შეხვედრა წარსულთან: ინგლისელი ძალოსანი VS ლაზი მეთევზე

AutoSharing Option
ფოტოზე: სარფელი ლაზი მეთევზე იბრაჰიმ მემიშიში (მარცხნივ) ძმასთან ერთად

1918 წლის 30 ოქტომბერს, ბერძნულ კუნძულ ლემნოსზე, მუდროსის ყურეში მდგარ ბრიტანულ ხომალდ "აგამემნონზე" ანტანტის ქვეყნებსა და ოსმალეთს შორის ხელი მოეწერა საზავო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ოფიციალურმა სტამბულმა I მსოფლიო ომში დამარცხება აღიარა და საკუთარი სამფლობელოების დიდი ნაწილი ანტანტის ბლოკის უძლიერეს ქვეყანას - დიდ ბრიტანეთს გადასცა.

იმავე წლის ბოლოს ბრიტანეთის კოლონიური არმიის ნაწილებმა ბაქო და ბათუმიც დაიკავეს; ბრიტანული სარდლობის მთავარი შტაბი, გენერალ უილიამ თომსონის მეთაურობით, აზერბაიჯანის დედაქალაქში განთავსდა, ხოლო ბათუმის მართვა-გამგეობა კაპიტან ჰენრი
უებსტერს დაევალა.

ამით მსოფლიოში ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ლონდონი ამიერიდან მთელ ამიერკავკასიას საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავდა.

ლონდონში კი თვლიდნენ ასე, მაგრამ თვით ამიერკავკასიისა რა მოგახსენოთ - საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სწორედ იმ წლის გაზაფხულზე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, თუმცა ბათუმი ოსმალებს ჰქონდათ დაპყრობილი და ბაქოშიც მათი სამხედრო ნაწილები იდგა; ბრიტანელების მოსვლა კი არც ერთგან სურდათ და არც მეორეგან - ბათუმის ოლქში საქართველოსთან შესაერთებლად იბრძოდნენ, ბაქოში კი ოსმალები მიაჩნდათ ძმებად.

მიუხედავად ამისა, მაინც ისე გამოვიდა, რომ ბათუმიცა და ბაქოც დიდ ბრიტანეთს ხვდა წილად. მოგეხსენებათ, ბაქოში ნავთობია, რომელიც ძველთაგანვე ბათუმის ნავსადგურიდან გაჰქონდათ უცხო ქვეყნებში; დიდ ბრიტანეთს კი ბათუმი-ბაქოს დაპყრობა ადრევე სურდა - ეს მას ნავთობსაც ხომ მოუტანდა და, თანაც, ინდოეთთან ურთიერთობასაც გაუადვილებდა.

ოღონდ ერთი კი იყო - ბრიტანელები პრაქტიკული ხალხია და ბათუმი-ბაქოს გულისთვის სისხლისღვრა ზედმეტად მიაჩნდათ.

ჰოდა, ასე უსისხლოდ და ზედმეტი გარჯის გარეშე ჩაიგდეს ხელთ ორივე ნავსადგური და გაყოყოჩდნენ კიდევაც, თუმცა ყოყოჩობა ნისლიანი ალბიონის ძეთ არც მანამდე აკლდათ. მიუხედავად ამისა, ბათუმში "ბიგ ბენის" ორეული არ აუგიათ - იქ უკეთესი შენობები დახვდათ და ისინი დაისაკუთრეს.

მალე ბათუმის ოლქში გენერალ-გუბერნატორად კუკ კოლისი დაინიშნა, ხოლო ჰენრი უებსტერი საზღვაო ქვეითების გარნიზონის უფროსად გადაიყვანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციის მოვალეობა ინდოეთიდან გადმოსროლილ სიქჰების ბატალიონს დაეკისრა: ხომ ვთქვი, ბრიტანელები პრაქტიკული ხალხია-მეთქი - იფიქრეს, რომ აზიელებს აზიელები უკეთ მოუვლიანო და თავად აღარ შეიწუხეს თავი.

ისე, სიქჰებს საკმაოდ ძნელი ამოცანა კი დააკისრეს - ფიცხი გურულების, იმათზე უფრო ფიცხი აჭარლებისა და ორივეზე უფრო ფიცხი ლაზების დაშოშმინება.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ იმხანად ბათუმს თავს ბლომად აფარებდნენ რუსი მონარქისტები, ოსმალო ავანტიურისტები და ათასი ჯურის მედროვე-თაღლითი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბრიტანელებმა სწორედ ისინი წაახალისეს - ამ ხალხს ბათუმისა და მისი ოლქის საქართველოსთან შეერთება არ სურდა და ამ მიზეზის გამო გენერალ-გუბერნატორ კუკ კოლისს მათი იმედი ჰქონდა.

ბრიტანული მმართველობის, ანუ როგორც მაშინ ეძახდნენ - "რეჯიმენტის" დროის ბათუმი პატარა, მაგრამ ხმაურიანი ზღვისპირა ქალაქი იყო: ნავსადგურში ხშირი იყო არეულობა, შეხლა-შემოხლა. ხანდახან სროლა ქუჩებშიც მოისმოდა - ყაბალახიანი ფირალები რომელიმე ანტიქართველ შოვინისტს მიასაღებდნენ და მერე კი სიქჰებსაც გაუმასპინძლდებოდნენ ერთი-ორი ცხელი ტყვიით.

ერთი სიტყვით, რაღა იმდროინდელი ბათუმი და რაღა ვესტერნებში ნანახი ველური დასავლეთის პატარა, ხმაურიან-არეული დაბები - კლინტ ისტვუდი კი გეხსომებათ. ჰოდა, სწორედ ვესტერნული სიტუაციები სუფევდა იმ დროს საქართველოს ყველაზე დიდ ნავსადგურში, რადგანაც უცხოელებს ჯიუტად არ სურდათ, ძირძველი ქართული მხარე და მისი ქალაქი საქართველოსთვის დაებრუნებინათ, რაც იქაური ჩვენებურების - ლაზების, გურულების და აჭარლების სამართლიან გულისწყრომას იწვევდა. ამ გულისწყრომას კი ხან ტერაქტი მოჰყვებოდა და ხანაც კაი გვარიანი ცემა-ტყეპა.

აქ იმასაც ვიტყვი, რომ ბრიტანელები სისასტიკით არ გამოირჩეოდნენ და ჩვენებურებთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებოდნენ.

სწორედ ამ დროს სარფში ერთი მეთევზე, იბრაჰიმ მემიშიში ცხოვრობდა. მაშინ ეს სოფელი სულაც არ იყო სასაზღვრო - საქართველო-ოსმალეთის საზღვარი იქიდან ცხრა-ათი კილომეტრის იქით გადიოდა, საზღვრამდე კი მხოლოდ ნავით თუ მიაღწევდა კაცი - სახმელეთო გზა სოფელ კვარიათში მთავრდებოდა დაახლოებით იმ ადგილას, სადაც ახლა ჯვარია აღმართული.

ასე რომ, კვარიათიდან სარფში მხოლოდ ნავით თუ გადავიდოდა კაცი, რადგან ხმელეთზე საცალფეხო ბილიკზე სვლა, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სახიფათოც იყო.

ჰოდა, მეთევზეობის გარდა, იბრაჰიმ მემიშიში მენავეც იყო და სარფიდან ხალხი ბათუმსა და გონიოში გადაჰყავდა ხოლმე. ნავი კი უბრალო იყო - ნიჩბებიანი, თუმცაღა ისე კარგად მართავდა, ყველანი უყოყმანოდ ენდობოდნენ.

ნიჩბებიანი ნავის მართვას კაიხელა ღონე სჭირდება, იბრაჰიმ მემიშიში კი სულაც არ ჰგავდა გოლიათს - ზომიერი აგებულების კაცი იყო, საშუალოზე ოდნავ მაღალი და იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, ულვაშსაც ატარებდა. დღესასწაულებზე კი, ჩაქურაშიც გამოეწყობოდა ხოლმე. თოფის, დამბაჩისა და ქამარ-ხანჯლის გარეშე არსად მიდიოდა და რამდენჯერმე სიქჰებმაც შეაჩერეს ბათუმის ქუჩებში.

მგონი, პირველად სწორედ ამ უკანასკნელებმა იწვნიეს იბრაჰიმის მუშტის გემო - ლაზმა მეთევზემ ვერ გაიგო, რას ითხოვდნენ მისგან სიქჰები და ფალასკაზე ხელი რომ წაავლეს, ტყვიები დაზოგა და მუშტით გაიკვალა გზა.

იმ დღეს კი, როდესაც ჩვენი ისტორია იწყება, იბრაჰიმ მემიშიში ბათუმში, ვიღაცის სანახავად იყო წასული, თუმცა ის შინ არ დაუხვდა და უკან გამობრუნება მოუწია. ახლა ვინღა იცის, თუ რატომ, მაგრამ ნავსადგურისკენ მიმავალი ფეხს ითრევდა და ზანტად მიიწევდა წინ.

ამ დროს მოხეტიალე ცირკის კარავსაც მოჰკრა თვალი. ცირკის წარმოდგენები უწინაც ნანახი ჰქონდა და გადაწყვიტა - მოდი, შევალ, რაც არის, არის, ჯამბაზების ოხუნჯობაზეც ვიცინებ და გულსაც გადავაყოლებო. ჰოდა, ჯიბეში ფულიც მოისინჯა, მერე ნაბიჯს აუჩქარა და კარვისკენ წავიდა.

ახლოს მისვლა კი გაუჭირდა, რადგან იმდენი ხალხი ირეოდა, გეგონებოდათ, ბაზარიაო. თანაც, უმეტესობა სწორედ ინგლისელები იყვნენ - მედიდურად ულვაშაპრეხილნი, ფრაკებით, შლაპებითა და კაი გალაქული ტროსტებით.

იბრაჰიმს ამდენი ინგლისელის დანახვა იმდენად გაუკვირდა, რომ იკითხა კიდევაც - რა ხდება, რა ამბავიაო. უხმოდ მიუთითეს იქვე გამოკრულ დიდ აფიშაზე, უზარმაზარულვაშებიანი, დაკუნთული კაცი რომ ეხატა ზედ. მეთევზე მაინც ვერაფერს მიხვდა. ბედად, იქვე ვიღაც ჩოხიანი კაცი დალანდა და მან აუხსნა: ინგლისიდან ცნობილი ძალოსანია ჩამოსული და სიმძიმეების აწევის ხელოვნება უნდა უჩვენოს მაყურებლებსო.

ჰოდა, რაღა ბევრი გავაგრძელო - ბათუმში მართლაც ვიღაც ცნობილი ინგლისელი ძალოსანი ყოფილიყო ჩამოსული, მოხეტიალე ცირკის დასთან ერთად და სარფელი მეთევზეც მათ წარმოდგენაზე მოხვდა. როგორც წესი, დასაწყისში ჯამბაზები და აკრობატები გამოვიდნენ და იბრაჰიმმაც მაგრად იხალისა. წარმოდგენის ბოლოს კი კონფერანსიემ ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოაცხადა: "ახლა თქვენ წინაშე გამოვა ევროპის და ამერიკის უძლიერესი ადამიანი, დაუმარცხებელი ჩემპიონი ძალოსნობაში..." - და აქ იმ ცნობილი ძალოსნის სახელი და გვარი ამცნო მაყურებლებს.

მართლაცდა, არენაზე ის ცნობილი ძალოსანი გამოვიდა და თან უზარმაზარი გირებიც გამოიტანა. მერე ცენტრში დადგა, ის გირები კი ისე აათამაშა, თითქოსდა ბუშტები ყოფილიყო. დინჯად და აუჩქარებლად ირჯებოდა, თანაც მაყურებლებს იმგვარად უღიმოდა, ვითომდა, აბა, ეს რა დიდი რამეაო.

სხვათა შორის, კი ეტყობოდა, რომ მისთვის იმოდენა გირების ათამაშება პრობლემას მართლაც არ წარმოადგენდა: აკი ვთქვი, რომ გოლიათური აღნაგობა ჰქონდა, მხრებსაც ათამაშებდა და ულვაშებსაც იგრეხდა კაი იმერელი აზნაურიშვილივით.

ჰოდა, წარმოდგენის კულმინაციურ მომენტში ცირკის არენაზე სამმა დამხმარემ უზარმაზარი შტანგა გამოიტანა, ააწყო და ძალოსანს წინ მიუგორა. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო დადინჯდა, ხელები იქვე მდგარ ჯამში ჩაჰყო, ცარცით შეიფერა და მერე იმ შტანგას დაეჭიდა. მუხლებს ააცილა თუ არა, სწრაფად აიტაცა და თავზევითაც ასწია.

მაყურებლებმა ტაში დასცხეს. იბრაჰიმს ასეთი რამ არასოდეს ენახა და დიდად გაოცებული, უნებურად ფეხზე წამოხტა. სწორედ ამ დროს კი იმ ძალოსანმა მიმართა ხალხს - თუ თქვენ შორის ვინმეს გული ერჩის, გამოვიდეს და რაც მე ვქენი, მანაც გაიმეოროსო.

ერთი სიტყვით, თვალი მოჰკრა, რომ როგორც კი მიმართვა დაასრულა, სადღაც შუა რიგში, ვიღაც ადგილობრივი წამოხტა. ჰოდა, ჩამოიხმო კიდეც არენაზე.

იბრაჰიმმა ჩაუქად ჩაირბინა კიბეები, არენაზე ჩავიდა და ძალოსანს, როგორც წესი მოითხოვდა, ხელი ჩამოართვა. მერე წელში ქამარი გაიჭირა, დაეჭიდა იმ შტანგას და ისე უცებ აიტაცა, მხოლოდ იმ ძალოსანს კი არა, თავადაც გაუკვირდა.

ცირკში შეკრებილი საზოგადოება ერთბაშად გახევდა, მერე კი უკმაყოფილოდ ახმაურდა - არ ესიამოვნათ ქართველის წარმატება. იმ ძალოსანმა მედიდური მზერით აზომ-ჩაზომა იბრაჰიმ მემიშიში, მერე კი დამხმარეებს შტანგაზე სიმძიმეები მოამატებინა, ხელებიც ცარცში ამოავლო, დაეჭიდა და სულ ოდნავი გაჭირვებით, თუმცა მაინც აიტაცა და ასწია.

მისდა გასაკვირად, ქართველმაც იგივე გაიმეორა ისე, რომ არც წაუფორხილებია და სახიდანაც ღიმილი არ მოსცილებია.

სამჯერ დაამატა შტანგას სიმძიმე ინგლისელმა და ორჯერ რის ვაი-ვაგლახით ასწია, მესამედ კი ვეღარ გაქაჩა - შტანგა ხელიდან გაუვარდა და თავადაც ღონეგამოცლილი დაენარცხა მიწას. უკვე იმაზეც კი ვეღარ ფიქრობდა - ქართველმა რომ მაჯობოს, რაღა ვქნაო. იბრაჰიმმა დინჯად გადახედა წაქცეულს. მივიდა, პატარა ბავშვივით აიყვანა ხელში და არენის განაპირას ჩამოსვა. მერე შტანგას სწვდა, დაიძაბა, აიტაცა, ასწია, ასწია და გასუსული მაყურებლების თვალწინ, ნელა აიტანა თავზემოთ, თან ერთიც დაჰყვირა ხაფი ხმით.

რაღა ბევრი გავაგრძელო - ის ძალოსანი საუკუნოდ შერცხვა, ცირკის დასის ხელმძღვანელი კი ბევრს ემუდარა იბრაჰიმ მემიშიშს: ჩემს დასში შემოდი და მთელ მსოფლიოს შემოგატარებ, ისეთ ძალოსანს გაგხდი, შენი მოწონებულიო, მაგრამ რა თქმა უნდა, იბრაჰიმი არ დაეთანხმა - ჩემი საქმე მეთევზეობაა, სხვა რამ კი მხოლოდ გასართობად თუ მიზიდავსო. მაშინ დასის ხელმძღვანელმა ფული ჩაუკუჭა ჯიბეში - შენთვის ალალიაო და გამოისტუმრა.

სარფელმა იბრაჰიმ მემიშიშმა, რომელიც იმ დროს 20-22 წლის ყმაწვილი იყო, ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა. თავისი გამარჯვების ამბავს ყოველთვის დიდი ხალისით ჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ ღრმად მოხუცებულობის ჟამს იმ ცნობილი და ძალზე ღონიერი ინგლისელი ძალოვანის სახელი დაავიწყდა.

ისე, კაცმა რომ თქვას, ჩაფლავებული ფალავნის სახელი რაღა საინტერესო იყო, მთავარი ხომ ისაა, რომ ნისლიანი ალბიონის მკვიდრი ჩემპიონი უბრალო ლაზმა მეთევზემ დაამარცხა.

მიხეილ ლაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ღვარძლ ნარევი სტატიები გულის ამრევი როა თუ ხვდებიან ეს ავტორები?
ნორმალურად რომ გადმოსცენ არ შეიძლება?
ისეა გადმოცემული თითქოს მთელი ინგლისი არარაობაა და მარტო ერთი ლაზი დადებდა ნეკა თითით.
ინგლისი საქართველოზე 4-ჯერ დიდია მეტი კიარა. და მისი გავლენა ნახევარ მსოფლიოზე გავრცლედა, ასე რომ თუ პირდაპირი შეჯიბრება გინდათ ვინმესთან ჯერ ტოლი ნახეთ და იმად დაეტოლეთ.
თუ არადა 'წადი კოჭი გააგორე'-ს დონეს ვერ აცდება ასეთი სტატიები...
სხვისი დაკნინება ეს პატრიოტიზმი არ არის. ეს უფრო უსუსრობის ჭვარძლით გამოწვეული არასრულფასოვნებაა...
kai ra
12:16 30-10-2013
2
რა გინდა, გიგა, მშვენიერი სტატიაა :))))
გიორგი
23:53 27-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული