საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები - პარიზიდან დანახული გუნდი

AutoSharing Option
დღეს ისევ ვუბრუნდებით პარიზში ჩვენი ძიუდოისტების გამოსვლას, რომლებმაც იქ 4 მედალი მოიპოვეს: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

- პარიზის გრან სლემი: ზებედა რეხვიაშვილის რიხიანი დაბრუნება

რაღაც დაუწერელი კანონით, ჩვენებს ყოველთვის უჭირდათ ამ ტურნირის მოგება. თუმცა ბოლო წლებში კი გავუთამამდით, მაგრამ წლეულს უსიამოვნო ტრადიცია მაინც ვერ დავარღვიეთ.

არადა, სპორტში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძლევამოსილად დაბრუნებულ ზებედა რეხვიაშვილს (81) ერთი მოგება დააკლდა, რომ შენგელი ფიცხელაურის, ამირან ტოტიკაშვილის, გიორგი რევაზიშვილის, გია გუგავას, დავით ასუმბანის, ვალერი ლიპარტელიანის და ავთანდილ ჭრიკიშვილის შემდეგ გამხდარიყო პარიზული ტურნირის მერვე
ქართველი გამარჯვებული.

წლევანდელი "მუზარადის" ბრინჯაოსმედალოსნები ამირან პაპინაშვილი (60), ვაჟა მარგველაშილი (66) და ლიპარტელიანი გახდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მერვეზე გავიდნენ, მხოლოდ ვაჟებში კი - მეხუთეზე. თუმცა ამაში დიდი როლი ოქროს გარეშე დარჩენამ ითამაშა, თორემ ეს ნუსხა რაოდენობრივად რომ ჯამდებოდეს, პირველ ნომინაციაში მეხუთე, მეორეში კი მთლად მეორე ადგილზე ვიქნებოდით.

ოქროს გარეშე დარჩენის მიუხედავად, ჩვენი ნაკრების გამოსვლა გუშინვე დადებითად შევაფასეთ. ამის საბაბს შემდეგი გარემოებები გვაძლევს: ნაკრებისთვის პირველი ტურნირი იყო; თანაც, ძირითად შემადგენლობას ვარჯიში არც ისე დიდი ხნის დაწყებული აქვს; იყო საკადრო გადაადგილებები წონებში, როცა რამდენიმემ წონა შეიცვალა; ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა საკმაოდ საიმედოდ იასპარეზა; გამოიკვეთა გუნდის ხელწერა: ფიზიკური მომზადება, სუნთქვა, გამძლეობა აღარ იყო ძველებურად კატასტროფული და ცალკეული გამონაკლისების მიუხედავად, უმეტესობა ამ კომპონენტში საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა.

ირაკლი ცირეკიძის ფორმაციის ნაკრები აღარ იქნება გაფრთხილებებზე და ტაქტიკურად მოჭიდავე გუნდი. ის შეუტევს (ოღონდ გეგმაზომიერად, დაცვითი რედუტების გათვალისწინებით) და სიამოვნებას მიანიჭებს მაყურებელს. შესაშური ტექნიკური არსენალი გამოავლინეს მარგველაშვილმაც, რეხვიაშვილმაც, უმეტეს შეხვედრებში - ბექა ღვინიაშვილმაც (90) და, რაღა თქმა უნდა, გურამ თუშიშვილმაც (+100).

ტრადიციულად, დახვეწილად და უაღრესად გააზრებულად ჭიდაობდა ლიპარტელიანიც, ეს კი ერთი გუნდისთვის ცოტა არაა.

გუნდმა პარიზში წასვლამდე ფიზიკურადაც ივარჯიშა თბილისში და ერთგვარ შიშს ესეც აჩენდა - "მძიმე" წვრთნების გამო ხომ არ იქნებოდა ნაკრები გადაღლილი და გაუხეშებული, თუმცა შეჯიბრებამ საპირისპირო დადებითი სურათი დაგვანახა. ეს იყო ახლებური ფიზიკური ვარჯიშები, რომელიც სპეციფიკურია საჭიდაო სახეობებისთვის და მან თავისი შედეგი გამოიღო. ამის ყველაზე ცხადი მაგალითი ისევ რეხვიაშვილია, ვისთვისაც "ფიზიკა" მუდამ "აქილევსის ქუსლი" იყო.

ნაკრების ჭიდაობის გაუმჯობესებული ხარისხიც ფიზიკური კონდიციების მოწესრიგების დამსახურებაა - როცა სპორტსმენი ჯანზეა და გრძნობს თავის სიძლიერეს, მაშინ უფრო თამამადაც ირჯება და ყველაფერიც გამოსდის. ალბათ, ამას უნდა მივაწეროთ პაპინაშვილის ფსიქოლოგიური მდგრადობაც, თორემ ბოლო წლებში ამ კუთხით ჰქონდა პრობლემები.

უმედლოდ დარჩენილთაგან ყველაზე მეტად თუშიშვილს გამოვარჩევთ, ვინც ძალიან ტექნიკური ჭიდაობა აჩვენა. მას ქართული ჭიდაობის მადლიც უხვად სცხია და ახალი წესებიც აძლევს გასაქანს, რაც დიდწილად გამოიყენა კიდეც. მარტო ის რად ღირს, რომ პირველ შეხვედრაში ფრანგ ნაბილ ზალაგს ოთხი ვაზარი აართვა ოთხი სხვადასხვა ილეთით! მერე ძლიერი ჰოლანდიელი როი მეიერიც კარგად დააგდო.

ის ჯგუფში იაპონელთა მომავალ ჩემპიონ ტაკეში ოჯიტანისთან დამარცხდა, თუმცა მისი უმედლოდ დარჩენის მიზეზი მაინც არასტაბილურობა გვგონია - ტურნირზე რაღაც მომენტში მაინც მოუკლებს. სამწვრთნელო შტაბის მთავარი ამოცანაც ამ ხარვეზის გამოსწორება უნდა იყოს (დაახლოებით იმავეს ვიტყვით ღვინიაშვილზეც), თორემ პარიზში, მგონი, ყველაზე ნათლად გამოჩნდა, რომ თუშიშვილს მართლაც შეუძლია ლეგენდარული ტედი რინერის დაგდება.

ლიდერთა საკმაოდ დიდი ჯგუფისგან უფრო უკეთეს გამოსვლას ველოდით, მაგრამ, ვნახოთ, მომავალი წინაა, ევროპირველობამდე კი საკმაო დრო რჩება. ვფიქრობთ, ამ პერიოდში ლაშა შავდათუაშვილიც (73) მოახერხებს მობილიზებას და პარიზულ მარცხს ჩამოირეცხავს. მას რომ ფენიქსივით შეუძლია რეაბილიტირება, ეს წინა ოლიმპიურ ციკლშიც დაამტკიცა.

ასევე გვეიმედება, რომ მომდევნო შეჯიბრებებში იმედს გაგვიმართლებენ ახალგაზრდები - ფრიდონ გიგანი (73) და თამაზ კირაკოზაშვილი (81), თორემ პარიზის სიძლიერემ და "დიდ ბიჭებში" გარევამ დებიუტანტებზე ცუდად იმოქმედა.

ყველაზე ცუდი ტენდენცია, რაც ამ ტურნირმა დაგვანახა, შემდეგია: ყველა პირადი შეხვედრა ლამის პირწმინდად და უშანსოდ წავაგეთ იაპონიასთან. არადა, ახალი წესები ჩვენც გვიზრდის შანსს და სამწვრთნელო შტაბმა ამაზეც უნდა იზრუნოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
მოკლედ და კონკრეტულად!ნაკრებში არაა კონკურენცია აქედან გამომდინარე მოდუნებულია უკლებლივ სუყველა.დატოვე სახლში მუქთამჭამელები და წაიყვანე ახალგაზრდები.აი გამოსავალი
ჯირო
18:30 15-02-2017
0
ან ამ ტურნირისთვის არ უყურებია ავტორს, ან თვალში ნაცარს გვაყრის. ცეცხლი თივაში არ დაიმალება და პრობლემის არ დანახვა, სირაქლემის პოზიციაა ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს
გრანპრი
12:30 15-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული