დაუთვლელი სიხარული - 11 აპრილს გაზეთ "ლელოს" მე-14 000 ნომერი გამოვიდა

AutoSharing Option
მთავარი რედაქტორის სვეტი
ჯერ კიდევ გუშინ "ლელოს" საერთო ნომრის ბოლო ციფრები სამი ცხრიანით მთავრდებოდა, დღეს კი ისინი ნულებად დამრგვალდა. ამ ციფრების წინ 13 ეწერა, რომელიც 14-ით შეიცვალა - 14 000!

დიახ, საქართველოში სახელ და სახეშეუცვლელ ვერც ერთ პერიოდულ გამოცემაზე ვერ ამოიკითხავთ დაარსების ათვლიდან მიახლოებულ რიცხვსაც კი.

დიახ, თქვენ ხელთაა ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და საქართველოში პირველი სპორტული გაზეთის მე-14 000 ნომერი!

გაივლის კიდევ ერთი კალენდარული წელიწადი და "ლელო" 80 წლისა გახდება. სხვა მხრივაც საინტერესო დამთხვევაა - ეს საიუბილეო ნომერი დღეს, 11
აპრილს გამოვიდა, ზეგ 13 აპრილს კი ჩვენი გაზეთის დაბადების დღეა. სხვათა შორის, მე-10 000 ნომერიც მკითხველმა სწორედ აპრილში მიიღო, 1989 წელს.

"ლელოს" მე-10 000 საიუბილეო ნომერში ვწერდი: "ჩვენი გაზეთის თითოეული ნომერი - ეს არის ქართული სპორტის თავისებური მატიანე, ყოველ მათგანს თან ახლავს ეპოქის მაჯისცემა, მსოფლიოს სპორტულ სამყაროში ჩვენი თვითდამკვიდრებისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლის სუნთქვა".

იგივეს გავიმეორებ ახლაც, მეოთხედი საუკუნის შემდეგ და ამაყად ვამბობ: "ლელო" იმთავითვე იყო, არის და რჩება თავისი 100-მდე რუბრიკით, ქართული სპორტის, ქვეყნის ამ წარმატებულ სფეროში ერის ინტერესების სამსახურში.

ვერავინ იტყვის, რომ "ლელო" მხოლოდ ინფორმაციისა და სტატისტიკის გაზეთია - პროპაგანდისტიცაა და ორგანიზატორიც. ის, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ყოფილ საბჭოთა სივრცეში ყველაზე ადრე საქართველოში შეიქმნა, "ლელოს" დამსახურებაა.

ჩვენთან ჩამოყალიბდა საორგანიზაციო კომიტეტი და ახალდაფუძნებულმა სეოკ-მა რედაქციის ჭერქვეშ იმუშავა წელიწადზე მეტი.

Sportall.Ge

14 000!
ბუნებრივია, "ლელოს" თითოეული ნომრის გამოცემა ამდენივე სიხარულია, მაგრამ ამას დაუმატეთ ათწლეულების განმავლობაში მკითხველთა რაოდენობა.

ვერც გამოითვლით, რამდენ ადამიანს რამდენჯერ მიანიჭა სიხარული ამ გაზეთმა, მით უფრო, რომ პირველი ნომრის 500 ეგზემპლარიდან დროთა განმავლობაში ყოველდღიური ტირაჟი 365 ათასამდე გაიზარდა. ეს იყო ამ გაზეთის საერთო-სახალხო სიყვარულის მკაფიო დასტური.

ამ სიყვარულმა სარისკო ნაბიჯიც გადაგვადგმევინა - "ლელო" დარჩა ერთადერთ დარგობრივ გაზეთად, რომელიც 80-იანი წლების მეორე ნახევარში, დავალების მიუხედავად, რუსულად დუბლირებული არ მიუღია მკითხველს.

2008 წლიდან, რაც "ლელო" "მედიაპალიტრას" შეუერთდა, გაზეთი წელში გაიმართა, პრობლემები აღარ ემუქრება.

არ შემიძლია, უღრმესი პატივისცემით არ მოვიხსენიო ის ფასდაუდებელი ღვაწლი, რომელიც "ლელოს" ყოფილმა რედაქტორებმა და ჟურნალისტებმა გასწიეს. ახალი სახელით გამოსვლამდე გაზეთს სარედაქციო კოლეგია უძღვებოდა.

პირველი რედაქტორის, მიხეილ კაკაბაძის ფუძეჩაყრილ ტრადიციებს სამაგალითოდ უერთგულეს გაზეთის მომდევნო ხელმძღვანელებმა - ერემო მახათაძემ, ირაკლი უგულავამ, ანზორ ბასილაიამ და არჩილ გოგელიამ.

ერთხანს, დრომ მოიტანა და, მიხეილ კაკაბაძეს გაზეთის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად უკვე მეორედ უხმეს რედაქტორად. ამ ბრწყინვალე პიროვნების ძალისხმევას უკავშირდება "ლელოს" ბაზაზე სპორტული ჟურნალისტიკის ფედერაციის შექმნა საქართველოში, "ლელოს" ბიბლიოთეკით წიგნების გამოცემა, სპორტული ტერმინოლოგიის დახვეწა და ა. შ.

ჩვენი დიდი მასწავლებელი ნიჭიერ ჟურნალისტთა შერჩევაშიც უბადლო იყო. საერთოდ, "ლელოში" სპორტულ ჟურნალისტთა თაობები აღიზარდა.

ისტორიას თავს ვერ შეაფარებ, იქ ადგილი უნდა მოიპოვო და დაიმკვიდრო. ჩვენმა გაზეთმა ეს შეძლო.

ხვალ "ლელოს" 14001-ე ნომერი გამოვა, დაიწყება ახალი ათასეულის ათვლა.

გილოცავთ!

თენგიზ გაჩეჩილაძე

ფაქტები სპორტული გაზეთების ისტორიიდან

* საყოველთაოდ ცნობილი ესპანური გაზეთი "დიარიო მარკა" 1938 წლის 21 დეკემბერს გამოიცა სან სებასტიანში. დღეისათვის "მარკა" ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთია ესპანეთში. "მარკას" მკითხველთა რიცხვი 3 მილიონამდეა.

* "ლელო" "მარკაზე" 4,5 წლით უფროსია...

* პირველი სპორტული გაზეთი იაპონიაში გამოვიდა 1946 წელს - "ნიკან სპორტსი". დღეისათვის "ნიკან სპორტსის" ტირაჟი 2 მილიონამდე აღწევს.

* ESM-ის (ევროპული სპორტული მედიის ასოციაცია) წევრი გაზეთი "სპორტ ექსპრესი" შედარებით ახალი პროდუქტია - ის პირველად 1991 წელს გამოვიდა რუსეთში.

* პორტუგალიური სპორტული გაზეთი "ა ბოლა" 1945 წელს დაარსდა და 1995 წელს გახდა ყოველდღიური.

* ყველაზე ძველი იტალიური სპორტული გაზეთი "გაძეტა დელო სპორტი" მილანში 1896 3 აპრილს გამოიცა. გაზეთმა პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები გააშუქა!

* რუსული სპორტული გაზეთი "სოვეტსკი სპორტი" 1924 წლის 20 ივლისიდან გამოდის. 1946 წლამდე მას "კრასნი სპორტი" ეწოდებოდა.

ნუკრი ნეფარიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავთ და წინსვლას გისურვებთ! ყველა დროის საუკეთესო სპორტული გაზეთი ბრძანდებით და მაღალი სპორტული ჟურნალისტიკის სტანდარტი. როდესაც გაზეთების ჯიხურში 5 კაპიკი ღირდა ლელო და იქვე კათხა ცივი ბურახი 5 კაპიკი ღირდა ბევრჯერ დილემის წინ აღმოვჩენილვარ რომელი ერთი მეყიდა :)
უძლევი
15:18 11-04-2013
0
გილოცავთ სულით და გულით!!!
საქართველოსთვის!!!
13:55 11-04-2013
0

სიახლეები პოპულარული