გაზაფხულზე თბილისში "კავკასიის თასი" მეჩვიდმეტედ გათამაშდა. ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, ფედერაცია ცდილობს, რეგიონებში ჩატარდეს საინტერესო შეჯიბრებები.
ამ დღეებში სპორტული ცეკვების აჭარის ასოციაციის ინიციატივითა და ადგილობრივი სპორტისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმს მეხუთედ ესტუმრნენ სპორტული მოცეკვავეები, ამჯერად რვა ქვეყნიდან.
ასეთი დაინტერესება საერთაშორისო რეიტინგისთვის ქულათა მაღალმა მაჩვენებელმაც გამოიწვია.
ლათინოამერიკულ ცეკვებში საქართველოს, ბულგარეთის, საბერძნეთის, თურქეთის, უკრაინის, ბელარუსის, ესტონეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის 37 წყვილი იბრძოდა პირველობისთვის. პირველი ადგილი მასპინძლებმა - ვიქტორ ბურჭულაძემ და
ვიქტორი 18 წლისაა. წარმოშობით ბათუმიდანაა. კარგა ხნის წინათ მისი მშობლები რუსეთში გადავიდნენ სამუშაოდ და საცხოვრებლად. ვიქტორმაც მოსკოვში დაიწყო ვარჯიში სპორტულ ცეკვებში.
ოთხი წლის წინათ მან ახალგაზრდებში მსოფლიო პირველობა მოიგო ათ ცეკვაში. მერე ევროპის პირველობაზეც ყველას აჯობა.
წლეულს რუსეთის სპორტული ცეკვების ფედერაციაში მომხდარი განხეთქილებისას ვიქტორი თბილისში გადმოიბირეს. მეწყვილედ უკრაინელი კატერინა კოზმა შეურჩიეს. ჩვენს ფედერაციაში მიიჩნევენ, რომ პერსპექტიული დუეტია და მალე გვასახელებენ მნიშვნელოვან შეჯიბრებებში.
აგვისტოში ისინი გერმანიის დიდ პრიზზე გამოვლენ, სექტემბერში კი პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე მოსინჯავენ ძალებს, რაც გამოცდილების შესაძენად კარგი საშუალება იქნება.
ბათუმში მეორე ადგილზე გენადი ცინკევიჩი და მზია ორველაშვილი გავიდნენ. ეს წყვილიც წლების განმავლობაში საქართველოს სახელით გამოდიოდა. სათანადო ხელშეწყობა რომ არ ჰქონდათ, მინსკში გადავიდნენ საცხოვრებლად და ახლა ბელარუსის სპორტულ ღირსებას იცავენ.
მესამე ადგილი უკრაინელებს - ანდრეი ფედორენკოს და იანა მინაევას ერგოთ. ახალგაზრდებს შორის ევროპულ ცეკვებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ირაკლი ძაძამია, თამარ ტურაშვილი (თბილისი), 2. თეიმურ გადიროვი, ჯამილა ჩერნოვა (ბაქო), 3. ამირან ბახტაძე, ქრისტინე მალაყმაძე (ბათუმი).
გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"