"მინისტრად დანიშვნის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდი სანაცნობო წრე მყოლია"

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის მისაღებში უამრავი ადამიანი ტრიალებს. ყველა საკუთარი პრობლემებით აკითხავს.

გაგიკვირდებათ და, მათ შორის სპორტსმენებზე უფრო სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები არიან, რომელთაც იმედი აქვთ, რომ სპორტის სამინისტროში დასაქმდებიან...

მინისტრმა ჩვენთან ინტერვიუსთვის საკმაო დრო გამონახა და არა მხოლოდ საქმეზე, პირად თემებზეც გვესაუბრა.

გვერდი ვერ ავუარეთ მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს - მამას, ცნობილ ფეხბურთელ დავით ყიფიანს...

- სპორტი თქვენი ცხოვრებაა და ეს ნათქვამი გაქვთ, მაგრამ როგორია მინისტრობა?
- როდესაც საქმეს იწყებ, ყოველთვის იმედიანად ხარ განწყობილი, მაგრამ
ვიტყოდი, რომ შემოთავაზება მინისტრობაზე მოულოდნელი იყო. ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ სპორტის მინისტრი გავხდებოდი. ფეხბურთში და ზოგადად სპორტის სხვა სახეობებში დაახლოებით ერთი და იგივე პრობლემებია.

შემოთავაზება პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მივიღე. დიდი პატივია, რომ ასეთი ნდობა დავიმსახურე. ამ კაბინეტში იმედიანი განწყობით შემოვედი. ჩვენ უნდა შევქმნათ საქართველოში ისეთი პირობები, რომ ამ ქვეყნისთვის სპორტი სავიზიტო ბარათი გახდეს.

ჩვენი უწყება ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც გახლავთ. ამიტომაც ვფიქრობ ახალგაზრდების პრობლემების გადაწყვეტის გზებზეც, არა მხოლოდ სპორტში ჩაბმის კუთხით, არამედ ზოგადად, ცხოვრებისეულ საკითხებსაც ვგულისხმობ.

მინდა, ახალგაზრდებმა იპოვონ ისეთი სამუშაო ადგილი, სადაც სწავლისგან თავისუფალ დროს დაკავდებიან.

- ვიცი, რომ თქვენს სამინისტროს უამრავი ადამიანი აკითხავს და დღეში ასეულობით ადამიანს იღებთ. რა პრობლემებით მოდიან?
- ყოველთვის გვაქვს ადამიანების დახმარების სურვილი, მაგრამ სამინისტროში კადრების ლიმიტირებული რაოდენობაა. შტატები სრულად არის შევსებული, რადგან ძველი თანამშრომლების უმეტესობა დარჩა თავის სამუშაო ადგილზე; მოვიდნენ ახალი კადრებიც და სამუშაო გუნდი უკვე ჩამოყალიბებულია.

უამრავი ადამიანი გვაკითხავს სამსახურის სათხოვნელად. სხვადასხვა სპეციალობის ადამიანს ჰგონია, რომ სპორტთან ურთიერთობა ყველას ადვილად შეუძლია. სინამდვილეში ეს სპეციფიკური სფეროა, სადაც სხვადასხვა ფედერაციასთან, დამოუკიდებელ სპორტულ ორგანიზაციასთან, სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან, ახალგაზრდულ თვითმმართველობებთან გიწევს კონტაქტი.

ამ სამინისტროს შტატში სულ 91 კაცია. ამას ვერც ვაკლებთ და ვერც ვამატებთ. ვინც აქ მუშაობს, მათდამი ჯერჯერობით არანაირი პრეტენზია არ მაქვს. თუკი ახალი კადრი დაგვჭირდება, აუცილებლად საიტზე გამოცხადდება კონკურსი.

უკვე 4 თვე გავიდა. ეს ის დროა, როდესაც გუნდი ჩამოყალიბებულია და შესაბამისად, მოხარულნი ვიქნებით, თუკი ადამიანები კონკრეტული პროექტებით და წინადადებებით მოვლენ.

- სპორტსმენებს რა თხოვნები აქვთ მინისტრთან?
- სოციალური საკითხები. გამოხატავენ იმ უკმაყოფილებას, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა; ასევე, დაკავებული ვარ პირადი ურთიერთობების რეგულაციით.

- იყო დაპირისპირებები ძიუდოს ფედერაციაში. არის სხვა კონფლიქტებიც...
- რა თქმა უნდა, კონფლიქტი არ არის კარგი, მაგრამ, მეორე მხრივ, სპორტი ჯანსაღი სფეროა, სადაც შეიძლება იყოს უთანხმოება, რომელიც არ უნდა გაღრმავდეს და სწორედ ამ კუთხით ვართ აქტიურად ჩართულები, რათა დაპირისპირებული მხარეები ერთად დასხდნენ და პრობლემები მაგიდის გარშემო მოაგვარონ.

მოტივირებულნი ვართ, რომ კონფლიქტები მინიმუმამდე დავიყვანოთ, თუმცა სპორტი ოჯახია, სადაც სხვადასხვა ხასიათის, ინტელექტის ადამიანები არიან და ამის ბოლომდე დარეგულირება შეუძლებელია. ეს პროცესია. მთავარია, დავიცვათ ობიექტურობა. ვფიქრობთ, ამ ურთიერთობებში ოქროს შუალედს მოვძებნით.

- ბიძინა ივანიშვილმა ახსენა ნაცნობობა, რითაც სამსახურში ხშირად ინიშნებიან. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? ალბათ, დიდი სანაცნობო წრე გყავთ...
- მინისტრად დანიშვნის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდი სანაცნობო წრე მყოლია (იცინის). არ მეგონა, რომ საერთოდ ამდენ ადამიანს ვიცნობდი. ხანდახან ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე, დასანანია, რომ მნიშვნელოვან მომენტებში, როდესაც ძალიან მიჭირდა, ჩემდა საუბედუროდ, ეს ხალხი არსად ჩანდა. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე.

მახსოვს, როცა მამაჩემი ცოცხალი იყო, კარი არასდროს იხურებოდა და სულ მისვლა-მოსვლა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დასანანია, რომ ზოგიერთი ადამიანი ასე იქცევა. ჩემთვის მთავარი ურთიერთობების შენარჩუნებაა. საქართველოში ყველაფერი ურთიერთობებზე დგას და ნაცნობობას ვერავინ მოსპობს, მაგრამ ამით სამინისტრო არ უნდა დაზარალდეს და მის მუშაობაში პროფესიონალები უნდა იყვნენ ჩართულნი.

- რაღაც მაინც ხომ შეიცვალა, რაც მინისტრი გახდით? მაგალითად, ალბათ არ იქეიფებთ გათენებამდე მეგობრებთან ერთად...
- რა თქმა უნდა, შეიცვალა. ძალიან მცირე დრო მაქვს ოჯახისა და მეგობრებისთვის. ორი ბიჭი მყავს, 17 და 14 წლის. მათთან ურთიერთობა მაკლია. ასევე - მეგობრებთანაც, რომლებსაც ჩემს ოჯახად განვიხილავ. უფრო დაფიქრებული გავხდი, ახალმა რეალობამ შეცვალა ჩემი ცხოვრების წესი.

დილიდან საღამომდე სამინისტროში შესვენების გარეშე ვმუშაობ, რაც, ვფიქრობ, დროებითია. აუცილებელია, ადამიანს ამოსუნთქვა შეეძლოს, ჯანსაღი ცხოვრების საშუალება მიეცეს. თუკი ნორმალური ძილის, კვებისა და ვარჯიშის საშუალება არ გექნა, გამოიფიტები და ნაკლებად პროდუქტიული გახდები.

დღეს ნორმალურად კვებასა და ძილს ნამდვილად ვერ ვახერხებ. ძალიან დატვირთული ვარ, მაგრამ მივდივარ დღის რეჟიმის დალაგებისკენ. გამოწვევა მივიღე და ვცდილობ, თავად მოვაგვარო ეს საკითხები.

ახლა ჩემთვის გადამწყვეტია, ის მთავარი თემები დარეგულირდეს, რაც ჩვენი სამინისტროს საქმიანობის სფეროს ეხება.

- ვერ გავექცევით ბატონ დავით ყიფიანზე საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, ერთი და იგივე შეკითხვები მის შესახებ მობეზრებული გექნებათ. ფიქრობთ ხოლმე, მამა რას იტყოდა ამა თუ იმ ნაბიჯზე?
- პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ მამაზე კითხვები არასდროს იქნება მოსაბეზრებელი. ამგვარი კომპლექსებისგან თავისუფალი ვარ. ეს რეალობა და ჩემი ცხოვრება ჩემი მშობლებიდან მოდის. მოხარული ვარ, რომ ასეთი მშობლების შვილი ვარ. რა თქმა უნდა, მამის როლი განსაკუთრებულია.

საამაყო და საპასუხისმგებლოა, როცა მამა ქვეყნისთვის ასეთი საყვარელი ადამიანია და ქუჩაში ხალხი გლოცავს, როცა მის გვარს ატარებ და მისი შვილი ხარ. ბავშვობიდან ვიგრძენი ეს დამოკიდებულება, როცა ხელიხელჩაკიდებულნი დავდიოდით ქუჩაში. ზოგჯერ თვეობით ვერ ვხედავდი, როცა 2-3-თვიანი შეკრებები ჰქონდა. სულ მქონდა იმის მოლოდინი, როდის დაბრუნდებოდა. მახსოვს ის ემოციები და ახლაც მავსებს ის გრძნობა.

გარკვეული პასუხისმგებლობა მეც მაკისრია. ამიტომაც ვცდილობ, ყველასთვის ღია ვიყო და ჩემი ოჯახიშვილობა გამოკვეთილი იყოს. არ მინდა, ჩემი ოჯახი რაიმე არასწორი ნაბიჯით დავაზარალო.

- მამას რით ჰგავხართ?
- ალბათ, მიზანდასახულობით. ფეხბურთში ვერ დავემსგავსე. რაღაც დონეზე კომპლექსი, რაზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, ალბათ მაინც მქონდა. ეს ყველა ცნობილი ადამიანის შვილს ჰქონია. მე ჩემი წილი სპორტული კარიერა განვვლე და აქტიურ სპორტში ჩემი ჟინიც დავიკმაყოფილე, მაგრამ ამ სფეროში დავრჩი და განვვითარდი სამენეჯერო კუთხით, თუმცა პროფესიით იურისტი გახლავართ. ალბათ ამანაც მომიყვანა დღევანდელ დღემდე.

მქონდა წარმატების წყურვილიც. სპორტში წარმატებების მიღწევა დიდ შრომას, ტრავმებს, იმედგაცრუებებს უკავშირდება. თუმცა, როცა ამ იმედგაცრუებების შემდეგ გამარჯვება მოდის, ეს ძალიან ტკბილია. რადგან ეს ვიცი, ამიტომაც ჩვენს სპორტსმენებს განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ და მეტი მოტივაციაც მაქვს, რომ მათ მხარი დავუჭირო და პირობები შევუქმნა. მათი გამარჯვებები დიდ სტიმულს მაძლევს. ამაზე უფრო მეტი ფიქრი მმართებს.

აუცილებელია, რომ ახალგაზრდები სპორტში ჩაებნენ და ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარდეს. ჩვენდა საუბედუროდ, დღეს სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. სახელმწიფოს ამაში დიდი როლი აქვს: უნდა გაუწიოს პოპულარიზაცია და შექმნას პირობები. მოედნების და დარბაზების კეთილმოწყობა იწვევს პოპულარიზაციას და მასობრიობას.

ასევე, საკანონმდებლო ბაზის შექმნაც აუცილებელია. თუნდაც ის დაპირისპირებები და საქმეების გარჩევა, რომლებიც სპორტულ სამყაროში ხდება, შესაბამისი კანონის არარსებობით არის განპირობებული და ასეთ ვითარებაში კონფლიქტის დარეგულირება პირადი ავტორიტეტის საფუძველზე გვიწევს. 1996 წელს მიღებული კანონი დღემდე მოქმედებს, მას მერე არაფერი შეცვლილა. დაამატეს, რომ სპორტის სამინისტრო შეუერთდა კულტურის სამინისტროს და მერე გამოეყო.

- საინტერესოა, რაიმე გატაცება თუ გაქვთ?
- სპორტი თან ჰობიც არის. ვერ გეტყვით, განსაკუთრებულად ნადირობა ან თევზაობა მიყვარს-მეთქი. სხვათა შორის, ნადირობის ყურება მიყვარს უფრო, ვიდრე თავად პროცესი, თუმცა ბევრჯერ მინადირია.

ჩემი ჰობი მეგობრებთან ერთად ყოფნაა. მიყვარს კარგი წითელი ღვინო, ქეიფი და თამადობაც კარგად გამომდის.

ბაბუებიდან მომდევს ეს ტრადიცია. დედაჩემის ბაბუის გაზრდილი ვარ. დავით მიქელაძე გახლდათ რენტგენოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მთელი ცხოვრება ქეიფობდა (იცინის). 80 წელს იყო გადაცილებული, მეგობრებისთვის თვითონ რომ აწყობდა სუფრას. პატარა ვიყავი და ამას დიდი ინტერესით ვუყურებდი. ეტყობა, ჩამრჩა მეხსიერებაში.

ასევე კარგი მოქეიფე გახლდათ დიდი დავით ყიფიანი. აქედან გამომდინარე, ეს ტრადიცია ჩემს ცხოვრებაშიც არსებობს.

შეიძლება ვიღაცისთვის ძველმოდურიც იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ურთიერთობების ლამაზი ფორმაა; ადამიანის გაცნობის, სილაღის, სიმღერის, ლექსის თქმის კერაა.

იხილეთ სტატია სრულად

ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ შლით კომეტნარებს კველამ გაიგოს კიპიანი ზონდერებს რომ ხელს აფარებს წიკლაურებს და დუნდუებს.პრემიერმა სამწუხაროდ არ იცის თორემ გაუშვებდა და ნორმალურს დანიშნავდა.
devi
12:17 15-03-2013
0

სიახლეები პოპულარული