი ტაქტიკით ვადევნებდით თვალს ევროპის ჩემპიონატს:
Sportall.Ge

პორტუგალია
პორტუგალიის ტაქტიკაში ყველაფერი მარტივადაა: წითელი წერტილი კრიშტიანო რონალდოა.
Sportall.Ge

გერმანია
გაცილებით რთულია გერმანიის სტრატეგია. ჩემნაირ მოყვარულ ტაქტიკოსებს ნამდვილად გაუჭირდებათ გარკვევა, ძრავაში რომელი მექანიზმი რა პრინციპით მოქმედებს.
Sportall.Ge

იტალია
რაც უნდა კარგად იყოს დაზეთილი მანქანა, იგი ადამიანს ვერ შეცვლის. ეს ანდრეა პირლომ გერმანიასთან მატჩში დაამტკიცა. იტალიის ტაქტიკური სქემა მარტივი იყო - მოედანზე 21-ე ნომერი იდგა.
Sportall.Ge

ჰოლანდია
როცა სიმარტივეზე ვლაპარაკობთ, ჰოლანდია არ უნდა დაგვავიწყდეს. თუ მოედანზე არავინაა, არც ტაქტიკაა საჭირო.
Sportall.Ge

საფრანგეთი
ფრანგების მწვრთნელის განკარგულებაში მობილური, ტექნიკური გუნდი იყო, მაგრამ მარილი აკლდა - კაცი, რომელიც გადამწყვეტ გოლს გაიტანდა, თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა, გუნდს აიყოლიებდა, საგოლე პასს გააკეთებდა.

ასეთ "მარილს" ერთ დროს ზიდანი ერქვა.
Sportall.Ge

საბერძნეთი
ალექსანდრე მაკედონელმა საბრძოლო არსენალში შეიტანა ტაქტიკური წყობა სახელწოდებით ფალანგა.

მეომრები ერთმანეთის უკან მწყობრად იყვნენ ჩამწკრივებულები და ძალიან გრძელი შუბები ჰქონდათ.

ასეთმა სქემამ საბერძნეთის ნაკრებშიც გაამართლა - მთელი გუნდი საკუთარ მოედანზე მჭიდროდ იყო შეჯგუფული და ძალიან გრძელი პასებით არაერთ მეტოქეს გაუმწარა ცხოვრება. ...რუსეთსაც მისწვდა.
Sportall.Ge

ესპანეთი
ფინალში სესკ ფაბრეგასმა საკუთარი ნახევრიდან გამოზომილი შორეული პასით მეკარესთან კინაღამ პირისპირ გაიყვანა ხორდი ალბა.

სწორედ მაშინ გამოჩნდა, რომ ესპანეთის ტაქტიკა დაფაზე არ იხაზება. ფაბრეგასი ინიესტასთან ერთად მატჩისწინა ტაქტიკურ მონახაზში გამოკვეთილ ფორვარდად ეხატა, ხოლო ალბა - ფლანგის მცველად.

ტაქტიკა-სტრატეგია და საერთოდ ფეხბურთი უბრალო თამაში რომ არის, ამას ესპანელთა გასახდელში გადაღებული ფოტოც ადასტურებს. დააკვირდით კედელზე ჩამოკიდებულ დაფას.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდებული სტატიაა
Giorgi.Gavasheli
12:57 08-07-2012
0

სიახლეები პოპულარული