თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: ადამ ოქრუაშვილს პოლონელები ქომაგობდნენ

AutoSharing Option
სპორტის ცალკეულ სახეობებში ოლიმპიურ ტურნირებზე ლონდონში, ცხადია, ქომაგებიც ჰყავთ სპორტსმენებს.

ისინი, ძირითადად, რაღა თქმა უნდა, თავისი ქვეყნის დელეგაციის წევრები და ბრიტანეთში მცხოვრები მათივე თანამემამულენი არიან. მაგრამ იშვიათად იმასაც ნახავთ, სხვებიც, რომ გულშემატკივრობენ ამა თუ იმ ქვეყნის ოლიმპიელებს.

მაგალითად, ადამ ოქრუაშვილს ტატამზე გამოსვლისას, ქართველების გარდა, ერთ-ერთი ტრიბუნიდან ხმაშეწყობილად მიესალმნენ სხვებიც და იმ ტრიბუნიდან ბოლომდე თავგამოდებით ქომაგობდნენ ჩვენ ძიუდოისტს. პოლონელები აღმოჩნდნენ. რუსული შეძახილებით ამხნევებდნენ ადამს. მაგრამ... ადამმა ისინიც გააწბილა და ჩვენც.

"დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ქართველ ძიუდოისტებთან. ვხვდებით ტურნირებზე, აქ ერთად ვცხოვრობთ
ოლიმპიურ სოფელში.

მუდამ ვქომაგობთ ერთმანეთს. ახლა ჩვენ დიასპორას და ტურისტებსაც ვთხოვეთ ექომაგათ ადამისთვის.

ძალიან გულდაწყვეტილი ვართ ყველა. თქვენმა თანამემამულემ და ჩვენმა მეგობარმა, სამწუხაროდ, გერმანელთან ვერაფერი გააწყო.

რა ვქნათ, ოლიმპიადა მაინც სულ სხვა ასპარეზობაა"
- გვითხრა ადამ ოქრუაშვილის წონაში მოასპარეზე პოლონელმა იანუშ ვოინაროვიჩმა.

ვეტერანის კომენტარი
შენგელი ფიცხელაური: შეცდომა თავიდანვეა დაშვებული
ცნობილი ვეტერანი ძიუდოისტი შენგელი ფიცხელაური ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენების საქომაგოდაა ჩამოსული ლონდონში. მისი როგორც მიუკერძოებელი სპეციალისტის აზრი ძიუდოისტთა ოლიმპიურ ტურნირთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება "ლელოს" მკითხველისთვის".

მან აი, რა თქვა:

"საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების გამოსვლით, საერთოდ, ძალიან შეშფოთებული ვარ, არადა რა იმედები იყო. სრული კრახისგან და დიდი სირცხვილისგან 20 წლის გორელმა ბიჭმა, ლაშა შავდათუაშვილმა გვიხსნა.

განსაჯელ-გასაანიზებელი და დამაფიქრებელი, ბევრია. პასუხია მისაღები ყველა კითხვაზე თუ რა მოხდა. თუმცა ამით წამხდარ საქმეს აღარ ეშველება. მთავარი შეცდომა ალბათ, მაინც თავიდანვე, გუნდის დაკომპლექტების დროსაა დაშვებული.

კი ბატონო, ამ გადასახედიდან მართლები არიან ისინი, ვისაც რამდენიმე ძიუდოისტზე თავისი შეხედულება ჰქონდა - იმათზე ვინც ჩაირიცხა ნაკრებში და იმათზეც, ვინც ნაკრეების მიღმა დარჩა. ერთს ვიტყვი, მე რომ ვყოფილიყავი მთავარი მწვრთნელი, მძიმე წონაში ხანჯალიაშვილს დავაყენებდი. ტატამზე ზვიადი უფრო მოძრავი, რისკიანია. თუმცა უნაკლო არც ისაა და ეს მისთვის ბევრჯერ მითქვამს.

იმედს ნუგადავიწურავთ, მთელი ოლიმპიური დეკადა წინაა. რაც მთავარია, ახლა, უპირველესად, მოჭიდავეებისგანაა ოლიმპიური მედლები მოსალოდნელი."

სტუმარ-მასპინძელი
ლონდონი გახალისდა
გაქრა პირველი დღეების ნაცრისფერი შთაბეჭდილებები. ოლიმპიური ლონდონი სტუმარ-მასპინძლურ ურთიერთობეში ახლა, გაცილებით უკეთ გამოიყურება, გარეგნულად მაინც.

ფერისცვალება და გახალისება იქნებ იმან გამოიწვია, რომ ბრიტანელებმა ოდნავ გვიან, მაგრამ მაინც დაიწყეს ოლიმპიური ოქროს მედლების მოპოვება. წარმოუდგენლად თავაზიანები გახდნენ სტუმრების მიმართ, გიღიმიან, გესალმებიან, აქეთ გეკითხებიან, ხომ არ გსურს მათი დახმარება.

ისინი რომ არა, თითქმის არაფრის მცოდნე მოხალისეების ამარა დარჩენილები, საშინლად დავიჩაგრებოდით.

ერთ სახალისო-სამწუხარო ამბავს გეტყვით. ახალჩასულებმა ექსელის სპორტკომლექსში პრესცენტრის მდებარეობა რომ მოვიკითხეთ კი მიგვასწავლეს, მაგრამ მეორე ბოლოში გასულები ისევ იქით გაგვისტუმრეს საიდანაც მოვედით.

გავბრაზდით, მაგრამ გვითხრეს, არა უშავს ჩვენ მიგაცილებთო. თავადაც კითხვა-კითხვით ძლივს მიგნეს კაი ხნის ძებნის შემდეგ. დარცხვენილებმა მოგვიბოდიშეს.

დიასპორა ოლიმპიადაზე
დღეს ლაშას ქართული დიასპორა მოეფერება
4 აგვისტოს ოლიმპიურ სოფელში, ადგილობრივი დროით 16 საათზე, ქართული დიასპორის თხოვნით, საქართველოდან ამ ოლიმპიადაზე პირველ ოლიმპიურ ჩემპიონთან, 20 წლის ლაშა შავდათუაშვილთან მოეწყობა შეხვედრა. ამ ღონისძიებაზე მიწვეულები ვართ თამაშებზე საქართველოდან აკრედიტებული ჟურნალისტებიც.

ლაშას გაჩემპიონებამ არამარტო საქართველოში, უცხოთში გაფანტულ ქართველებშიც სიამაყის დიდი განცდა გამოიწვია.

ბევრი ამ დღეებში საგანგებოდაც კი ჩამოვიდა ლონდონში ჩვენი ახალგაზრდა ოლიმპიური გვირგვინოსნის სანახავად. დღეს კი ყველა ერთად შეიკრიბება და მოეფერება ჩემპიონს.

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან

ოქრუაშვილი და პოლონელები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული