თბილისში ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად დღეს გაიხსნება

AutoSharing Option
თბილისში დღეს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს , "თბილისი 2015-ის" გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 ივლისს, 20:15 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

"გახსნის ცერემონიალი მოიცავს ოფიციალურ და შოუს ნაწილს. ოფიციალურ ნაწილში სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი გამოვლენ.

სტადიონზე მოსული მაყურებელი იხილავს მასშტაბურ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას 1500 ადამიანი მიიღებს", - აცხადებენ საორგანიზაციო კომიტეტში.

ამასთან, მიმართავენ მოსახლეობას, გაითვალისწინონ, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე მოხვედრა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

მათივე ინფორმაციით, 27 ივლისიდან - 1 აგვისტოს ჩათვლით შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას 50 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებს. მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალია.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული