ქართველი მოჭადრაკეები მხოლოდ გამარჯვებულს ჩამორჩნენ

AutoSharing Option
ირანულ თავრიზში დამთავრდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ხუთი ქართველიც მონაწილეობდა. მე-10 ტურში ლევან ფანცულაია მასპინძელ პურია დარინის დაუზავდა, გაიოზ ნიგალიძე კი ირანელ ეჰსან მაგჰამი გაემს დანებდა, შოთა აზალაძემ მორტეზა აშგარისთან წააგო, ბაჩანა მორჩიაშვილი ჰუსეინ ამირს დაუზავდა, მალხაზ სულაშვილმა კი ჰუსეინ მოჯავერიანს აჯობა.

საქართველოს ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ ბოლო ტურშიც დაზავება არჩია - ამჯერად ქულა მასპინძელ აშგარ გოლიზადენთან გაიყო. 11 შესაძლებლიდან 8,5 ქულას მოუყარა თავი და მე-2 ადგილი დაიკავა. ჩვენებურს ნახევარი ქულით გაუსწრო და პირველი პრიზი მოიპოვა გაემმა, რომლის პაექრობაც აზერბაიჯანელ
რასულ იბრაჰიმოვთან მშვიდობიანად დასრულდა. მეწინავეთა ჯგუფის დანარჩენი პარტიების შედეგები ასეთია: პურია დარინი - მორტეზა აშგარი 0,5:0,5, ვუგარ რასულოვი - ურფან სევდიმალიევი 0:1, გაიოზ ნიგალიძე - მალხაზ სულაშვილი 1:0, მოჰამად შანი მორადი - ჰომეინ ტუფიგი 0:1, შოთა აზალაძე - ბაჩანა მორჩიაშვილი 1:0, ჰუსეინ ამირი - ვირგინიუს გრაბლიუსკასი 0:1.

თერთმეტი ტურის შემდეგ 8-8 ქულა ერთბაშად ცხრა მოჭადრაკემ მოაგროვა. უკეთესი კოეფიციენტით მესამე ადგილზე გაიოზ ნიგალიძე გავიდა, შოთა აზალაძეს მეხუთე ადგილი ხვდა. ბაჩანა მორჩიაშვილსა და მალხაზ სულაშვილს 7-7 ქულით XV-XVI ადგილები ერგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული