ეს საინტერესოა: ო ჯეი სიმპსონი - საუკუნის პროცესი

AutoSharing Option
ეს იყო ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაული, რასაც არანაკლებ გახმაურებული სასამართლო პროცესი მოჰყვა.

1994 წელს ამერიკელ მსახიობსა და ფეხბურთელს, ო ჯეის სიმპსონს ცოლისა და მისი მეგობრის, რონალდ გოლდმანის მკვლელობისთვის ასამართლებდნენ.

იმ საღამოს ო ჯეი ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა შინ და თავისი მეუღლე მეგობარი ფეხბურთელის მკლავებში იხილა. გაცოფებულმა სიმპსონმა დანა აიღო და საყვარლებს უამრავი ჭრილობა მიაყენა, რის გამოც ორივენი დაიღუპნენ.

მკვლელმა სახლში ბევრი კვალი დატოვა. მის მანქანაში სისხლიანი ხელთათმანიც იპოვეს და გამოძიებამ დაადგინა, რომ ის სიმპსონს ეკუთვნოდა, ხოლო მასზე აღმოჩენილი სისხლის კვალი
მოკლული მეუღლის სისხლის ჯგუფისა იყო. სიმპსონმა გაქცევა სცადა, მაგრამ პოლიციამ დააკავა.

1994 წლის 26 სექტემბერს, ლოს ანჯელესის სასამართლოში დაიწყო პროცესი, რომელიც ცხრა თვე გრძელდებოდა. საბოლოოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებიც თითქმის მთლიანად შავკანიანებისგან და ლათინოამერიკელებისგან შედგებოდა, ო ჯეი გაამართლა.

ერთადერთი სასჯელი, რაც ყოფილმა ფეხბურთელმა მიიღო, 67 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა იყო, რომელიც მან დაღუპულთა ოჯახებს გადაუხადა.

1994 წლის 12 ივნისს, გვიან ღამით, ორი ადამიანი მოკლეს. ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენის, მსახიობისა და მილიონერის, ო ჯეი სიმპსონის ყოფილი მეუღლე ნიკოლ ბრაუნ-სიმპსონი იყო.

მეორე მისი მეგობარი რონალდ გოლდმანი. პოლიციამ ამ მკვლელობებში სიმპსონი დაადანაშაულა. იმის ნაცვლად, რომ პოლიციას ჩაბარებოდა, სიმპსონი თავის ძველ მეგობართან ერთად დედამისის სახლში გაიქცა.

პოლიცია დისტანციას იცავდა, რადგან ყოფილ ფეხბურთელს საფეთქელზე პისტოლეტი ჰქონდა მიბჯენილი. მან წერილი დატოვა, რომელშიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა სიმპსონი დედის სახლთან მივიდა, პოლიციამ მისი დაყოლიება შეძლო. ო ჯეი მანქანიდან გადმოვიდა და ის მაშინვე დააპატიმრეს. ასეთია მოკლე შინაარსი იმ მოვლენებისა, რომელიც წინ უძღოდა სასამართლო პროცესს.

მკვლელობა
1994 წლის 12 ივნისს ნიკოლ ბრაუნი ლოს ანჯელესის ცნობილ რესტორანში ვახშმობდა. მას იქ შემთხვევით სათვალე დარჩა და ოფიციანტმა რონალდ გოლდმანმა პირადად ითავა ნივთის პატრონისთვის დაბრუნება. გოლდმანი ნიკოლის მეგობარი იყო. ზუსტად როდის მოხდა მკვლელობა, ეს სასამართლო გარჩევისას გადამწყვეტი მომენტი გახდა. ერთი საათით ადრე ან ერთი საათით გვიან - სწორედ ამას უნდა გაერკვია, ჩაიდინა თუ არა ეს მკვლელობა ო ჯეი სიმპსონმა.

დანაშაული ნიკოლ სიმპსონის რეზიდენციაში მოხდა. მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი. ორი ადამიანი დანით გამოასალმეს სიცოცხლეს. ყელის გასწვრივ საშინელი ჭრილობით, ნიკოლის თავი თითქმის დაშორებული იყო სხეულს. მას სხვა ადგილებზეც ჰქონდა ჭრილობები. გოლდმანს ყელის, მკერდისა და მუცლის არეში აღენიშნებოდა რამდენიმე სასიკვდილო იარა. მას სახეც დასერილი ჰქონდა.

გვამები შუაღამის შემდეგ მეზობელმა აღმოაჩინა, რომელიც თავის ძაღლთან ერთად ქუჩაში სასეირნოდ გავიდა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო და სასამართლოზე დაცვისა და ბრალდების მხარისთვის სწორედ ეს გამოძიება გახდა მთავარი განხილვის საგანი. ამაზე ქვემოთ იქნება საუბარი. მაგრამ თავიდანვე საქმეს ისეთი მსვლელობა არ მისცემია, როგორც ეს ამერიკაში, ჩვეულებრივ სხვა მკვლელობების დროს ხდება. ამის მიზეზი იყო ის, თუ ვინ გახლდათ ერთ დროს ნიკოლ სიმპსონის ქმარი.

ადამიანი
ორენტელ ჯეიმს სიმპსონი - ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი. ამერიკელებს ძალიან უყვართ უცხოელებისთვის მისი და მისთანების ისტორიის მოყოლა. ამით ისინი მიგვანიშნებენ, რომ ამერიკაში ნებისმიერს შეუძლია თავისი ნიჭის წყალობით მწვერვალს მიაღწიოს. სან ფრანცისკოს ღარიბ კვარტალში გაზრდილმა ო ჯეიმ, რომელსაც ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თავად შექმნა ამერიკული ლეგენდა. ის სუპერვარსკვლავი გახდა.

სიმპათიური, ყოველთვის კეთილგანწყობილი, მომღიმარი, რომელიც მუდმივად მზად იყო ავტოგრაფის ან ინტერვიუს მისაცემად. არასოდეს ყოფილა ქედმაღალი და ცხვირაწეული, როგორც ეს დღევანდელი ვარსკვლავების შემთხვევაში ხდება. მას შემდეგ, რაც მისი სპორტული კარიერა დასრულდა, სხვა სუპერვარსკვლავებისგან განსხვავებით, დეპრესია არ ჰქონია.

პირიქით, ავტომობილების გამქირავებელი კომპანიის წარმომადგენლის როლში, ის უფრო პოპულარული გახდა. გარდა ამისა, სხვა რეკლამებითაც იყო დაკავებული. შემდეგ ტელევიზიაში კომენტატორი გახდა. დაიწყო მსახიობის კარიერა და ამ ფრონტზე განსაკუთრებით პოპულარული "შიშველი პისტოლეტის" ტიპის ფილმებში გახდა. ის მუდმივად ინარჩუნებდა სუპერდადებითი, სუპერჭკვიანი და სუპერმილიონერის იმიჯს.

მაგრამ ამ იმიჯში ბოლომდე ყველაფერი ვერ ჯდებოდა. მართალია, ის ყოველთვის დიდი მზრუნველობით ეპყრობოდა დედამისს და არასოდეს ტოვებდა განსაცდელში თავის მეგობრებს, მაგრამ ო ჯეის "ანგარიშზე" იყო აგრეთვე არცთუ ისე კარგი დამოკიდებულება პირველ ცოლთან, რომელსაც ო ჯეი მაშინ გაეყარა, როცა უბედურება შეემთხვა მათ პატარა ქალიშვილს - ეს უკანასკნელი მათი სახლის აუზში დაიხრჩო.

სიმპსონმა ნიკოლთან ურთიერთობა 1977 წელს, ჯერ კიდევ ცოლიანმა დაიწყო. 1985 წელს იქორწინეს, 1992-ში დაშორდნენ ერთმანეთს. როგორც ამბობდნენ, მათი ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო. სიმპსონის მკვლელობაში დადანაშაულების შემდეგ ცნობილი გახდა ნიკოლ სიმპსონის მიერ 1989 წელს პოლიციის გამოძახების ფაქტი. მან დარეკა და დახმარება ითხოვა, ვინაიდან ო ჯეი ცოლს მოკვლით დაემუქრა. ადგილზე მისულ პოლიციელებს ქალი ნაცემი დახვდათ. მოგვიანებით, ცოლმა მოხსნა ბრალდება და სასამართლომ ფეხბურთელს პასუხი ვერ აგებინა. და ეს არ იყო ერთეული შემთხვევა.

მაშ ასე, ლოს ანჯელესის პოლიციას უკვე ჰქონდა სიმპსონის აგრესიული ქცევის მაგალითები. ამასთან, ამერიკაში მკვლელობათა დიდ ნაწილს ოჯახური წარმომავლობა აქვს. ამან პოლიციას მაშინვე მისცა სიმპსონზე ეჭვის აღების საფუძველი, თუმცა საზოგადოებას თავიდან არაფერი შეატყობინეს: ო ჯეი ხომ ვარსკვლავი იყო. მაგრამ ბუნებრივია, მკვლელობამ პრესის ყურადღება მიიპყრო და ინფორმაციის გაჟონვა თავიდან ვერ აიცილეს. უკვე ისმოდა გაკვირვებული კითხვები: როდის აიყვანენ სიმპსონს? ბევრს გმირის მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა. ამის შემდეგ კი, მათი ყურადღება ახალი ამბების ყოველდღიური ბლოკის მისამართით გადაერთო.

დევნა
ყველაფერი პოლიციელებისგან უშედეგო გაქცევის შემდეგ შეიცვალა. სინამდვილეში, ეს არასოდეს განუხილავთ, როგორც სიმპსონის მხრიდან გაქცევის მცდელობა. პოლიციას მისი დაჭერა ნებისმიერ მომენტში შეეძლო, მაგრამ ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ დევნის დროს, ო ჯეი თავის მოკვლას აპირებდა და პოლიციას მისი პროვოცირების შეეშინდა. ისინი ელოდნენ, თუ როდის ჩაბარდებოდა ის პოლიციას, მაგრამ ამის ნაცვლად, სიმპსონმა გაქცევა გადაწყვიტა, მანამდე კი, დედის მონახულება განიზრახა.

ო ჯეის ძველმა მეგობარმა ელ კოლინზმა სიმპსონის ჯიპი ყოფილი ფეხბურთელის დედის სახლთან მიიყვანა. ის ძალიან ნელა მიდიოდა და პოლიცია (დიდი რაოდენობით) ასევე ნელა მიჰყვებოდა მას, რადგან სიმპსონს საფეთქელთან პისტოლეტი ჰქონდა მიბჯენილი. თანაც, ფეხბურთელის მეორე მეგობარს უკვე მიტანილი ჰქონდა პოლიციის წარმომადგენლებისთვის სიმპსონის წერილი, რომელიც ძალიან ჰგავდა უკანასკნელ "მაპატიეს" და ამიტომაც პოლიციას ძალიან ეშინოდა, რომ ო ჯეი მანქანაში თავს მოიკლავდა.

ასევე ფიქრობდა პრესა. ყველა საინფორმაციო სააგენტომ ვიდეოკამერებით აღჭურვილი ვერტმფრენები დაიქირავა და კორესპონდენტები ამ დევნის გასაშუქებლად გაუშვა. შეიქმნა ერთგვარი ქარავანი, რომელსაც წინ სიმპსონის ჯიპი მიუძღოდა - მარშრუტი ლოს ანჯელესიდან ო ჯეის დედის სახლამდე გადიოდა. ხალხი ქუჩაში გამოეფინა და სიმპსონს ამხნევებდა. საბოლოოდ, ჯიპი ფეხბურთელის დედის სახლთან მივიდა. პოლიცია ო ჯეის მანქანიდან გადმოსვლას და პისტოლეტის დაშვებას სთხოვდა. ბოლოს და ბოლოს, სამართალდამცველებმა შეძლეს ფეხბურთელის დარწმუნება და მთელმა ამერიკამ შვებით ამოისუნთქა.

მასმედია
ამ ისტორიის გასაშუქებლად უამრავი რეპორტაჟი მომზადდა. საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს აშკარად გადამეტებული რაოდენობა იყო, ამერიკელისთვის კი, სავსებით საკმარისი, რადგან მათ განსაკუთრებული სიყვარული ახასიათებთ ყველაფერი სკანდალურისა და სენსაციურისადმი, მით უმეტეს, თუ საქმე ცნობილ ადამიანს ეხება. პრესა არაჯანსაღ აჟიოტაჟს ქმნიდა.

მოკლულების და ეჭვმიტანილის პირადი ცხოვრება გაცხარებული დებატების საგანი გახდა. ჟურნალები და ტელეკომენტატორები ცოლების ცემის, შერეული ქორწინებების, პოპულარობის მძიმე ხვედრის საკითხებში სპეციალიზდებოდნენ, ანუ ყველაფერ იმაში, რაც ამ ინციდენტს შეიძლებოდა დაკავშირებოდა. პრესის მასალების მიხედვით, ქვეყანას ის უფრო აღელვებდა, თუ როგორ ახასიათებდა ეს შემთხვევა ამერიკელებს, როგორც ერს.

დაიწყო ეროვნული ეპიდემია, სახელად ო ჯეი: პრაქტიკულად ყველა, იმის მიუხედავად, თვლიდა თუ არა ის სიმპსონს დამნაშავედ, ყველაფერში საზოგადოების დადანაშაულებას ცდილობდა.

ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის უამრავი გამოკითხვა, რომელმაც ერთი კანონზომიერება გამოავლინა: თეთრების უმეტესი ნაწილი ო ჯეის დამნაშავედ მიიჩნევდა, იმ დროს, როცა ზანგების უმრავლესობას ფეხბურთელის უდანაშაულობა სჯეროდა.

კვლავ წამოყო თავი რასიზმის პრობლემებმა, რომელმაც მოგვიანებით, ამ საქმეში დიდი როლი ითამაშა. ლოს ანჯელესის სასამართლო პანიკამ მოიცვა. სად უნდა ეპოვათ 12 ნაფიცი მსაჯული, რომლებსაც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ობიექტური აზრი ექნებოდათ? ამის შანსი არ არსებობდა - ყველას თავისი აზრი გააჩნდა, თანაც, უმეტეს შემთხვევაში ეს აზრი პრესის მასობრივი საშუალებების მიერ იყო თავსმოხვეული.

(დასასრული იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"თავისი მეუღლე მეგობარი ფეხბურთელის მკლავებში იხილა." არადა რონალდ გოლდმან ოფიციანტი იყო :D ტიპები აზრზე არ ხართ ან არ კითხულობთ რას წერთ? ესე უაზროდ თარგმნით ყველაფერს?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული