ჯილდო "ლელოშია"!

AutoSharing Option
როგორც ადრე ვწერდით, ლონდონში XXX საიუბილეო ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დღეებში სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ (შეიქმნა 1924 წელს) და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, პირველად ოლიმპიზმის ისტორიაში, მთელ მსოფლიოში შეარჩია ის 100 სპორტული ჟურნალისტი, რომელიც თავისი ქვეყნიდან ათჯერ და მეტჯერ იყო აკრედიტებული ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

ამ კრიტერიუმით არცთუ მრავალრიცხოვან ქვეყნებს შორის მოხვდა საქართველო და მისი ერთადერთი წარმომადგენელი, გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე, რომელიც ყველა ოლიმპიადაზე ჩვენი გაზეთიდან იყო აკრედიტებული.

რჩეულთა დაჯილდოება 2 აგვისტოს შედგა. სამახსოვრო საჩუქარი - ოლიმპიური ჩირაღდანი ლონდონის
თამაშების ოქროს ემბლემით ლაურეატებს გადასცეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასევე ვეტერანმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, როგორც ეს სცენარით იყო გათვალისწინებული.

"ლელო" ამ ღონისძიების შესახებ 3 აგვისტოს ნომერში ლონდონიდან მიღებული ინფორმაციით იტყობინებოდა. დღეს კი ამ პუბლიკაციიდან ამონარიდს გთავაზობთ:

"ეს არის უძველესი ქართული სპორტული გაზეთის, "ლელოს" დამსახურებისა და ამაგის აღიარება, რაც იმთავითვე ხალხის სიყვარულით გარემოსილმა ამ ეროვნულმა გამოცემამ შეიტანა საქართველოში სპორტისა და თვით სპორტული ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში.

ეს დაფასება თანაბრად ეკუთვნის "ლელოს" ყველა თაობის ჟურნალისტს, განსაკუთრებით იმათ, ვინც გაზეთში 1950-70 წლებში მოღვაწეობდნენ.

პირველებმა სწორედ მათ გაუკვალეს გზა ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკას ოლიმპიურ სარბიელზე. რომ არა მათი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, ეს დღეც არ დადგებოდა.

დიდი მოწიწებით ვუძღვნით ამ აღიარებას მიხეილ კაკაბაძის, ზურაბ ჯაფარიძის, ნოდარ გუგუშვილის, ბიჭიკო ქორქიას, ჯიმშერ ენუქიძის, ოთარ ნოზაძის, ოთარ გელაშვილის, ნუგზარ შატაიძის ნათელ ხსოვნას.

ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ფლაგმანისთვის ეს დღე არც მაშინ დადგებოდა, ძალიან კრიტიკულ დროს პრობლემების დაძლევაში "ლელო" საგამომცემლო სახლ "მედია პალიტრას" თავის ფრთებქვეშ რომ არ შეეფარებინა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული