მატჩი - პორტუგალიასთან
კვირის მატჩი უთუოდ სარაგბო დაპირისპირება იყო საქართველოსა და პორტუგალიას შორის. ტრიბუნაზე ციოდა, თუმცა გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რაგბი ქართული თამაშია - მატჩზე უამრავი ქომაგი მივიდა. არც ინანა - საქართველომ მეტოქე 20:15 დაამარცხა, თუმცა გარკვეული ნაკლოვანების გრძნობით
ამას ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: პორტუგალიელთა სიმწყობრე დაცვაში და... მეორე მიზეზს ქვემოთ მოგახსენებთ.
კომენტარი - იცინოდა
- პირველი თამაში პორტუგალიას რუმინეთთან ჰქონდა. ეტყობა, რუმინელ მსაჯს უნდოდა ეჩვენებინა, რომ მის მშობლიურ გუნდს საქართველოზე უკეთესი შერკინება ჰყავს. სხვანაირად ვერ ავხსნი მის ქმედებებს. რომ ვეკითხებოდი, რატომ იღებდა ასეთ გადაწყვეტილებებს, იცინოდა და არაფერს მპასუხობდა.
არ მიყვარს არბიტრებზე ლაპარაკი, მაგრამ აშკარა იყო, რომ რუმინელი მსაჯი პორტუგალიელებს ეხმარებოდა, - აღნიშნა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა.
იცინოდა და იცინოს. შეხვდება საქართველო რუმინეთს და ვნახავთ, ბოლოს ვინ გაიცინებს.
აღიარება - N1 ფაჩულია
"ლელომ" 2015 წლიდან სიახლეს ჩაუყარა საფუძველი. ყოველთვიურად საუკეთესო ქართველ სპორტსმენს დაასახელებს. იანვარში ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით საუკეთესო ზაზა ფაჩულია გახდა. იანვარში მან 5 ორმაგი დუბლი გაიფორმა. ზაზა საშუალოდ თითქმის "დაბლ დაბლს" ასრულებდა: 25.7 წუთში 9.6 ქულა და 9.0 მოხსნა. ეს NBA-ში კარგი მაჩვენებელია. რაც მთავარია, "მილუოკიმ" იანვარში 14-დან 8 მატჩი მოიგო.
შოუ - 321 48 წუთი
თებერვალში დავბრუნდეთ. NBA-ში "ოლ სტარი" ჩატარდა, რომელშიც სამქულიანების წვიმა ვიხილეთ. გაიმარჯვა დასავლეთმა - 163:158. მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ოკლაჰომელი რასელ უესტბრუკი გახდა (41 ქულა).ტყორცნა - კარისეული
NBA-ს ვარსკვლავთა მატჩის გარდა, გაიმართა სამქულიანების კონკურსი, რომელიც "გოლდენ სტეიტის" უკანახაზელმა სტივენ კარმა მოიგო.ჩატენვა - ზაკი
ჩატენვების კონკურსში ზაზა ფაჩულიას მილუოკელი თანაგუნდელი იანის ანტეტეკუნმპო მონაწილეობდა, თუმცა მას "მინესოტას" კალათბურთელმა ზაკ ლავინმა აჯობა. სწორედ ის "ახტა ყველაზე მაღლა" ამ კონკურსში.ციფრი - 300
ლიონელ მესიმ დაამრგვალა - ესპანეთის ჩემპიონატში მე-300 მატჩი ჩაატარა. ასეთი ღირსსახსოვარი მოვლენა მოგებითა და ჰეთ თრიკით გაალამაზა. მისმა "ბარსელონამ" "ლევანტეს" 5:0 სძლია.მადა - ჰამბურგერი
განვლილ შვიდდღეულში ყველაზე მადიანად მიუნხენის "ბაიერნმა" მოიგო. მან "ჰამბურგს" 8 უპასუხო გოლი გაუტანა. გაზეთ "ლელოშიც" შესატყვისი სათაური გაჩნდა: "ჰამბურგერი ბაიერნისთვის".სტარტი - ლიგა
ჩემპიონთა ლიგა სამშაბათს მერვედფინალით განახლდა. შესავალში დავწერეთ, ჯერ კარგად ვერ გამოფხიზლებულაო. საქმე ის არის, რომ პირველივე დღეს ორი ფრე და სულ ორი გოლი ვიხილეთ. სადღეისოდ 4 მატჩია ჩატარებული, მერვედფინალური სერიის დასრულებამდე კიდევ 12 შეხვედრა დარჩა (შინ და გარეთ თამაშობენ), ამიტომ სჯობს, დასკვნები შემდეგისთვის გადავდოთ.
ტიტული - რომი ჩვენია
იტალიის დედაქალაქ რომში ძიუდოისტთა "ევროპის ღია პირველობა" გაიმართა. 6 მედალი მოვიგეთ, აქედან ერთი ოქროსი იყო. 73 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი. გაიმარჯვა ლაშამ.მასპინძელი - თბილისი
ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში თავი ტოპ-მოჭადრაკეებმა მოიყარეს. მათ შორისაა ბაადურ ჯობავა. ვაჟთა რეიტინგის საუკეთესო 12 სპორტსმენი ერთმანეთს თბილისის გრანპრის ეცილება. საპრიზო ფონდი სერიოზულია - 120 ათასი ევრო.ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"