დილიდანვე ისინი მაცხოვრის შობის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში მიეშურებიან.
ამ მოლოდინს 5 აგვისტოს "მსოფლიო სპორტის" ჟურნალისტის, ოთარ მაღლაკელიძის ორგანიზებით, ოლიმპიადაზე აკრედიტებული ქართველი ჟურნალისტები ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილთან ერთად შევუერთდით. უსაზღვროდ გაიხარეს ჩვენმა თანამემამულეებმა ტაძარში ოლიმპიური ჩემპიონის ხილვით.
წირვა შეასრულა იღუმენმა დორთიმ (ზაზა ბარბაქაძე). ეს ეკლესია ორი საუკუნისაა. ერთი წლით იჯარა-გამოსყიდვით აუღია აქაურ ქართულ სათვისტომოს, შემდეგ კი ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილს შეუსყიდია და საჩუქრად გადაუცია მართლმორწმუნე თანამემამულეებისთვის.
სიხარული "ქართული სახლის" ჭერქვეშ
ბუნებრივია, საქართველოდან თამაშებზე აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ეს ყოველივე საინტერესო იყო იმითაც, რომ ჩვენს ოლიმპიელებთან და ოფიციალურ პირებთან თავისუფალი შეხვედრის შესაძლებლობა გვეძლეოდა, რასაც სპორტულ ასპარეზობებზე, ოლიმპიადის მასშტაბურობისა და უსაფრთხოების მკაცრი წესებიდან გამომდინარე, იშვიათად თუ ვახერხებთ.
ერთმანეთს მონატრებული ქართველების შეხვედრები ყოველთვის ამაღელვებელია.მით უფრო, რომ ახლა თანამემამულეებს, სამშობლოს გარდა, ის დიდი სიხარული აერთიანებდათ, რაც ოლიმპიადაზე ბრწყინვალე გამარჯვებით ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა.
სტუმრებს "ქართულ სახლში" ნანა ალექსანდრიამ და რეზო ჩომახიძემ უმასპინძლეს. აქვე იყვნენ ჩვენი საელჩოს ხელმძღვანელებიც. მთავარი გმირის, საქართველოს 34-ე ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის მოსვლამდე სტუმრებს ნანა ალექსანდრიამ გააცნო ქართული სპორტის მიღწევები და იქვე წარადგინა ჩვენი ორი ვეტერანი ოლიმპიური გვირგვინოსანი რომან რურუა და გიორგი ასანიძე.
მერე დადგა ყველაზე ამაღელვებელი წუთიც - ქართულ ანსამბლ "შვიდკაცას" მიერ შესრულებული მრავალჟამიერის ფონზე დარბაზში ლაშა შავდათუაშვილს შემოუძღვა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა.
კარგახანს გაგრძელდა მილოცვები, ყველას სურდა, ოლიმპიადის გმირთან სურათი გადაეღო და ჩვენს ჩემპიონსაც არავინ დაუტოვებია გულნაკლული. შეხვედრაზე მოვიდა და რამდენიმე სიმღერა შეასრულა ლონდონელთა ქართულმა ანსამბლმა, რომელსაც ქალბატონი ამილა გიბსონი ხელმძღვანელობს.
"სადაურსა სადაო" - ეს სიტყვები გორის რაიონის სოფელ ატენიდან 70 წლის წინათ უცხოეთში გაქცეულმა 105 წლის ემიგრანტმა, ალექსანდრე ბესტავაშვილმა აკანკალებული ხმით წარმოთქვა და გულში ჩაიკრა თავისი კუთხის შვილი, ასევე გორის რაიონის სოფელ კარალეთის მკვიდრი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი.
- აქაური ქართველობა, რომლებსაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ალბათ, ვერც წარმოვიდგენდით, ასეთი დაუვიწყარი ისტორიული მოვლენის მოწმე თუ გავხდებოდით. უსაზღვროდ ბედნიერები ვართ.
მადლობა ლაშას, რომ ყველა ასე გაგვახარა - გვითხრა ლონდონში მცხოვრებმა ქალბატონმა ხათუნა შავგულიძემ, რომელსაც მონატრებულ სამშობლოზე, მის წმინდა სალოცავებზე და მშობლიური ხალხის სიყვარულზე საკუთარი ლექსების შესანიშნავი კრებული დაუსტამბავს.
თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"