ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს

AutoSharing Option
გუშინ ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვერის ბაღში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის (პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე) ინიციატივით, ზეიმით აღინიშნა მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვების 25-ე წელი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელოვანი დიდოსტატები – ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი და სხვები, ასევე, ბრძენთა თამაშის ქომაგები.

შეკრებილთ ჭადრაკის საერთაშორისო დღე და დიდი გამარჯვების მეოთხედი საუკუნე გიორგი გიორგაძემ, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი
ალიბეგაშვილმა, ქალაქის ვიცე მერმა ირაკლი ლექვინაძემ, ნონა გაფრინდაშვილმა და ნინო გურიელმა მიულოცეს.

ბოლო ექვსი ათეული წლის განმავლობაში ქართველ მოჭადრაკეებს არაერთ საერთაშორისო შეჯიბრებაში უსახელებიათ თავი. მარტო ის რად ღირს, რომ ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე ხუთ-ხუთჯერ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები. ფრიად მნიშვნელოვანია ჩვენი მოჭადრაკე ქალების მიღწევები მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადებზე: 1980 და 1982 წლებში მალტასა და ლუცერნში საბჭოთა კავშირის ქალთა ნაკრები მთლიანად ქართველი დიდოსტატებით (მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი) იყო დაკომპლექტებული და ორჯერვე პირველი ადგილი დაიკავეს.

ჩვენმა მანდილოსნებმა დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად 1992 წელს მანილაში მოიპოვეს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონობა (მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი). ორი წლის მერე ჩვენები (გაფრინდაშვილი ქეთევან არახამიამ შეცვალა) მოსკოვში, 1996 წელს კი ერევანში ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. 12-წლიანი "შესვენების" შემდეგ 2008 წელს დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადაზე (მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი) დაიბრუნეს ტიტული. 2000 წელს სტამბოლში მეორე, ხოლო 1998 წელს ელისტასა და 2010 წელს ხანტი-მანსიისკში მესამე ადგილები დაიკავეს.

ნონა გაფრინდაშვილი

"1992 წელს საქართველო ჯერ კიდევ არ იყო გაეროს წევრი და საჭადრაკო ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი გუნდით გამოსვლაზე უარს გვეუბნებოდნენ. მაგრამ ჩვენმა მცდელობამ, მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში ქართველების გაღებულმა წვლილმა, ასევე, ედუარდ შევარდნაძის საერთაშორისო ავტორიტეტმა შესაძლებელი გახადა მანილაში გამგზავრება, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. ეს დიდი გამარჯვება იყო. მადლობა ჭადრაკის ფედერაციას, კომპანია "სოკარს", რომ ამ დიდი წარმატების 25-ე წლისთავი ასეთი ზეიმით აღნიშნეს."

ლერი ხაბელოვი

"საქართველოში ჭადრაკი ყოველთვის სარგებლობდა დიდი პოპულარობითა და სიყვარულით. დასტურად ისიც გამოდგება, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი გახლდათ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი. იმედია, ჩვენი ახალგაზრდები წინა თაობების ტრადიციებს ღირსეულად გააგრძელებენ."

ტარიელ ხეჩიკაშვილი

"გასული საუკუნის 90-იან წლებში სიძნელეების გადალახვით ვიკვლევდით გზას დამოუკიდებლობისკენ და ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში უდიდესი წვლილი მოჭადრაკეებმა შეიტანეს. 1992-1996 წლების საჭადრაკო ოლიმპიადებზე გამარჯვებით მათ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ საქართველოს მომავალი აქვს. ამიტომაც შემთხვევითი არ არის დღევანდელი ზეიმი.

მახარებს ისიც, რომ მხოლოდ წარსულით არ ვამაყობთ – აწმყოც წარმატებული გვაქვს: წლეულს ხომ ნანა ძაგნიძემ ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, ბაადურ ჯობავამ კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. ისინი ვალდებული არიან, წინა თაობის გამარჯვებები ამრავლონ. საამისოდ მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვთ. დასტურად ისიც გამოდგება, რომ წლეულს თბილისი ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიოს თასის გათამაშებას უმასპინძლებს, ხოლო გაისად ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება, ქვეყნის 300 სკოლაში ჭადრაკი სასწავლო საგნად შევიდა. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს კიდევ არაერთხელ დავუმტკიცებთ, რომ საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა."

გიორგი გიორგაძე

"ჭადრაკის საერთაშორისო დღესა და მანილაში გამარჯვების 25-ე წლისთავს მივულოცავ ყველას და მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც დღევანდელი დღესასწაული გაალამაზეს. არ ვივიწყებთ წარსულს, მაშასადამე, იმედით შევყურებთ მომავალს. მჯერა, რომ ქართული ჭადრაკის დღევანდელი და ხვალინდელი თაობები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ.

Sportall.Ge

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალექსანდრია რატომ არ მოიწვიეთ?არ ეკუთვნოდა?
ტურა
12:56 04-09-2017
1

სიახლეები პოპულარული