თედო ზიბზიბაძე: შემიძლია, საქართველოს ნაკრებს კიდევ მოვუტანო სარგებელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შუამარბი თედო ზიბზიბაძე საფრანგეთში ათ წელიწადზე მეტია, თამაშობს.

აქედან ექვსი წელიწადი ჩვენებურმა ამჟამად ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "პერიგოში" გაატარა და ახლაც ამ გუნდის ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, რომ პერიგოელებმა მრავალჯერადი მცდელობის შემდეგ ელიტური, მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვეს, თუმცა პირველივე წელიწადს ხელი მოეცარათ და ისევ ფედერალ 1 დივიზიონში დაბრუნდნენ.

დღესდღეობით "პერიგო" ფედერალ 1 დივიზიონის C ჯგუფში ასპარეზობს და ამჟამად მესამე ადგილზეა, რაც საშუალებას აძლევს, პლეი ოფში მოხვდეს და ელიტარულ დივიზიონში დაბრუნებისთვის იბრძოლოს.

აღსანიშნავია, რომ თედო ზიბზიბაძე საქართველოს ნაკრებში საუკუნის დასაწყისიდან
ასპარეზობს და მსოფლიოს თასის ორ, 2003 და 2011 წლების გათამაშებაში იცავდა "ბორჯღალოსნების" ღირსებას.

საკლუბო კარიერის დეტალებსა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ თედო ზიბზიბაძეს პერიგოში დავუკავშირდით.

- საფრანგეთში დიდთოვლობაა. მოედანი ისე იყო დაფარული, რომ ვარჯიში ვერ შევძელით. ამიტომ ძალოსნობის დარბაზს მივაშურეთ. იმედი გვაქვს, საწვრთნელი პროცესი არ ჩაიშლება და მორიგი ტურის თამაშსაც არ გადაიტანენ.

- სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, "პერიგო" ცუდ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, თუმცა ჯგუფში მესამე ადგილი მეორე დივიზიონიდან დაქვეითებული გუნდისთვის რამდენადაა მისაღები...
- ახალი წლის წინ ზედიზედ შვიდი თამაში მოვიგეთ და სატურნირო მდგომარეობა ამით მნიშვნელოვნად გავიუმჯობესეთ. გასულ უქმეებზე შინ გათამაშების ლიდერს, "ტიროსს" ვეთამაშეთ და მინიმალური სხვაობით დავმარცხდით.

სატურნირო მდგომარეობას, ცხადია, არა უშავს რა, მაგრამ ამის მიღმა კლუბში სერიოზული პრობლემებია.

"პერიგოს" ფინანსურად გაუჭირდა, ხელფასების გაცემას აგვიანებენ. მეორე დივიზიონიდან რომ გამოვვარდით, ბიუჯეტი შეგვიმცირდა, სპონსორები საჭირო რაოდენობით ვეღარ მოიზიდეს. ამას გუნდში დაძაბულობა მოჰყვა. მოთამაშეებსა და მწვრთნელთა შტაბს შორის დაპირისპირებაა.

- იმედია, თქვენ მაგ ორომტრიალში არ მონაწილეობთ...
- არა, ჩემი საქმე მაქვს. გუნდის მორაგბეები დიდი ხანია, ერთად ყოფნით კარგად შეთამაშებულნი ვართ, გავდივართ და ვიგებთ.

ახლა კლუბის ხელმძღვანელებმა ორწლიანი პროგრამა შეიმუშავეს. წლეულს პლეი ოფში აუცილებლად უნდა ვითამაშოთ და თუ მეორე დივიზიონში გადასვლა ვერ მოვახერხეთ, მომდევნო სეზონში გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას და წარმატებით ასპარეზობას გეგმავენ.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მომდევნო სეზონში მაინც გადახვიდეთ მეორე დივიზიონში?
- ვერაფერს გეტყვით. მე რომ "პერიგოში" მოვედი, მეორე დივიზიონში გადასასვლელად ექვსი წელი დაგვჭირდა წვალება და ახლა ასე სწრაფად იმავეს გამეორება, ვფიქრობ, ძალიან გაგვიჭირდება.

- შარშან ელიტურ, მეორე დივიზიონში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძელით. რა იყო ამის მიზეზი?
- შარშან, როცა მეორე დივიზიონში თამაშის უფლება მოვიპოვეთ, სეზონი გვიან დამთავრდა. გუნდებს მაღალი დონის მოთამაშეები თითქმის ყველა განაწილებული ჰყავდათ. ამიტომ სათანადოდ გაძლიერება ვერ მოვასწარით.

კი მოიყვანეს რამდენიმე კარგი მოთამაშე, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. მეორე დივიზიონში, ფაქტობრივად, იმავე გუნდით მოგვიწია თამაში და ამიტომაც ვერ შევინარჩუნეთ ადგილი.

- სხვა გუნდში გადასვლის შანსი არ გქონდათ? ან ახლა ხომ არ გაქვთ რაიმე ახალი შეთავაზება?
- დიახ, როგორ არა. მაშინ ორ გუნდთან, "ბრივთან" და "ალბისთან" ვაწარმოებდი მოლაპარაკებას. "ბრივში" არ გამოვიდა, რადგან ვისი ადგილიც უნდა დამეკავებინა, ის კლუბში დარჩა.

"ალბიმ" კი იმდენად არახელსაყრელი პირობები შემომთავაზა, რომ ვარჩიე, ისევ "პერიგოში" დავრჩენილიყავი.

ახლახან ერთ-ერთი გუნდის აგენტი დამიკავშირდა, თუმცა ჯერ სერიოზული საუბარი არ გვქონია. გამორიცხული არ არის, ისევ "პერიგოში" დავრჩე.

- რაგბის გარდა, სხვა საქმიანობითაც ხართ დაკავებული?
- მწვრთნელთა კურსები გავიარე, ლიცენზია ავიღე და უფლება მაქვს, ფედერალ 1 დივიზიონის გუნდებთან ვიმუშაო. მინდა სწავლა განვაგრძელო, უფრო მაღალი კვალიფიკაციის ლიცენზია ავიღო, რათა სამომავლოდ მწვრთნელად სერიოზულ გუნდში ვიმუშაო. თუმცა ჯერჯერობით კიდევ შემიძლია და თანაც ძალიან მინდა, რაგბი ვითამაშო.

- ეროვნულ ნაკრებზეც ვისაუბროთ. შარშან, ნოემბრის ტესტებზე, თბილისში "ბორჯღალოსნებმა" ორივე თამაში წააგეს. როგორ შეაფასებდით ამ მატჩებს?
- ცოტა უფრო შორიდან დავიწყოთ. ივნისის ტესტებზე აშშ-სა და კანადასთან ვიასპარეზეთ. ვერც თამაში ვანახვეთ და შედეგიც ცუდი გვქონდა.

ნოემბერში იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან თითქოს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დადებითი შედეგი ვერც იქ ვაჩვენეთ. ვფიქრობ, ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი აზრიანი რაგბის თამაშს კი გვთავაზობს, მაგრამ მის ასათვისებლად დრო და ძალიან ბევრი მუშაობა გვჭირდება.

გული მწყდება, რომ ნოემბრის მატჩებში თამაში არ მომიწია. მალე ერთა თასის გათამაშება იწყება, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა. კლუბში საქართველოს რაგბის კავშირიდან ნაკრების მომავალი გეგმების პროგრამა კი მოვიდა, მაგრამ ნაკრებში გამოძახება ჯერ არ მიმიღია.

- ისე ამბობთ, რომ ეჭვობთ, არ გამოგიძახებენ?
- დიახ, ეჭვი გამიჩნდა. იყო თამაშები, რომლებშიც გამოძახებული ვიყავი, მაგრამ 22-კაციან განაცხადში ვერ მოვხვდი.

ვხედავ, რომ მწვრთნელი ჩემზე აქცენტს არ აკეთებს, უფრო ახალგაზრდებს ანიჭებს უპირატესობას, რაც ასეც უნდა იყოს, მაგრამ მე მაინც გული მწყდება. შემიძლია და, თანაც მინდა, რომ საქართველოს ნაკრებს კიდევ მოვუტანო სარგებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარია თედო თუ ჩამოწერენ სწორი არ იქნება.
riko
01:42 19-01-2013
0
თედო ძალიან მაგარია ჯერ ადრეა მისი ჩამოწერა
rezo
18:29 18-01-2013
0

სიახლეები პოპულარული