ლატვიაში ნოდარ ქუმარიტაშვილი ახსოვთ და არც დაივიწყებენ

AutoSharing Option
ლატვიის ქალაქი სიგულდა დიდი ხანია ცნობილია მთელ მსოფლიოში, როგორც სპორტის ზამთრის სახეობების ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი და თანამედროვე ცენტრი.

აქ არის ბობსლეის მოდერნიზებული ტრასა, სადაც ზამთარში სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები, მათ შორის რუსეთის ნაკრები ვარჯიშობს.

სიგულდაში ყოფნისას ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ კარგად ახსოვთ კანადაში ტრაგიკულად დაღუპული სახელოვანი ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი. მას იცნობდა მთელი სიგულდა. ხშირად ჩადიოდა სავარჯიშოდ.

ამიტომ, ჩვენ მივაკითხეთ ბობსლეის აქაურ ტრასას. ბაზაზე დაგვხვდა ამ სპორტული ცენტრის ტექნიკური სამსახურის წამყვანი და სტაჟიანი სპეციალისტი, მარექს მეზენცევსი. ის 15 წელიწადია მუშაობს ამ ტრასაზე.

მან გვითხრა:

"ნოდარის კარგად ვიცნობდი, ის ძალიან ნიჭიერი სპორტსმენი და ძალიან თბილი ადამიანი იყო. ხშირად ჩამოდიოდა აქ სავარჯიშოდ. მისი დაღუპვა კანადაში დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის და მთლიანად სიგულდისთვისაც. მას კარგად იცნობდნენ ქალაქში".

ბობსლეის ტრასის დირექტორმა, მსოფლიოში ცნობილმა სპეციალისტმა დაინის დუკურსმა კი თათბირი შეწყვიტა, საქართველოდან ჩასულ სტუმარზე რომ შეიტყო.

დაინის დუკურსი, როგორც ლატვიის დელეგაციის წევრი იმყოფებოდა კანადაში 2010 წლის ოლიმპიადაზე. ის იხსენებს:

"მე კარგად ვიცნობდი ნოდარს და უფრო დიდი ხანია ვიცნობ მის ბიძას, ცნობილ სპორტსმენს და მწვრთნელს ფელიქს ქუმარიტაშვილს. ვანკუვერში იმ ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე მე ვნახე ის ტრასა და ვუთხარი ჩემს შვილებს ლატვიის ნაკრების წევრებს, მარტინს და თომას, არ მომწონს ერთ-ერთი მონაკვეთი და იყავით ფრთხილად.

ეს ნოდარმაც იცოდა, მაგრამ არავინ ფიქრობდა ასეთი ტრაგედია თუ დატრიალდებოდა. ნოდარის სიკვდილის შემდეგ მე და ჩემი შვილები შოკში დიდხანს ვიყავით, ნოდარი ჩემთვის შვილივით იყო".


დავძენთ, რომ მარტინს დუკურსი ვანკუვერის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა სკელეტონში.

"ნოდარის გარდაცვალება ლატვიაში უფრო მძიმედ გადაიტანეს ვიდრე სხვაგან, რადგან ის აქ ძალიან უყვარდათ. ჩვენ მას არასოდეს დავივიწყებთ",
- დასძინა ცნობილმა ლატვიელმა სპეციალისტმა.

თენგიზ პაჭკორია, ქ. სიგულდა, ლატვია
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული