ის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს მართავს სპორტის განვითარებისა თუ სხვა საჭირბოროტო საკითხებზე.
12 დეკემბერს რებერნი მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძეს და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძეს შეხვდა, 13 დეკემბერს კი აუდიენცია მინისტრ ლევან ყიფიანთან ჰქონდა.
შეხვედრას თევზაძე, დოლაბერიძე, პროფესორი გურამ ძაგანია და საქართველოს რაგბის კავშირის შოტლანდიელი კონსულტანტი რიჩი დიქსონიც ესწრებოდნენ, საუბრის თემა კი სპორტის აკადემიის
ამ უმაღლესი სასწავლებლის აღდგენა უკვე გადაწყვეტილია და ეს მხოლოდ დროის საკითხია. სადღეისოდ სასწავლო პროგრამების, მმართველობითი სისტემისა თუ ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხების შეჯერება მიმდინარეობს.
ამ კუთხით გარკვეული მონახაზიც არსებობს, სახელწოდების შეცვლა კი უკვე გადაწყვეტილია - აკადემიის ნაცვლად მას სპორტის უნივერსიტეტი დაერქმევა, რაც რანგსა და სტატუსს აუმაღლებს.
სპორტის მმართველთა სურვილია, სასწავლებელმა აკრედიტაცია ამ ზაფხულშივე გაიაროს და სექტემბერში უკვე პირველი ნაკადიც მიიღოს. ვნახოთ, რამდენად მოესწრება.
სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ჩარლი რებერნის 13 დეკემბრის შეხვედრაც უნივერსიტეტის ამუშავების საკითხს დაეთმო. სტუმარ-მასპინძელმა ერთურთში ჯერ დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს, მერე კი მედიისთვის ბრიფინგი გაიმართა.
ლევან ყიფიანი: "მოგეხსენებათ, პრიორიტეტად დავისახეთ სპორტის აკადემიის, ანუ სამართლიანობის აღდგენა, რათა საქართველოს დაუბრუნდეს უმაღლესი სპორტული სასწავლებელი.
ამ კუთხით ვდგამთ ნაბიჯებს და ჩვენი მეგობრების - რაგბის კავშირის, პირადად რიჩი დიქსონის დახმარებით ჩამობრძანდა ფიზიკური აღზრდის კონსულტანტი რებერნი, რომელიც გვაძლევს პირველი ეტაპისთვის აუცილებელ რჩევებს.
ცხადია, ჩვენც გვაქვს გარკვეული ხედვა, ბატონ გურამ ძაგანიას და ირაკლი დოლაბერიძის ხელმძღვანელობით შექმნილია საკონსულტაციო ჯგუფი, რომელთან ერთადაც დაისახა სამომავლო გეგმები აკადემიის სწრაფად აღსადგენად და მისი რეგიონული მნიშვნელობის სასწავლებლად გარდასაქმნელად.
ამ პროცესში ჩვენი ევროპელი მეგობრების კონსულტაციები ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მთავრობის სხდომაზე პროექტი გავიტანეთ, რათა რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ აკადემია. ზუსტი ვადები სამუშაო პროცესში დადგინდება, მაგრამ გვინდა, ზაფხულში აკრედიტაცია მოესწროს".
ჩარლი რებერნი: "ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში სტუმრობა. მინისტრთან შეხვედრისას დავრწმუნდი, რომ ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ სასწავლებლის აღდგენას და ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური ჯგუფია შექმნილი.
მოხარული ვიქნები, თუ ამ მიმართულებით მცირე წვლილს მეც შევიტან და ქართველ კოლეგებს ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ, თუ ეს მათ გამოადგებათ".
გურამ ძაგანიას, რომელიც წლების განმავლობაში ნაყოფიერად მუშაობდა სპორტის აწ უკვე ყოფილ აკადემიაში, მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.
- თქვენეული მოდელი რას ითვალისწინებს, როგორი ფორმით აღდგება აკადემია?
- გადაწყვეტილია, რომ ეს იქნება სამსაფეხურიანი უნივერსიტეტი და არა აკადემია. პირველი საფეხური მოიცავს ოთხწლიან ბაკალავრიატს, მეორე - ორწლიან მაგისტრატურას და მესამე - სამწლიან დოქტურანტურას.
ეს უფრო თანამედროვე, ევროპული მოდელია. რადგან საქართველო 2005 წლიდან მიერთებულია "ბოლონიის პროცესზე", აუცილებლად უნდა ჩავჯდეთ განვითარების ევროპულ მოდელში. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი უნივერსიტეტი გახდეს ევროპული დონის.
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რა მდგომარეობაშია? ალბათ, ბევრიც განადგურდებოდა...
- საბედნიეროდ, ძირითადი ბაზა განადგურებული არაა, მხოლოდ რაღაც-რაღაცებია დაზიანებული, მაგრამ რაც გვაქვს, უკლებლივ გვიბრუნდება. დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, გამოიყოფა თანხა და დაიწყება ბაზის აღდგენა.
გვპირდებიან, რომ უმოკლეს დროში მოესწრება ყველაფერი. გვინდა, რომ დაახლოებით მარტის ბოლომდე გავიაროთ აკრედიტაცია, რათა ივლისში უკვე გამოცდები ჩავატაროთ და სექტემბერში სწავლა დავიწყოთ.
- ბრძანეთ, რომ ევროპული ტიპის სასწავლებელი გაკეთდება. ანუ ის ადრინდელივით მხოლოდ მწვრთნელ-მასწავლებელთა მომზადებით არ იქნება დაკავებული და უფრო ევროპულ მოდელზე გადავა, ფართოდ გაიშლება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
- აუცილებლად, თუმცა მსგავსი მუშაობა ადრეც იყო ჩვენს აკადემიაში. აქ იქნება როგორც მასწავლებლის, ისე სპორტსმენის მომზადება. გვინდა, ამ ფაკულტეტების გარდა იყოს პროფესიული მომზადების ფაკულტეტი, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, რათა ევროპულ სტანდარტებს მოვერგოთ.
სხვანაირად ვერც აკრედიტაციას გავივლით და ვერც ისეთ კონკურენტუნარიან სპეციალისტებს გავზრდით, რომლებიც უცხოეთშიც იმუშავებენ. თუმცა ადრინდელ აკადემიას ავტორიზაცია არ სჭირდებოდა, მის დიპლომს ყველგან ცნობდნენ და აღიარებდნენ.
- ამ ხუთწლიანმა პერიოდმა, რაც აკადემიის გაუქმების შემდეგ გავიდა, დიდი დაღი დაასვა ქართულ სპორტს...
- ძალიან დიდი! თუნდაც მარტო ის აღვნიშნოთ, რომ მაშინდელი სპეციალისტებიდან ნახევარი აღარცაა ცოცხალი, ნერვიულობას გადაჰყვნენ! ამ 5-წლიანი პერიოდის ავბედითი კვალი ახლაც ჩანს, მაგრამ 2-3 წლის მერე კიდევ უფრო ცხადად დაგვეტყობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"