ანზორ თენაძე: კიდევ ბევრჯერ გაგახარებთ!

AutoSharing Option
2012 წელი ყველაზე საამაყო შიდა ქართლში გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლისთვის იყო. სწორედ აქ ვარჯიშობს საქართველოდან ლონდონის ოლიმპიადის ერთადერთი ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი.

მის გვერდით ამ სკოლაში კიდევ არაერთი ძლიერი ფალავანი ოსტატდება, რომლებმაც შარშან საშინაო და უცხოეთის არენებზე სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს.

წელიწადიც ხმაურიანი წარმატებით დაასრულეს - ქვეყნის ჩემპიონატში შიდა ქართლის ნაკრების შემადგენლობაში გუნდურ ჩათვლაშიც პირველობა არავის დაუთმეს.

სწორედ ამ ჩემპიონატზე და სხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ სპორტული სკოლის დირექტორ ანზორ თენაძეს.

- ლაშასთან დაკავშირებით რას ვარაუდობდით ოლიმპიადაზე?

-
2011 წლის წარმატებული დასასრულიდან გამომდინარე, თავს უფლება მივეცით, უფრო მაღალი შედეგებზე გვეფიქრა. ვინაიდან 2012 წელი ოლიმპიური იყო, მიზნად დავისახეთ ამ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებაზე მინიმუმ ერთი წარმომადგენელი მაინც გვყოლოდა.

თუმცა, მოგეხსენებათ, მოვლენები კარგად განვითარდა და ლონდონის ტატამზე ბაჩო ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი ვიხილეთ.

ლაშას, ახალგაზრდებიდან დიდებში რამდენიმე თვის გადასულს და ოლიმპიადის დებიუტანტს, დიდი ტალანტის მიუხედავად, პლანეტის უპირველეს სპორტულ ფორუმზე, ცხადია, პირდაპირ ოქროს ვერ დავუგეგმავდით, თუმცა საპრიზო ადგილზე მისი გასვლის იმედი გვქონდა.

საერთოდაც გვეიმედებოდა, რომ ჩვენი ორი შეგირდიდან შინ ერთი მაინც დაბრუნდებოდა მედლით.

საბედნიეროდ, ლაშამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და სამშობლოში ოქროთი დაგვიბრუნდა.

- გორის დარბაზისთვის სეზონის ბოლო აკორდიც ბრწყინვალე გამოდგა. დიდებში ასეთი გუნდური შედეგი გორს ათეული წლებია არ ჰქონია.
- საქართველოს ჩემპიონატში ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავდა. მათ სულ რამდენიმე წლის წინათ ჭაბუკებში, მერე ახალგაზრდებში ასპარეზობისას აჩვენეს შთამბეჭდავი შედეგები. ამჯერად დიდებში გადასულებმაც მშვენივრად იჭიდავეს.

ეს ლოგიკურია, რადგან თანდათან ხვეწენ ოსტატობას, ასაკთან ერთად ემატებათ გამოცდილება და იმავდროულად ხელს უწყობენ უმცროსი ძიუდოისტების დონის ზრდას.

ძირითადად ჩვენი სკოლის ბაზაზე დაკომპლექტებულმა შიდა ქართლის გუნდმა წლევანდელ საქართველოს ჩემპიონატში 3 პირველი, 1 მეორე და 5 მესამე ადგილი დაისაკუთრა. საერთოდ, გუნდის 9 მედალოსნიდან 7 ჩვენი დარბაზის წარმომადგენელია.

- აღსანიშნავია, რომ თქვენმა ამჟამინდელმა ჩემპიონებმა პირველად მოიპოვეს ეს ტიტული.
- მიუხედავად იმისა, რომ თავის წონით კატეგორიაში ლიდერია, ბაჩო ტატალაშვილი (73 კგ) აქამდე ქვეყნის ჩემპიონატის მართლაც მხოლოდ პრიზიორი იყო.

ამჯერად კი პირველი ადგილი აღარ დაუთმია. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ტატალაშვილი გუნდურში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია.

კონკურენციის თვალსაზრისით ძალიან რთული გზის გავლა მოუწია ვაჟა მარგველაშვილს (60 კგ). მიუხედავად ამისა, ჩვენ გვქონდა მისი იმედი, რადგან ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და დიდების საქართველოს ჩემპიონატში ორჯერ აქვს ბრინჯაოს მედალი მოპოვებული.

ამ ფონზე მისი ოქრო ლოგიკური ჩანს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 60 კგ-ში ფავორიტად ამირან პაპინაშვილი მიიჩნეოდა, რომელიც რეიტინგით მხოლოდ ჩვენთან კი არა, მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტთა შორისაა.

მაგრამ ვაჟამ შეძლო გამარჯვება, თანაც ისე, რომ თავდაპირველად აგებდა შეხვედრას. მარგველაშვილისთვის წლევანდელი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მერე ეს ჩემპიონობა სეზონის ღირსეული დასასრული იყო.

- მესამედ ჩემპიონობამდე სულ ცოტა დააკლდა პაატა ღვინიაშვილს...
- დიახ, პაატა ღვინიაშვილი (81 კგ) ამ შეჯიბრებაზე პრიზიორი მესამედ გახდა, აქედან მეორედ ფინალი დათმო. სამწუხაროდ, იგი ჯერჯერობით ვერ ახერხებს ოქრომდე მისვლას. პაატამ ამჯერად ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ავთანდილ ჭრიკიშვილთან მხოლოდ გაფრთხილებებით წააგო ფინალური პაექრობა.

იქამდე კი ძალიან დამაჯერებლად განვლო გზა. მას ყველაზე მეტად საერთაშორისო გამოცდილება აკლია და იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა მისცემს ანაზღაურების შანსს.

- და კიდევ 4 პრიზიორი გაგიხდათ...
- ბრინჯაოს მედლები ვანო თოთლაძემ (66), გიორგი პაპუნაშვილმა (73), იოსებ ჩილინდრიშვილმა (81) და ბექა ღვინიაშვილმა (90) მოიპოვეს. ყველა მათგანი ახალგაზრდა და პერსპექტიული ძიუდოისტია. მჯერა, რომ მომავალში ეს ბიჭები არაერთი წარმატებით დაგვამახსოვრებენ თავს.

- ბექა ღვინიაშვილის ახალ წონაში ნაჩვენები შედეგით თუ დარჩით კმაყოფილი?
- ბექას, მოგეხსენებათ, 2011 წელს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ შარშან თიაქრის ოპერაციის გამო გარკვეულ ხანს დასვენებამ მოუწია და ეს შედეგებზეც აისახა.

ოპერაციის შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიშის რეკომენდაციას ჩვენ თვითონაც არ ვაძლევდით, ამასთან საქართველოს ჩემპიონატის წინ მან წონაც შეიცვალა და ამიერიდან 90 კგ-ში იჭიდავებს.

მოსამზადებელ ეტაპზე არასრული დატვირთვის, წონის გამოცვლის და უმცროსი ასაკის (17 წლის) ფონზე ამ ძიუდოისტისთვის დიდებს შორის გამოსვლისას აღებული ბრინჯაოს მედალი, ცხადია, ურიგო არ არის.

ვარჯიშისას დატვირთვებს რომ გაზრდის და ფორმაშიც ბოლომდე შევა, ბექა უფრო დიდ მიზნებსაც შეუტევს.

- გასულ წელს ჭაბუკებისა და ახალგაზრდების შეჯიბრებებზეც არ გაკლდათ გამარჯვებები...
- ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი გაგვიხდა ერეკლე არხოზაშვილი (50 კგ). სამწუხაროდ, იმ გამარჯვების შემდეგ ტრავმა მიიღო და რეაბილიტაციის პერიოდი ცოტა არ იყოს გაუგრძელდა.

თავის წონაში ლიდერად ჩამოყალიბდა ზვიად ხუბულურიც (60), რომელმაც ზედიზედ ორი სარეიტინგო ტურნირი მოიგო საქართველოში. წამყვანი ძიუდოისტია აგრეთვე იესო კვირიკაშვილი (81).

ყველა მათგანი კიდევ რამდენიმე პერსპექტიულ ჭაბუკთან ერთად გაისად იბრძოლებენ ქვეყნის ნაკრებში დასამკვიდრებლად და საერთაშორისო არენაზე გამარჯვებების მოსაპოვებლად. საგულისხმოა, რომ წლეულს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჭაბუკების და ახალგაზრდების შეჯიბრებებზე მონაწილეთა დასაშვები ასაკი ერთი წლით გაიზარდა.

გასული სეზონი ახალგაზრდებში ორი ევროპული ვერცხლის მედლით დაასრულეს ვაჟა მარგველაშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა. წარმატებები გვქონდა ქვეყნის ჩემპიონატზეც. ახალი წლიდან ამ ასაკში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა იკრიბება და, ვფიქრობ, უფრო შედეგიანი წელი გვექნება.

- ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიურმა ჩემპიონობამ და სხვა არაერთმა წარმატებამ ალბათ თქვენი შეგირდების რაოდენობაზეც იმოქმედა.
- მოსწავლეთა რაოდენობა არასოდეს გვაკლდა, მაგრამ ბოლო ხანს მართლაც გაცილებით იმატა მათმა რიცხვმა. ყველა მსურველის მიღება ჭირს კიდეც.

ძნელია, მონდომებული პატარის უარით გასტუმრება და გადავწყვიტეთ საამისოდ მწვრთნელები კიდევ უფრო დავიტვირთოთ. გარდა ამისა, სოფლებშიც გავხსენით ჭიდაობის სექციები. ნორჩები იქ იწყებენ ვარჯიშს და მერე პერსპექტიულები გორში გადმოგვყავს.

- 2013 წელს როგორი იმედებით შეხვდით?
- მჯერა, რომ 2013 წელსაც მრავლად გვეყოლება სხვადასხვა ასაკსა და დიდებში ჩემპიონ-პრიზიორები, როგორც ძიუდოში, ისე სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში. ამასთან, იმედი მაქვს, არა მხოლოდ სპორტის ქომაგთათვის უკვე კარგად ნაცნობი ფალავნები იასპარეზებენ ნაყოფიერად, არამედ წარმატებულთა შორის ვიხილავთ ახალ სახეებსაც.

ამის პოტენციალი ჩანს დარბაზში. ამჯერად ჩვენი სკოლის აღზრდილი ტალანტების გვერდით იზრდებიან და ბევრს სწავლობენ მათი პატარა თანადარბაზელები.

უცხოელებიც გამოთქვამენ სურვილს გორში ერთობლივი წვრთნების და შეკრებების გავლაზე, რაც დადებითად მოქმედებს ჩვენი შეგირდების მომზადების დონის ზრდაზე. ასე რომ, იმედი გვაქვს. კიდევ არაერთხელ გავახარებთ ქართული სპორტის გულშემატკივარს.

დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული