ელენე გედევანიშვილი - მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსეულის იმედით

AutoSharing Option
ქართველმა მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა 2012-2013 წლების სეზონი იაპონიაში ასპარეზობით დაიწყო; იქ ევროპის ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდა.

მერე გრან-პრის ორ ეტაპზე მოსინჯა ძალები და კანადაში მეორე ადგილიც დაიკავა. რამდენიმე დღის წინათ კი ზაგრებში კონტინენტის პირველობაზე მე-11 ადგილით დაკმაყოფილდა.

ელენე გედევანიშვილი ამჟამად თბილისში იმყოფება და, დედაქალაქში საციგურაოს უქონლობის გამო, სპორტულ დარბაზში ვარჯიშობს.

- წლევანდელ სეზონს ახალი პროგრამებით შევხვდი, - გვითხრა ელენემ. - ისინი უწინდელზე ბევრად რთულია, ამიტომ მათი დახვეწა ტრავმის შემდეგ გამიჭირდა, თუმცა გრან პრის ეტაპებზე ცუდი შედეგი არ მქონია. აი, ევროპის ჩემიონატზე
კი ხელი მომეცარა.

გულდასაწყვეტია, მაგრამ წუწუნს აზრი არა აქვს. მალევე დავივიწყე და მონდომებით ვემზადები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც კანადაში გაიმართება. ეს შეჯიბრება სალიცენზიოა, ამიტომ უძლიერესი მოციგურავეები მოიყრიან თავს.

2014 წლის ოლიმპიადის საგზურის მოპოვება, ცხადია, არ გამიჭირდება. ჩემი მიზანია ექვსეულში მოხვედრა. კვირას კანადაში მივემგზავრები და მზადებას იქ განვაგრძობ. ცოტა ხანს კიდევ დავრჩებოდი თბილისში, მაგრამ აქ, სამწუხაროდ, ყინული არ არის და ვერ ვივარჯიშებ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ქომაგს მადლობა ვუთხრა. განსაკუთრებით ფიგურული ციგურაობის ფედერაციას და მის ხელმძღვანელ მაკა გიორგობიანს ვემადლიერები, რომელიც ყოველთვის გვერდით მიდგას.

- ვიცი, რომ სპორტის მინისტრს შეხვდი...
- დიახ, მე და მაკა გიორგობიანი ბატონმა ლევან ყიფიანმა მიგვიღო. დახმარება და თანადგომა აღგვითქა. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სპორტის მინისტრს კვლავ შვვხვდებით და სამომავლო გეგმებს წარვუდგენთ. იმედია, წინსვლა იქნება.

- თქვი, რომ სამთო თხილამურობა გიყვარს...
- ეს არის შემთხვევითი. იცით, რომ ჩემი ძმა სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს. მართალია, ბოლო დროს ცოტა სირთულეები შეექმნა, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან შესანიშნავ ფორმაშია, თან ოლიმპიადის ლიცენზიამდეც ცოტა აკლია.

მჯერა, რომ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს და ორივენი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშში ვიასპარეზებთ.

დოსიე

ელენე გედევანიშვილი დაიბადა 1990 წლის 7 იანვარს თბილისში. ამჟამად ბერკლიკოლეჯში (აშშ) სწავლობს კრიმინოლოგია-ფსიქოლოგიის სპეციალობით.

ვარჯიში დაიწყო თამარ ანჯაფარიძის ხელმძღვანელობით. მოსკოვში გადასვლის შემდეგ გალინა ზმიევსკაია, ელენა ვოდორეზოვა და ტატიანა ტარასოვა ავარჯიშებდნენ; აშშ-ში რობინ ვაგნერი ამეცადინებდა, ამჟამად კანადაში ბრაიან ორსერთან იმაღლებს ოსტატობას.

საუკეთესო შედეგები: ევროპის ჩემპიონატებზე - ბრინჯაოს მედლები (2010, 1012 წ.წ.), ოლიმპიურ თამაშებზე - მე-10 ადგილი (2006), მსოფლიოს ჩემპიონატებზე - მე-10 ადგილი (2009, 2011, 2012 წ.წ.), მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.

უყვარს სნოუბორდი, სამთო თხილამურობა, ჰოკეი, ჩოგბურთი. ქომაგობს რაფაელ ნადალს.

ჰობი. კლასიკური მუსიკა. წიგნების კითხვა. საყვარელი მწერალი ოსკარ უაილდი.

კერპი. იაპონელი მოციგურავე, ოლიმპიური ჩემპიონი სიძუკა არაკავა

მიზანი. საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა და 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსეულში მოხვედრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული