Time Line: პატარა, ამაყი საქართველო

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო პეროტიმ გამომიგზავნა ლინკი, თან მიაწერა - დაგაინტერესებსო.

ლურჯი ფერის ლინკს დაუფიქრებლად ციმციმა დავუმიზნე, დავაწკაპუნე და საქართველოს დროშა გამოჩნდა, რომელიც ვრცელ სტატიას თან ერთვოდა.

რუბრიკის სათაური ასე ითარგმნება: "კულტურა და დროშები (მეორე ნაწილი)", ხოლო ჟურნალისტ მიკი პეტენეს სტატიის სათაურია:

"პატარა ამაყი საქართველო".

დღევანდელი "ტაიმლაინისთვის" უკეთეს თემას ვერც ვინატრებდი. არც შესავალს გავაგრძელებ, საქმეზე გადავიდეთ.

"მოკითხვა ყველას (Buongirno a tutti! in georgiano), ვისაც სპორტის დახმარებით მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის წარმოჩენა სურს.

ოლიმპიადის, მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებიდან ვარჩევ დროშებს და
ამის შემდეგ ვიწყებ წერას.

ეს მეორე წერილია, პირველი პანამას ეძღვნებოდა. ლათინური ამერიკის ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოს ბუნება იტალიურთან უფრო ახლოსაა.

კავკასიაში მდებარე ქვეყანა სამშობლოა დიდი პოეტებისა, მეომრებისა და... კალათბურთელებისა.

საქართველოს ნაკრები ფიბას რეიტინგში 50-ე ადგილზეა.

1968 წელს სერგო ფარაჯანოვმა გადაიღო ფილმი "ბროწეულის ფერი", რომელიც მაღალი ხელოვნების ნიმუშად ითვლება.

ფილმში ერთგვარი პროტესტია გამოთქმული საბჭოთა აგრესიის წინააღმდეგ. კავკასიის ქვეყნები ხომ საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, 1900-იან წლებში საბჭოთა უღელქვეშ იყვნენ, ხოლო 1993 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ახალი ომი დაატყდა თავს.

სწორედ ამ დროს დაიბადა საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და აღიზარდნენ მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, ნაკრების სამი ბურჯი, რომლებიც მზად არიან სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოს საქართველო კიდევ უფრო გააცნონ.

მათ გარდა არაერთი მაღალი კლასის კალათბურთელი გაიზარდა თბილისში (მაგალითად, ზაზა ფაჩულია), ქალაქში, რომელიც საქართველოს ცენტრია, ქვეყნისა, რომელიც სოფლის მეურნეობით, ღვინით ცხოვრობს... ასევე საუკუნოვანი ისტორია აქვს სპორტულ ტრადიციებს. განსაკუთრებით ჭიდაობას, ფეხბურთსა და კალათბურთს.

ქართველი სპორტსმენები ნამდვილი მეომრები არიან, მაღლები, ღონიერები, მოედნის გარეთ კი - მშვიდები, თავაზიანები.

სწორედ ასეთი ხასიათისა და ბრძოლისუნარიანობით მოახერხეს ქართველებმა საკუთარი ქვეყნის დღემდე საიმედოდ დაცვა. არც ისაა გასაკვირი, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მფარველი წმინდა გიორგია.

საქართველოს დროშაზე (რომელიც 2004 წელს დამტკიცდა) სწორედ წმინდა გიორგის ჯვარია გამოსახული, რომელსაც ოთხი მცირე ზომის წითელი ჯვარი ამშვენებს.

ასეთი ხუთჯვრიანი სიმბოლო (იერუსალიმური ტიპის) საქართველოს 1300-იან წლებშიც ჰქონდა და ჯვარცმული იესო ქრისტეს ხუთ ჭრილობასაც განასახიერებს.

თუ ძველად ბრძოლა ციხესიმაგრეებში მიმდინარეობდა, მეოცე საუკუნეში საქართველოში აშენდა არაერთი არენა სპორტული შეჯიბრებებისთვის.

მათ შორის ყველაზე გამორჩეული თბილისის სპორტის სასახლეა, რომელიც 1961 წელს აიგო.

ქართველთათვის ყოველი სანაკრებო შეხვედრა დიდი ზეიმია და ამიტომაც ეკუთვნით რეკორდი გულშემატკივართა სიმრავლეში - ერთ საკალათბურთო შეხვედრას 10 ათასი ქომაგი ბოლო 20 წელიწადში საბჭოეთის არც ერთ ყოფილ ქვეყანაში არ დასწრებია.

ვინ, თუ არა ექსმილანელმა კახა კალაძემ იცის, რას ნიშნავს სანაკრებო მატჩი ქართველებისთვის - ეს იდეალური ადგილია ბრძოლისა და სიმამაცის გამოჩენისთვის.

საბჭოთა პერიოდში საქართველოს ნაკრების ფუნქციას თბილისის "დინამო" ასრულებდა, რომელიც 1962 წელს ევროპის საუკეთესო კლუბი გახდა.

ევროლიგის ფინალში მადრიდის "რეალი" 90:83 დაამარცხა.

მას მერე თაობას თაობა ცვლიდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პოსტსაბჭოეთში კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო გუნდი ჰყავს. მაშ ასე, მოვიმარჯვოთ დიქტორის მიკროფონი და გამოვაცხადოთ:

ცენტრ-ფორვარდი, # 27 "ატლანტა ჰოქსიდან", 211 სმ სიმაღლის... ზაზაააა ფაჩულია!

იგი სადღეისოდ ყველაზე ცნობილი ქართველი კალათბურთელია, ნაკრების კაპიტანი. ფაჩულია NBA-ის ვეტერანადაც ითვლება - ამერიკაში მეათე სეზონს ატარებს.

მან 2009 წელს "ატლანტასთან" ოთხწლიანი, დაახლოებით 20-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა და ავტომატურად იქცა შეძლებულ ქართველად.

იგი თავს კომფორტულად ბრძოლის დროს გრძნობს, ჟურნალისტებს დღესაც ახსოვთ 2008 წელს მისი და კევინ გარნეტის შეტაკება, რომელშიც ქართველმა ამერიკელს არაფერი დაუთმო.

ზაზას მაგალითზე კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველები განსხვავებულები არიან.

უკანახაზელი, #9 "გალათასარაიდან", 196 სმ სიმაღლის... მანუჩაააარ მარკოიშვილიიიიი!

ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ამერიკული "სუპერბასკეტი" და ბიბლია - ეს წიგნები ამშვენებდა 17 წლის მანუჩარის საცხოვრებელ ოთახს ტრევიზოში (2002-03).

გავიდა წლები და 2009-ში იგი კვლავ დაუბრუნდა იტალიას - "კანტუში" ჩაირიცხა. 2013 წლის იანვარში კანტუელმა ქომაგმა იგი ცრემლების თანხლებით თურქულ "გალათასარაიში" გააცილა.

იგი ჩვეულებრივი ლეგიონერებისგან იმით განსხვავდება, რომ სადაც უთამაშია, ყველას თავი შეაყვარა.

მარკოიშვილი მოედანზე მეტად ტექნიკურია, მის მიღმა - სუფთა. მანუს სამარკო ნიშანია: დრიბლინგი-შეჩერება-ტყორცნა.

ცენტრი, #19 "ოლიმპიაკოსიდან", 216 სმ სიმაღლის... გიორგიიი შერმადინიიიი!

სწორედ ისეთი ადამიანია, როგორიც ქართველი უნდა იყოს - უჩვეულო. დაიბადა სოფელში თბილისთან ახლოს (ნატახტარში) და კალათბურთს ხელი სერიოზულად 16 წლისამ მოჰკიდა.

მაშინ უკვე 2 მეტრს იყო აცილებული. გიორგიმ საქართველოში სამი წელი ითამაშა, რის შემდეგაც მისი გვარი მსოფლიომ გაიგო - "პანათინაიკოსში" ჩაირიცხა და გუნდთან ერთად ევროლიგა მოიგო, თუმცა პირველ სეზონში იშვიათად თამაშობდა.

პირველად შერმადინი 2010 წელს პარიზში, ევროლიგის ფინალური ოთხეულის მატჩებისას ვნახე.

მისმა სიმაღლემ ყურადღება მიიქცია, ნაცრისფერი ტანისამოსი ეცვა. რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ (ინგლისური კარგად არ იცოდა), გულღია ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.

მეტად გულკეთილიც მომეჩვენა იმ სამყაროში, სადაც ყველა ერთმანეთს ქულას, გამარჯვებას არ უთმობს.

ფორვარდი, #20 "ბრუკლინ ნეთსიდან", 207 სმ სიმაღლის... თორნიკეეე შენგელიააა!

შენგელია მეხუთე ქართველია, რომელიც NBA-ის დრაფტზე აირჩიეს. ეს 2012 წელს მოხდა - "ფილადელფიამ" 54-ე ნომრად აიყვანა და "ბრუკლინს" დაუთმო.

მანამდე იგი ბელგიურ "შარლერუასა" და ესპანურ "ვალენსიაში" ირჯებოდა. 1991 წელს დაბადებული ახალგაზრდა მოქნილი, კარგი დამცველია, თავს შესანიშნავად გრძნობს ფარქვეშ და ზოგჯერ გარედანაც უტევს.

ქართული ტრადიციისამებრ არასტანდარტულია - გამორჩეულია შეტევითი მოხსნებისას.

დრაფტის შემდეგ თორნიკემ თქვა, მანუ ჯინობილი მომწონსო. წარმატებები, თოკო!

უკანახაზელი, #9 იერუსალიმის "ჰაპოელიდან", 185 სმ სიმაღლის... ჯეიკოოოობ პულეეეენი!

წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრები ამერიკელი კალათბურთელებით საზრდოობს.

სხვადასხვა დროს ქართული პასპორტით სარგებლობდნენ შემონდ უილიამსი, ტაირონ ელისი, ქუინტონ ჰოსლი. 2012 წელს ჯეიკობ პულენმა უშუალო დუელში აჯობა კორი ფიშერს და საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

ფორვარდი, #15 "ჩამპვილიდან", 213 სმ სიმაღლის ნიკოლოოოზ ცქიტიშვილიიიიი!

"სკიტა" 2002 წლის დრაფტზე მეხუთე ნომრად "დენვერმა" ტრევიზოს "ბენეტონიდან" აიყვანა. ხუთი წელი ეცადა, მაგრამ NBA-ში ფეხი ვერ მოიკიდა და ისევ იტალიაში დაბრუნდა, სადაც "ტერამოს" ღირსებას იცავდა.

ნიკოლოზი დიდებული პიროვნებაა, საუბრობს ექვს ენაზე და კარიერის ბოლოს შეგვიძლია მეტსახელად "მოგზაური" ვუწოდოთ. იგი ყოველწლიურად ქვეყნიდან ქვეყანაში, გუნდიდან გუნდში მოგზაურობს.

კარგი შორეული ტყორცნის გამო მას ამერიკაში ქართველ ნოვიცკად იცნობენ. ასევე აქვს "ხანჯლებით მოცეკვავის" რეპუტაცია.

ერთხელ, კევინ გარნეტმა ვერბალურად შეუტია: ვერ შემაჩერებო! სკიტამ მშვიდად მიუგო: მართლაც გამიჭირდება, რადგან შენ ვარსკვლავი ხარ, მე - ახალბედაო.

მას მერე იგი სამხრეთისკენ დაეშვა და 2012 წელს ლიბანს მიაღწია.

უკანახაზელი, #8 "ბუდიველნიკიდან", 192 სმ სიმაღლის... გიორგიიი ცინცაძეეეე!

ნატურალური გამთამაშებელია, დიდებული მეპასე. ცინცაძე ერთადერთი ქართველი პლეიმეიქერია, რომელიც ევროპაში თამაშობს.

2008-09 წლების სეზონში გიორგი "ტარტუ როკის" ღირსებას იცავდა, გუნდისა, რომელიც მაშინ ესტონეთში საუკეთესო იყო, მაგრამ ჩემპიონობა "კალევთან" დათმო. ტარტუელთა შემადგენლობაში არაერთი ცნობილი სახე იყო: ცინცაძე, სანიკიძე, ტალტსი, ბერდი...

ფორვარდი, #13 "მონტეპასკიდან", 203 სმ სიმაღლის... ვიქტოოორ სანიკიძეეეე!

ყველაზე მოდერნისტული სტილის ქართველი კალათბურთელი. 15 წლისა იყო, როცა ამერიკაში, ნიუ იორკის კოლეჯში ცდიდა ძალებს, ათლეტური, სუპერმხტომელია.

სანიკიძე 2009 წლის შემდეგ იტალიაში თამაშობს, ბოლონიის "ვირტუსის" ღირსებას იცავდა, თუმცა მიმდინარე სეზონის წინ შეთავაზება მიიღო "მონტეპასკიდან" და ევროლიგაზე თამაშს ნელ-ნელა აუმჯობესებს.

ფორვარდი, #6 "არმიადან", 205 სმ სიმაღლის... ვლადიმიიირ ბოისააა! (შევასწორებთ: "არმიაში" #6 ანატოლი ბოისაა, ავტორი კი მის ძმაზე, ვლადიმერზე წერს - ვ.ს.)

საქართველოს ნაკრებში სათადარიგო ფორვარდები არიან ახალგაზრდა ნიკა მეტრეველი და გამოცდილი ვლადიმერ ბოისა.

ვლადიმერიც სიენას "მონტეპასკიში" თამაშობდა და გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონობაც მოიპოვა. მეტრეველი მესამელიგურ "ომენას" ღირსებას იცავს.

მთავარი მწვრთნელი...

ბელგრადელი იგორ კოკოშკოვი პირველი არაამერიკელია, რომელიც კოლეჯის გუნდს ჩაუდგა სათავეში (1999 წელს). მუშაობდა "კლიპერსში", "დეტროიტსა" და "ფინიქსში".

მწვრთნელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 24 წლის ასაკში ავტოავარია შეემთხვა და კალათბურთელის კარიერა ვეღარ განაგრძო.

სწორედ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2009 წელს მეორიდან პირველ დივიზიონს მიაღწია და მას მერე მეორედ მოხვდა ევრობასკეტზე. კოკოშკოვმა პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან პირადად მიიღო ამერიკის მოქალაქეობა, ხოლო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან - ღირსების ორდენი. დაჯილდოება ვენახების ფონზე შედგა.

საქართველოზე მსჯელობისას არ უნდა დაგვავიწყდეს ვლადიმერ სტეფანია, რომელმაც დანარჩენებს NBA-სკენ გზა გაუკვალა, 1998 წელს დრაფტზე "სიეტლ სუპერსონიქსმა" აირჩია.

დღეს ამერიკის ნაციონალურ ლიგაში ორი ქართველია, თუმცა ნაკრები გაცილებით ძლიერია, ვიდრე 15 წლის წინანდელი. სლოვენიაში საქართველოს ნაკრები მძიმე წონის ტანკი იქნება, რომელსაც არაერთი მტრის განადგურება შეუძლია."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს...
ზოდი
16:40 17-03-2013
0
ვენაცვალე საქართველოს და ქართველებს !!!
iakobi
02:22 18-03-2013
0

სიახლეები პოპულარული