ამ გრანდიოზულ ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 128 წარმომადგენელი ნოკაუტსისტემით იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის.
ფიდემ 26 ივლისს გამოაქვეყნა მონაწილეთა სია. საუკეთესოთა შორის იქნებიან მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) და მსოფლიოს თასი 2015 წლის გათამაშების ნახევარფინალისტები - სერგეი კარიაკინი, პიოტრ სვიდლერი (ორივე-რუსეთი), პაველ ელიანოვი (უკრაინა) და ანიშ გირი (ჰოლანდია), ასევე, მსოფლიო რეიტინგით მოწინავენი, 2016-2017 წლების კონტინენტური ჩემპიონატების საუკეთესო მოთამაშეები.
ხუთი დიდოსტატი ფიდეს ნომინანტია, მათ შორის - ქალთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჰოუ იფანი
ტურნირზე საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ ევროპის ვაჟთა წლევანდელი ჩემპიონატის მეორე პრიზიორი ბაადურ ჯობავა, ქალთა ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე, ლევან ფანცულაია და მიხეილ მჭედლიშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"