საქართველოს
ჩვენი ჩემპიონატის წინა ტურში კი 2 ისეთი გოლი გავიდა, რომ რაღაც სულელური კლიპების ნაცვლად ეგენი რომ ატრიალო სატელევიზიო ეთერში, გაცილებით აჯობებს. ეგრეა, რეკლამა სჭირდება ყველაფერს, თორემ, აბა, რომელიმე უცხოურ გუნდს რომ გაეტანა ეგეთი გოლები, მერე გენახათ, რა ამბები ატყდებოდა... თან უცხოეთში კი არა, საქართველოში. დამვიწყებია მეთქვა და ალბათ მიხვდებოდით, ჩიკვილაძისა და მუჯირის გოლებზე ვამბობ. ისე, მგონი ჯობია, რომ ქართულ გუნდებს პოპულარული უცხოური გუნდების მაისურები ჩავაცვათ და ხალხსაც მოვიზიდავთ სტადიონზე. აბა, წარმოიდგინეთ, ქუთაისის "ტორპედოს" "რეალის" მაისურები რომ სცმოდა, 7 ნომერი ჩიკვილაძის გოლი კრიშტიანო რონალდოს გოლად მოეჩვენებოდა ხალხს და ილაპარაკებდნენ მერე ამაზე კაი ხანს. ახლა კი, მხოლოდ ერთმა ჩემმა ქუთაისელმა მეგობარმა მთხოვა, ვერ ვუყურე თამაშს და მანახე სადმე ეგ გოლიო. ისე, ხვალ ჩიკვილაძის და მუჯირის გუნდები ეროვნულ სტადიონზე ერთმანეთს ხვდებიან და, გარდა იმისა, რომ ძველებური ქართული დერბია, ამ ბიჭებისთვის ტაშის დასაკრავად მაინც ღირს მისვლა.
სხვა თამაშებზე კი რა გითხრათ, ალბათ, ისევ გაჭირვება და უფულობა იქნება მთავარი თემები. არადა, დღეს წავიკითხე, რომან აბრამოვიჩი თავის გოგოს ქორწილს უხდის და 8 მილიონის დახარჯვას აპირებს ამაშიო. ქორწილი, მგონი, კარიბის კუნძულებზე გაიმართება. ეგ დალოცვილი, ჩამოსულიყო საქართველოში და სადმე სამტრედიასთან ან სამეგრელოში გადაეხადა ქორწილი მაგ ფასში. ჩვენ გუნდებსაც ეშველებოდათ ცოტა და სუფრაც ზღაპრული გაიშლებოდა. რა, დავიჯერო, კარიბეთში უკეთეს ხაჭაპურს აცხობენ, ვიდრე იმერეთში?
შუა კვირაში კი ჩემპიონთა ლიგის თითქმის უაზრო ბოლო ტური გაიმართა, ევროპაში. რამდენიმე მომენტი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა: ჰოლანდიური "ტვენტეს" მეკარემ ისეთი სასაცილო ბურთი გაუშვა, რომ მივხვდი, ან ძალიან დაბერდა ფეხბურთისთვის (40 წლის ყოფილა), ან ძალიან მიეძალა ჰოლანდიურ სიამოვნებებს.
მიუნხენში კი, ფრენკ რიბერიმ გოლი რომ გაიტანა, მის საპატივცემულოდ სტადიონზე ჯო დასინის ცნობილი სიმღერა გაისმა - "ელისეს მინდვრები" (უფრო ჩვენებურ-გასაგებად რომ ვთქვათ- "შანზელიზე"). მართალი გითხრათ, არ დავკვირვებივარ, ბოლო ხანებში ეს ტრადიცია აქვთ მიუნხენში თუ პირველი შემთხვევა იყო. ისე, ეგ მშვენიერი იდეაა და იქნებ რომელიმე ქართველი ფეხბურთელიც მოხვდეს ამ კლუბში და მალე "ალიანს არენაზე" "მინდვრები, ქართლის მინდვრებიც" კი მოვისმინოთ.
იქამდე კი გერმანელებმა თავისი ზედმეტი და უაზრო პუნქტუალობით... თავად გერმანელებიც კი გააოცეს. დორტმუნდის "ბორუსია" მორიგი მოგებული მატჩიდან შინ რომ ბრუნდებოდა, თვითმფრინავს ბილიკზე დაფრენა 29 წამით დააგვიანდა და აღარ მისცეს დაჯდომის უფლება. შესაბამისად, გუნდს სხვა ქალაქში მოუწია ჩაფრენამ და იქიდან ავტობუსით დორტმუნდში დაბრუნებამ. აეროპორტის უფროსი ალბათ "შალკეს" ფანია, თორემ წელს "ბორუსია" ისედაც მაგრად დაფრინავს მინდორზე და ზედმეტად ჰაერში ფრენა ნამდვილად აღარ სჭირდებოდა.
ეგ კიდევ რა, ესპანეთში აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვის გამო "ბარსელონამ" პამპლონამდე რით აღარ იმგზავრა - მატარებლით, ავტობუსით, მანქანებით... ეჰ, ეს იქაა, ამაზე რომ წუწუნებენ, თორემ ჩვენ, ზოგ გუნდს ავტობუსიც სანატრელი აქვს.
უი, კინაღამ დამავიწყდა - სადღაც, მგონი, არაბეთში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დაწყებულა. ანუ ეს რას ნიშნავს - მსოფლიოს საფეხბურთო კონფედერაციების საუკეთესო გუნდები ერთმანეთში გამარჯვებულს გამოარკვევენ. პირველივე მატჩი ძალიან საინტერესო იყო, რადგან მასში პაპუა-ახალი გვინეის "რაღაც იუნაიტედი" თამაშობდა, მაგრამ დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა. ჯიგარია ფიფა, რა, ფეხბურთის მასობრიობაზე რომ ზრუნავს.
P.S. პიტ სამპრასის სახლი გაუძარცვავთ და მისი ჯილდოების და თასების დიდი ნაწილი წაუღიათ. ნეტავ, "კამაზით" იყვნენ მისულები?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"