ნაზი პაიკიძემ ლიდერობა დათმო

AutoSharing Option
ოცწლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობის მე-4 ტური ქართველი დიდოსტატებისთვის უიღბლო გამოდგა: ტურნირის რეიტინგფავორიტი ნაზი პაიკიძე (2416) ინდოელ როუთ რადმინის (2348) დაუზავდა. ნახევარი ქულის დაკარგვით ჩვენებურმა ლიდერობაც დათმო.

გათამაშების ცხრილის სათავეში ერთპიროვნულად მოექცა 18-წლიანებში რუსი მსოფლიოს ჩემპიონი ოლგა გირია, რომელმაც გუშინ აზერბაიჯანელი ნარმინ კაზიმოვა დაამარცხა. მეწინავეთა ჯგუფში მყოფი ირინა ბულმაგა (რუმინეთი) და დეიზი კორი (პერუ) ყაიმზე შათანხმდნენ. გულისკან ნახბაიევამ (ყაზახეთი) ირინა აგრესტს (შვედეთი) აჯობა. ოთხი ტურის შემდეგ ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით პაიკიძე, რადმინი, ბულმაგა, კორი და ნახბაიევა ჩამორჩებიან: ისინი მეორე-მეექვსე ადგილებს იყოფენ.

დაწინაურებულებთან
მიახლოება შეეძლო ქეთი წაწალაშვილს (2318), რომელსაც განვლილ სამ ტურში 1,5 ქულა ჰქონდა. გუშინ იგი თეთრი ფიგურებით ეკვადორელ აბიგალ ეჩევერია რომეროსთან (2071) დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლის შანსი საგრძნობლად გაიუარესა.

დღეს მე-5 ტურში ითამაშებენ: ნაზი პაიკიძე-ოლგა გირია, დეიზი კორი-გულისკან ნახბაიევა, ირინა ბულმაგა-როუთ რადმინი. წაწალაშვილი შავი ფიგურებით ინდოელ კარლა არუნიმას დაუპირისპირდება.

ვაჟებსაც 4 ქულით ერთპიროვნული ლიდერი ჰყავთ _ იტალიელი აქსელ რომბალდონი. მეწინავეს აქაც ერთბაშად ხუთი მეტოქე მოსდევს კვალში _ ალექსეი გოგანოვი (რუსეთი), ივან ლოპეს სალგადო (ესპანეთი), კასპერ პიორუნი (პოლონეთი), ნიკლას ჰუჩენბედი (გერმანია) და საჰაჯ გროვერი (ინდოეთი), რომლებსაც 3,5-3,5 ქულა აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული