დაფაზე ოქრო, გუნდურში ვერცხლი

AutoSharing Option
ნოვი სადში გუშინ დამთავრდა სერბეთის მოჭადრაკე ქალთა გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც 12 კლუბი წრიული სისტემით ხვდებოდა ერთმანეთს. როგორც გაუწყეთ, ქართველი დიდოსტატი, საქართველოს ნაკრების წევრი ნანა ძაგნიძე "იელიცა გორაჩიჩის" ღირსებას იცავდა. რიონისპირელმა მოჭადრაკემ თერთმეტიდან მხოლოდ ორი შეხვედრა დაამთავრა ყაიმით - ვერონიკა-მიხაელა ფოიშორთან და ნატაშა ბოიკოვიჩთან, დანარჩენი ორთაბრძოლები მოიგო და პირველ დაფაზე 10 ქულით ოქროს მედალი დაიმსახურა (8 ქულით მეორე ადგილზე ბოიკოვიჩი გავიდა). აქვე შევნიშნავთ, რომ ჩვენებურზე მეტი ქულა (11) "ბას ბელგრადის" მესამე დაფაზე მოთამაშე უკრაინელმა ტატიანა ვასილიევიჩმა მოაგროვა.

ნანა ძაგნიძის წარმატება ორმაგად
გვახარებს, რადგან ორიოდე კვირაში იგი ხანტი-მანსიისკის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე გაემგზავრება და , როგორც ჩვენი ნაკრების ლიდერი, თანაგუნდელებთან ერთად ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.
ახლა კი სერბეთის გუნდური პირველობის შედეგების შესახებ: ბოლო ტურში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა "ბას ბელგრადმა" "შახმატნი კრუჟოკს" 3,5:0,5 სძლია და 30 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს ორი ქულით ჩამორჩა "ზლატარ ნოვა ვაროს" მძლეველი (3,5:0,5) "იელიცა გორაჩიჩი", რომელსაც ვერცხლი ხვდა. 25-25 ქულა მოაგროვეს "იუგოვიჩ-კორიმ" და ბელგრადის "პოლიტიკამ", მაგრამ "იუგოვიჩის" წევრებს საერთო მონაგარში ქულით მეტი აღმოაჩნდათ და ბრინჯაოც მათ ერგოთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული