წლის კურიოზები

AutoSharing Option
გაზეთი "ლელო" აგრძელებს გასული სპორტული წლის შეჯამებას. ამჯერად, გთავაზობთ რამდენიმე კურიოზს, რომელსაც, ძირითადად, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ჰქონდა ადგილი...

ძილისგუდა ეგვიპტელები
ორმა ეგვიპტელმა მოჭიდავემ ხელიდან გაუშვა ლონდონის ოლიმპიადაზე მედლებისთვის ბრძოლის შანსი - მათ სტარტის წინ ჩაეძინათ. მოჭიდავეების შეხვედრები ყოველთვის სადილის შემდეგ იწყებოდა, მაგრამ თამაშების ბოლო დღეს, დახურვის ცერემონიის გამო, სტარტი დილისთვის გადაიტანეს. ეგვიპტელებმა ამის შესახებ არ იცოდნენ ან არ ახსოვდათ, მაგრამ როცა ისინი საჭიდაო დარბაზში მივიდნენ, მსაჯებს მათთვის უკვე წაგება ჰქონდათ ჩაწერილი.

სერენას კრიმინალური ცეკვა
ოლიმპიური ტურნირის ფინალში მარია შარაპოვას დამარცხების
შემდეგ, სერენა უილიამსმა გამარჯვების აღსანიშნავად რამდენიმე საცეკვაო მოძრაობა შეასრულა, რამაც ჟურნალისტებსა და სპორტის მოყვარულთა რიგებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ეს იყო crip walk - ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი კალიფორნიული კრიმინალური ბანდის - crip-ის ცეკვა.
"მე ვიცი ამ ცეკვის დასახელება, მაგრამ ვფიქრობ, არ ღირს მისი წარმოთქმა - ეს არაეთიკური იქნება", - განაცხადა მატჩის შემდეგ სერენამ. ჟურნალისტები არ დაკმაყოფილდნენ ამ პასუხით და ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, ისევ წამოწიეს ეს საკითხი, მაგრამ ამჯერად მკაცრი პასუხი მიიღეს. "ჯერერთი, ეს უბრალოდ ცეკვა იყო. მეორეც, არ მესმის, საერთოდ რატომ მეკითხებით ამის შესახებ? ნუთუ უფრო სასიამოვნო კითხვები არ არსებობს?!"

დროშის ჩამოვარდნა
ამით ქალთა საჩოგბურთო ფინალის დრამატიზმი არ ამოწურულა. მას შემდეგ, რაც სერენამ crip walk იცეკვა, ამერიკის ჰიმნის ფონზე დროშების აღმართვის დროს, ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში აშშ-ის დროშა ჩამოვარდა. ვიღაცეებმა ამაში საჩოგბურთო ღმერთების მხრიდან რისხვა ამოიკითხეს. თუმცა თავად უილიამსი ამის გამო დიდად არ შეწუხებულა და აგრძელებდა გამარჯვების აღნიშვნას.

ზეიმი რკინიგზის სადგურზე
გერმანელი ბადროს მტყორცნელი რობერტ ჰარტინგი ლონდონში ოქროს მედლის მოგების შემდეგ ეიფორიაში ჩავარდა. გახარებულმა მაისურა შემოიხია, ეროვნული დროშით შეიმოსა და სარბენ ბილიკზე განთავსებულ სპრინტერულ ბარიერებს გადაახტა. სანამ ჰარტინგი გამარჯვებას ზეიმობდა, მას აკრედიტაცია მოპარეს. დოკუმენტების გარეშე კი ის ოლიმპიურ სოფელში არ შეუშვეს (დაჯილდოვების ცერემონია მომდევნო დღისთვის იყო დანიშნული, ამიტომაც მედალი გერმანელს თან არ ჰქონდა). საბოლოოდ, რობერტს რკინიგზის სადგურზე მოუწია ღამის გათენება. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიელს აკრედიტაცია მხოლოდ დილისთვის აღუდგინა.

ორიანი გეოგრაფიაში
ბილბაოს "ატლეტიკის" დაახლოებით 400-ს გულშემატკივარს აერია ევროპის ლიგის ფინალის ჩატარების ადგილი და რუმინეთის დედაქალაქის ნაცვლად, უნგრეთის დედაქალაქში გაემგზავრა. ესპანურმა ტელეარხმა Antena 3-მა გამოაცხადა, რომ "ატლეტიკის" ფანების ნაწილი ბუქარესტის ნაცვლად ბუდაპეშტში გაემგზავრა იმ იმედით, რომ მხარს დაუჭერდა საყვარელ გუნდს მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩში. მათ ვერ იპოვნეს რუქაზე რუმინეთის დედაქალაქი და შეცდომით შეიძინეს ბილეთები ბუდაპეშტზე. როგორც აღმოჩნდა, ევროპელებში ეს შეცდომა საკმაოდ გავრცელებულია - ფინალის დროს სტადიონზე დიქტორმაც ასე გამოაცხადა: "მოგესალმებათ ბუდაპეშტი! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპის ლიგის ფინალზე". და მას მაშინვე აუტეხეს სტვენა ორივე გუნდისა და ადგილობრივმა გულშემატკივრებმა.

კორეელთა პროტესტი
გეოგრაფიასთან და ჰერალდიკასთან დაკავშირებული შეცდომები ისეთ დიდ სპორტულ ფორუმებზეც ხდება, როგორიცაა ოლიმპიური თამაშები. საფეხბურთო ტურნირის ორგანიზატორებს ერთმანეთში აერიათ სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის დროშები. ეს მაშინ მოხდა, როცა მატჩის წინ, ტაბლოზე ფეხბურთელების ჩამოთვლა მიდიოდა. ამის გამო, კორეელებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს და გასახდელში გაემართნენ. საბოლოოდ, მატჩი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო და ჩრდილოეთ კორეის გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

მაისურა საკიდით
ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის წინ, "ჩიკაგო ბლეკ ჰოქსის" ფორვარდი მარიან ჰოსა მოთელვაზე გავიდა მაისურით, რომელიც ჰოკეისტს საკიდთან ერთად ეცვა. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ სლოვაკმა დისკომფორტი იგრძნო და შეამჩნია, რომ საკიდი უშლიდა ხელს. ჰოსამ პარტნიორს სთხოვა კისრიდან ზედმეტი ნივთის მოშორება. ეს მომენტი შარშან ინტერნეტში ერთ-ერთი მთავარი ჰიტი იყო სპორტულ კურიოზებს შორის.

შხაპში გატეხილი მედალი
ბრაზილიელმა ძიუდოისტმა ფელიპე კიტადაიმ ლონდონის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მას დღე-ღამის განმავლობაში არ იშორებდა. მედალი შხაპის მიღების დროსაც კისერზე ეკიდა, რის გამოც თანაგუნდელთა დაცინვის საბაბი გახდა. ბოლოს, ფელიპემ მაინც გადაწყვიტა მედლის მოხსნა და ჯობდა ეს არ გაეკეთებინა - ძიუდოისტს ჯილდო ხელიდან გაუვარდა. მედალს მოტყდა "ყური", რომელშიც ლენტს უყრიან, თან პრიზმა შესამჩნევი დაზიანებები მიიღო. ფელიპემ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სთხოვა მედლის გამოცვლა და მას ეს თხოვნა შეუსრულეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული