ვერ დაგვემართა კაი ამბავი, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენს ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატს მივხედოთ, სანამ ცოცხალია. წინა სვეტში ვწერდი, ევროპას ვუახლოვდებით - მეთქი და აგერ, კიდევ ერთი საბუთი მაქვს სამაგისო. წლეულს საკმაოდ დაბალანსებული პირველობა გვაქვს ფეხბურთში. შუა კვირაში გამართულ ხუთ შეხვედრაში თუ 15 გოლი გავიდა, გასულ
ასევე წინა შაბათს იყო, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი შესანიშნავი შედეგით რომ დაასრულა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ძალიან სასიამოვნო იყო ძლიერი ქართული გუნდის ყურება. აბა, რამდენმა ადამიანმა თქვა და როგორღა გავიმეორო, რომ ახლაა მთავარი ამ ბავშვების მიხედვა და ასე შემდეგ... თორემ, შვედების მწვრთნელის ნაწინასწარმეტყველები, რომ ჩვენი ბიჭებიც მალე უმაღლეს დონეზე ითამაშებენ, ქართულ საფეხბურთო მეურნეობაში ჩაუხედავი კაცის აზრად დარჩება. არადა, მართლა სასიხარულოა, რომ იზრდებიან შესანიშნავი ბიჭები - თებიძე, სანდოხაძე, ჰუფნაგელი, არაბული, სამუშია... სტერლინგი... ა, თუ თქვენ "ლივერპულს" არ ქომაგობთ?
ამასობაში სულ უფრო მძაფრდება ბრძოლა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებისთვის. ფავორიტი, რაღა თქმა უნდა, ინგლისია და ამაზე ისე გამწარებულ-გაშმაგებულ-გაგიჟებულები არიან რუსები, რომ რას ლაპარაკობენ, თვითონაც აღარ იციან. მათმა ერთ-ერთმა ჩინოსანმა ამას წინათ განაცხადა, ლონდონი ყველაზე კრიმინალური ქალაქია მსოფლიოში და საერთოდაც, ინგლისელებს ალკოჰოლიზმთან პრობლემები აქვთო. დააკვირდით, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს ამას - რომლის ყოფილი პრეზიდენტიც დღედაღამ გალეშილი დადიოდა და კონცერტებს აწყობდა აეროპორტებსა თუ ოფიციალურ შეხვედრებზე, რომლის ახლანდელი პრეზიდენტიც (ნუ, ასე ჰქვია ოფიციალურად მედვედევს) გასულ წელს ნიკოლა სარკოზის იღლიაში ამოდებული დაჰყავდა აქეთ-იქით, თავისით რომ ვეღარ აგნებდა გზას და რომლის მოსახლეობის ძლიერი სქესი ორიოდ ჭიქის დალევის შემდეგ ეგრევე ხდება ამავე ქვეყნის მოსახლეობის სუსტი სქესი.
ინგლისში კი, რაც სეზონი დაიწყო, მგონი, ყველა ლიგის ფეხბურთელი იმდენჯერ არ შეხებია ფეხით ბურთს, რამდენი სტატიაც უეინ რუნიზე დაიწერა. ბოლო ამბები ის არის, რომ მისმა შანტაჟმა, მანიუდან წასვლა მინდაო, შედეგი გამოიღო და ხელფასი კვირაში 250 ათას ფუნტამდე გაეზარდა. რუნის ჭირვეულობამ ძალიან გააბრაზა სერ ალექს ფერგიუსონი და დაუფარავად განაცხადა, უეინმა ძალიან მაწყენინაო. ბევრ ვარსკვლავს უწყენინებია სერ ალექსისთვის და კარგ დღეში არ ჩავარდნილან. მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს, ფერგიუსონს არ ეთმობა რუნი და დათმობაზე თვითონ წავიდა. ამის სანაცვლოდ რა ელის ფეხბურთელს, ჯერ არავინ იცის. მაგრამ, ათმაგად რომ ამოადენს ამ კაპრიზებს სერ ალექსი, აშკარაა, რადგან ის მანჩესტერულ კლუბში ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. როგორც ჩემი მეგობრის მიერ მოყოლილი ინგლისური ანეკდოტი ღაღადებს, სერ ალექსსა და ღმერთს შორის ის განსხვავებაა, რომ ღმერთი სულაც არ ფიქრობს, რომ ის ალექს ფერგიუსონია.
რუნის პრობლემები კი ცოლთან სკანდალით დაიწყო და საბოლოოდ ჯერ კიდევ არ დასრულებულა. იქნებ ამიტომაცაა, რომ ღრმად პატივცემული და ერთობ სოლიდური მწვრთნელი ჟერარ ულიე ფეხბურთელებს ურჩევს, ცოლების მოყვანისგან თავი შეიკავონ. თქვენო, ბიძიკოებო, პატარები ხართო, ამ ბურთის გორებით ჭამთ პურსო, ცოლები რომ მოიყვანოთ, ისინი გეტყვიან, რესტორანში წავიდეთო, თქვენ კიდევ ამ დროს ფეხები მაღალზე უნდა გქონდეთ შემოწყობილი და ტელევიზორს უყურებდეთო, თორემ მერე ვეღარ ითამაშებთო და ის ცოლებიც შეიძლება გაგიფრინდნენო. მართალია ეს კაცი. მაგრამ გამოსავალიც არსებობს. ამხელა ინგლისში ერთი რესტორანი როგორ ვერ გააკეთეს, რომ ფეხების მაღალზე შემოსაწყობი ჰქონდეს? აბა, მთლად ისეც არ შეიძლება, რომ ფეხბურთელებმა ცოლები ვერ მოიყვანონ, თორემ, აგერ, ~ბოლტონის" ფეხბურთელი კლასნიჩი, ეტყობა, ისე გაბეზრდა ფეხების შემოწყობით, სულ გადარეულა და 17 წლის გოგოს გაუპატიურებას აბრალებენ.
ფეხბურთელებსა და ცოლებზე სადაც სიტყვა ჩამოვარდება, იქ დევიდ ბექჰემი რომ არ ახსენო, კლავიატურა უნდა დაგემტვრეს კაცს. ჰოდა, ამ პოპწყვილის პირველმა ნაშიერმა უკვე მიბაძა მამიკოს და მარჯვენა ხელზე ტატუ გაიკეთა ჩინური იეროგლიფით- "ველური". ეს ტატუ ხალხმა პირველად "ლოს ანჯელეს გალაქსისა" და "დალასის" თამაშისას იხილა. მაგრამ ეგ ისეთი არაფერი, რაც მანამდე მოხდა. ბექზმა იქვე მინდორზე სტრიპტიზი მოაწყო და დასვრილი ტრუს-მაისური სუფთათი შეცვალა. ქალები თურმე სურათებს უღებდნენ და ისიც შეამჩნიეს, რომ არმანის საცვალი ეცვაო. ბექჰემისგან კი არ ველოდი ამას. მაგის გამო იხდიდა? მაშინვე ის გამახსენდა, ერთხელაც ერთმა ჩემმა კლასელმა ახალი ფეხსაცმელები რომ იყიდა და კლასში დილით ყველაზე ადრე მოვიდა და მაგიდაზე შემოაწყო ფეხები. ჰო, ისე, იმასაც იუწყებიან გაკვრით, რომ ბექჰემმა იმ შეხვედრაში გოლიც გაიტანა და თავის გუნდს მოაგებიანო.
ბოლოსკენ კი ფორმულა 1-ს მინდა შევეხო. შოტლანდიელი ქალი სიუზი სტოდარტი სამეფო რბოლებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. ცოტა რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ უნდა დართონ ნება და ეს სხვა პილოტებისთვის საშიში არანაირად იქნება. "ზადნით" სიარული იმას არ მოუწევს, ციმციმა მაგას არ ექნება ჩასართველი, ბოლიდებს სარკეები არა აქვს, რომ ქალმა მუდმივად მასში იყუროს, პარკინგი მაგას არ სჭირდება და ერთადერთი პრობლემა ისღა რჩება, ვინმეს თუ დაეჯახა, გადმოხტა მანქანიდან და ქმართან დაიწყო რეკვა, მოდი დაუნგრიე თავ-პირი ამას, ვიღაცამ დამარტყაო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"