სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ ოლიმპიადებსა და ჩემპიონატებში მიღებული ფულადი პრიზები აღარ დაიბეგრება

AutoSharing Option
საჭადრაკო ოლიმპიადებზე, ევროპის თამაშებში, მსოფლიოს და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებსა და ფესტივალებში გამარჯვებისთვის, ან საპრიზო ადგილების დაკავებისთვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლდება.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლება ასევე შეეხება მთავრობის დადგენილებით სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში სპორტსმენებისა და მწვრთნელებისათვის დაწესებულ ფულად პრიზებს.

ამგვარი საგადასახადო ინიციატივის ამოქმედებას "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამგვარი საგადასახადო შეღავათი მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულებსა და
საპრიზო ადგილების მფლობელ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებზე ვრცელდება.

საკითხი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში განიხილეს, სადაც მთავრობის ინიციატივას მიესალმნენ, მაგრამ გამოითქვა შენიშვნებიც.

კომიტეტის წევრების აზრით, კანონის შესაბამისი მუხლი სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებთან ერთად, ექიმებსა და ადმინისტრაციულ პერსონალსაც უნდა შეეხოს, რომელთა ძალისხმევითაც სპორტული წარმატების მიღწევა მოხდა.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული