საჭადრაკო ოლიმპიადა: მასპინძლებთან დაკარგული ქულა

AutoSharing Option
ერთდღიანი შესვენების შემდეგ, 8 სექტემბერს ბაქოში განახლდა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა. შეჯიბრების მონაწილეებმა მე-6 ტურის პარტიები გაითამაშეს. საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდები მეტოქეებს დაუზავდნენ და გათამაშების ცხრილში თითო ქულა ჩაიწერეს.

ჩვენი ვაჟთა გუნდისთვის ჩეხებთან ფრე თუ ნორმალური შედეგია, ქართველი მანდილოსნების მასპინძლებთან მშვიდობიან დაშორებას საუკეთესოდ ნამდვილად ვერ მივიჩნევთ, რადგან ჩვენები აზერბაიჯანის ქალთა გუნდის წევრებს ოსტატობის დონითა და გამოცდილებითაც საგრძნობლად აღემატებიან.

უკვე ვწერდით, რომ ჩეხეთის ვაჟთა ნაკრები მაღალი რეიტინგის მქონე დიდოსტატებითაა დაკომპლექტებული, პირველ დაფაზე მოთამაშე დავით ნავარა (2742) სულაც ელიტის წარმომადგენელია, თუმცა
გუნდის სხვა წევრთა მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენს მოჭადრაკეებს ბოლო ორ დაფაზე უკეთესი რეიტინგი ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, მათთან გამარჯვება სულაც არ იქნებოდა მოულოდნელი, მაგრამ გუშინ ოთხივე შეხვედრა ისე წარიმართა, რომ მნიშვნელოვანი უპირატესობა არავის მოუპოვებია, ამიტომ საბოლოო ფრე - 2:2 სრულიად ლოგიკური იყო.

დაზავდნენ დავით ნავარა-ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი-ვიქტორ ლაზნიჩკა, ზბინეკ ჰრაჩეკი-ლევან ფანცულაია, თამაზ გელაშვილი-ვოიტეჩ პლატი.

საქართველოს ნაკრებმა ექვს ტურში 10 ქულას მოუყარა თავი და მესამე-მეთორმეტე ადგილებს იყოფს. 12 ქულით პირველ ადგილზეა ინდოეთის გუნდი, რომელმაც გუშინ ჰოლანდიას აჯობა. უკრაინელთა მძლეველ აშშ-ს კი 11 ქულით მეორე ადგილი უკავია.

VI ტური
ინდოეთი-ჰოლანდია 2.5:1.5
აშშ-უკრაინა 2.5:1.5
ჩეხეთი-საქართველო 2:2
საბერძნეთი-აზერბაიჯანი(1) 2:2
კანადა-ბელორუსი 2.5:1.5
გერმანია-რუსეთი 1:3
ჩინეთი-არგენტინა 2.51.5

ექვსი ტურის შემდეგ: ინდოეთი-12 (19), აშშ-11 (18), ჰოლანდია-10 (18), ჩეხეთი-10 (16.5), საქართველო-10 (17), ჩინეთი-10 (17.5), უკრაინა-10 (16.5), კანადა-10 919), რუსეთი-10 (18.5), ლატვია-10 (15.5), ინგლისი-10 (15.5), რუმინეთი-10 916).

VII ტური
ინდოეთი-აშშ
ლატვია-ჰოლანდია
რუსეთი-ჩეხეთი
საქართველო-რუმინეთი
ინგლისი-ჩინეთი
უკრაინა-კანადა.

ქალთა ტურნირში საქართველოს ნაკრებს, როგორც აღვნიშნეთ, აზერბაიჯანის პირველი გუნდი მეტოქეობდა. ნანა ძაგნიძისა და ზეინაბ მამედიაროვას დაპირისპირებაში 32 სვლის შემდეგ საყაიმო პოზიცია იყო. მასპინძლისთვის მეფით 33-ე სვლა საბედისწერო აღმოჩნდა. ერთ შეცდომას 34-ე სვლაზე მეორე მოჰყვა და მამედიაროვამ 38-ე სვლაზე დანებების ნიშნად საათი გააჩერა.

პირველ დაფაზე გამარჯვება გუნდის სხვა წევრებისთვის სტიმული უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ნინო ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით გულნარ მამადოვასთან უკვე მე-20 სვლისთვის მოსაგები პოზიცია მიიღო, მაგრამ მონაპოვარი მალევე გაანიავა, უპირატესობა მეტოქეს გადააბარა და 73-ე სვლაზე წინააღმდეგობა შეწყვიტა.

ბაციაშვილმა, რომელსაც წინა ხუთ ტურში მხოლოდ მოგებები ჰქონდა, პირველი მარცხი განიცადა, რამაც მატჩის ბედიც გადაწყვიტა, რადგან ლელა ჯავახიშვილი შავებით გუნაი მამაზადას შეუთანხმდა ყაიმზე, ხოლო სალომე მელია 80-სვლიანი ორთაბრძოლის შემდეგ დაუზავდა ნარმინ კაზიმოვას. საბოლოოდ ფრე - 2:2.

გუშინ დიდ ინტერესს იწვევდა ლიდერების - რუსეთისა და უკრაინის ქალთა გუნდების პაექრობა. მას შემდეგ, რაც მეორე-მესამე დაფებზე ორგზის ევროპის ჩემპიონი ვალენტინა გუნინა (რუსეთი) და მსოფლიოს ჩემპიონი მარია მუზიჩუკი (უკრაინა), ორგზის ევროპის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) და ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) ყაიმზე შეთანხმდნენ, თეთრებით მოთამაშე ანა მუზიჩუკმა (უკრაინა) მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკის (რუსეთი) შეცდომით ისარგებლა და თავისი გუნდი დააწინაურა.

ბოლო სამი ოლიმპიადის გამარჯვებული რუსეთის ნაკრები მარცხისგან ოლგა გირიამ იხსნა, რომელმაც 62-ე სვლაზე მსოფლიოს და 2016 წლის ევროპის ჩემპიონ ანა უშენინას აჯობა და წონასწორობა აღადგინა - 2:2.

VI ტური
უკრაინა-რუსეთი 2:2
რუმინეთი-ჩინეთი 2:2
ყაზახეთი-უნგრეთი 2:2
საქართველო-აზერბაიჯანი 2:2
პოლონეთი-ვიეტნამი 3:1
ინდოეთი-ლატვია 2.5:1.5
თურქეთი-აშშ 0.5:3.5
ჰოლანდია-სერბეთი 2.5:1.5

ექვსი ტურის სემდეგ: რუსეთი-11 (19), უკრაინა-11 (18.5), პოლონეთი-10 (20), რუმინეთი-10 (17), ინდოეთი-10 (17), აზერბაიჯანი(1)-10 (16), ჩინეთი-10 (17.5), აშშ-10 (16.5), ჰოლანდია-10 (15). ათ გუნდს, მათ შორის - საქართველოს (18.5), 9-9 ქულა აქვს.

VII ტური
რუსეთი-პოლონეთი
ჩინეთი-უკრაინა
აშშ-რუმინეთი
აზერბაიჯანი(1)-ინდოეთი
ჰოლანდია-საქართველო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული