საჭადრაკო ოლიმპიადა: ქართველი ვაჟების ბრწყინვალე გამარჯვება ბაქოში

AutoSharing Option
ესპანეთის ვაჟთა ნაკრები მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე, რომელსაც ბაქო მასპინძლობს, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ჩავიდა - პირენეელები საშუალო რეიტინგით მე-14 ადგილზე არიან და ჩვენებს ექვსი საფეხურით უსწრებენ.

გუნდის ლიდერია 2700-იანთა კლუბის წევრი ფრანცისკო ვალეხო პონსი (2716), რომელსაც გუშინ მე-5 ტურში პირველ დაფაზე ბაადურ ჯობავა (2665) შავი ფიგურებით დაუპირისპირდა.

ქართველმა დიდოსტატმა წინა ტურში ვესელინ ტოპალოვის ძლევას დიდი ენერგია შეალია, თუმცა ძალა და შემართება არც ვალეხოსთან ორთაბრძოლაში მოკლებია. მართალია, დებიუტში ესპანელი მცირე უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ მე-20 სვლისთვის ბაადურმა პოზიცია გაათანაბრა, 38-ე სვლიდან კი ხელთ
იგდო ბრძოლის სადავეები.

ჩვენებურს მიზნის განხორციელებაში მეტოქის შეცდომებმაც შეუწყო ხელი, 42-ე სვლაზე სულაც ზედმეტი ეტლით დარჩა. რვა სვლის შემდეგ კი ვალეხო დანებდა და ჯობავამ ესპანელებთან მატჩში საქართველოს ნაკრებს პირველი ქულა მოუტანა.

ლიდერს თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი: ლევან ფანცულაიამ (2601) თეთრი ფიგურებით დავიდ ანტონს (2630) 34-ე სვლაზე გააჩერებინა საათი. შავებით მოთამაშე თამაზ გელაშვილს (2575) კი რენიერ ვასკესთან (2630) საამისოდ 70 სვლა დასჭირდა. მეოთხე დაფაზე თორნიკე სანიკიძე (2497) და ხოსე კარლოს იბარა (2566) 115-ე სვლაზე მხოლოდ მაშინ შეთანხმდნენ ყაიმზე, მეფეების ამარაღა რომ დარჩნენ.

საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა და 9 ქულით მე-6 ადგილზეა.

V ტური
უკრაინა-ჩინეთი 2.5:1.5
ჰოლანდია-ბელორუსი 2.5:1.5
სერბეთი-აშშ 1:3
აზერბაიჯანი (1)-ინდოეთი 1:3
ესპანეთი-საქართველო 0.5:3.5
სლოვენია-ჩეხეთი 1:3
მონღოლეთი-თურქეთი 1:3
რუსეთი-ეგვიპტე 3:1
ლატვია-უნგრეთი 2.5:1.5

ხუთი ტურის შემდეგ: ჰოლანდია, უკრაინა, ინდოეთი - 10-10, ჩეხეთი, აშშ, საქართველო - 9-9 ქულა, 19 გუნდს 8-8 ქულა აქვს.

VI ტური
ინდოეთი-ჰოლანდია
აშშ-უკრაინა
ჩეხეთი-საქართველო
საბერძნეთი-აზერბაიჯანი (1)
კანადა-ბელორუსი
გერმანია-რუსეთი
ჩინეთი-არგენტინა

გუშინ,  ვაჟების მსგავსად, ჩვენმა ქალებმაც იყოჩაღეს - პერუს ნაკრებს 3.5:0.5 აჯობეს.

პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით მე-40 სვლაზე დაუზავდა დეიზი კორის, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და ნინო ბაციაშვილმა, შესაბამისად, ან ჩუმპიტასი, ინგრად ფერნანდესი და ვეგა ფელიქსი დაამარცხეს.

ამ წარმატების შემდეგ ჩვენმა ქალთა გუნდმა მე-7 საფეხურზე აინაცვლა. ტურნირის ფავორიტებმა - უკრაინამ, რუსეთმა და ჩინეთმაც გათამაშების ცხრილში მორიგი გამარჯვებები ჩაიწერეს.

ჰოლანდიელებმა ირანელებს აჯობეს და ტიტების ქვეყნის წარმომადგენლებს წარმატების მომტანი ქულა ნიდერლანდებში გათხოვილმა თეა ლანჩავამ შესძინა.

ამერიკელებმა ლიტველებს მოუგეს. ოკეანისგაღმელებს ნახევარი ქულა მეორე დაფაზე ნაზი პაიკიძემ მოუტანა.

ესპანეთი აზერბაიჯანის მეორე გუნდს დაუზავდა. პირენეელთაგან ნახევარი ქულა ანა მათნაძის ანგარიშზეა.

V ტური
სერბეთი-უკრაინა 1:3
რუსეთი-ყაზახეთი 3.5:0.5
ისრაელი-რუმინეთი 1.5:2.5
აზერბაიჯანი (1)-გერმანია 3:1
ვიეტნამი-ინდოეთი 2:2
ჩინეთი-იტალია 3:1
პერუ-საქართველო 0.5:3.5
აშშ-ლიტვა 2.5:1.5
თურქეთი-ჩეხეთი 3.5:0.5
ირანი-ჰოლანდია 1.5:2.5

ხუთი ტურის შემდეგ: უკრაინა, რუსეთი - 10-10, რუმინეთი, აზერბაიჯანი (1), ჩინეთი - 9-9, თერთმეტ გუნდს, მათ შორის - საქართველოს, 8-8 ქულა აქვს.

VI ტური
უკრაინა-რუსეთი
რუმინეთი-ჩინეთი
ყაზახეთი-უნგრეთი
საქართველო-აზერბაიჯანი (1)
პოლონეთი-ვიეტნამი
ინდოეთი-ლატვია
თურქეთი-აშშ
ჰოლანდია-სერბეთი

შეჯიბრების მონაწილეები დღეს დაისვენებენ. მეექვსე ტურის შეხვედრები ხვალ, 8 სექტემბერს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული