ბიჭებში ჩემპიონები თამაზ კირაკოზაშვილი (60), ლევან გუგავა (73), ბექა ღვინიაშვილი (81), შალვა ჩოჩელი (90) და გიორგი ლაზუაშვილი (+90) გახდნენ. ვერცხლის მედლებს აპოლონ ზურაბიანი (66), ბექა დონღვანი (73), ადამ ვარაზიშვილი (81) და გიორგი გელაშვილი (+90) დაეუფლნენ, ბრინჯაოსას - გოდერძი ფეტვიაშვილი
ევროპის თასები ამ ასაკის ძიუდოისტთა შორის ძალზე პრესტიჟულია და ეს შეჯიბრებაც ძლიერი გამოდგა. მართალია, მონაწილეთა უმეტესობას თურქები შეადგენდნენ, მაგრამ იყვნენ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ბულგარეთის, ხორვატიის, ტაჯიკეთის და სხვათა გუნდები. მისასალმებელია ასეთ წარმომადგენლობით შეჯიბრებაში ამდენი მედალი. მით უფრო, სამ წონაში - 73, 81 და +90-ში ქართული ფინალები გაიმართა. ამავე წონებში კვარცხლბეკიც ძირითადად ჩვენებურებმა შეავსეს. მეტიც - 73-ში ნახევარფინალში ოთხივე მოჭიდავე ქართველი იყო, 81-სა და მძიმეში კი ამ ეტაპზე სამ-სამი ფალავანი გვყავდა. ანთალია კარგად დასცადა ჯანაშვილმაც - შარშან იქ მესამე იყო. საინტერესოა, რომ ანთალიაში ჩემპიონი შარშანაც გვყავდა - მძიმეწონოსანმა ელენე ქებაძემ მოიგო.
ჯანაშვილმა ამჯერად ყველა შეხვედრაში წმინდად იმარჯვა - ბელარუსი ანა ტოლსტიზენკო და თურქი კევსერ ქევიკი დააიპონა, მორიგ მასპინძლებს - დილაი სუტს და სელინ გიულს ფინალში კი ქულათა დიდი უპირატესობით აჯობა. ციხელაშვილმა ხორვატი ადრიანა რედზეპაჯი დააიპონა და თურქ იალცინ გუნერსაც იუკოთი უგებდა, მაგრამ წმინდად დამარცხდა და სანუგეშოში გადაერთო, სადაც მასპინძელთა ჯავრი ორმაგად იყარა - სენაი ბირინჩი ძალზე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ორივეს თითო ვაზარი ჰქონდა, მაგრამ ჩვენებურმა ორი იუკოც აართვა), ხოლო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ზემოხსენებულ სუტს აჯობა. გოგოების ნაკრების სხვა წევრებიდან შედარებით უკეთ მხოლოდ ანი მინდიაშვილი (63) გამოვიდა - ძირითად ბადეში ორი შეხვედრა მოიგო, მერე სანუგეშოში გადაერთო და ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა, მაგრამ წააგო და საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მედალოსანთა გარდა, თითქმის ყველა პირველად ჭიდაობდა უცხოეთში.
ეს შეჯიბრება ბიჭების ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ვაზაგაშვილისთვის პირველი უცხოური სტარტი იყო და დებიუტი წარმატებულიც გამოუვიდა. მას გაუმართლა ჩანაფიქრმა - გამოეცადა საქართველოს ყველა მედალოსანი. ამათ გარდა, ანთალიაში საკუთარი ხარჯით ექვსი უმედლოც წავიდა, თუმცა მათ დიდად ვერ ივარგეს. ჩემპიონთა ზემოხსენებული ხუთეულიდან ოთხი ქვეყნის პირველობის გამარჯვებულიცაა - კირაკოზაშვილი, ღვინიაშვილი, ჩოჩელი და ლაზუაშვილი. მართალია, ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ რჩება გარკვეული უცხოური შეჯიბრებები, მაგრამ ამ ოთხეულმა ახლანდელი წარმატებით გუნდში მოხვედრის შანსები მნიშვნელოვნად გაიმყარეს. კირაკოზაშვილმა ხუთიდან ოთხი შეხვედრა წმინდად მოიგო, ღვინიაშვილმა ოთხი შეხვედრა გამართა და ყველაში სუფთად იმარჯვა (მათ შორის, ნახევარფინალშიც თანაგუნდელ მუმლაძესთან), ჩოჩელმა ოთხიდან ორი ორთაბრძოლა დაასრულა სუფთა მოგებით, ლაზუაშვილმა - პირველი ორი, ნახევარფინალში ხუბულურს და ფინალში გელაშვილს კი ქულებით აჯობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველობაზე მან ფინალში ხუბულური დაამარცხა. რაც შეეხება მეხუთე ჩემპიონს - გუგავას, ის საქართველოზე მესამე იყო, ჩემპიონი კი დონღვანი გახდა. ისინი ქვეყნის პირველობაზე არ შეხვედრიან ერთმანეთს.
ვაზაგაშვილი ანთალიური შეჯიბრების შედეგების მიხედვით შეარჩევს იმ შემადგენლობას, რომელიც ორ კვირაში კიევში იასპარეზებს ისევ ევროპის თასზე. ამის შემდეგ კანდიდატები ორ საშინაო ტურნირზეც გამოვლენ და საბოლოოდ ამის შემდეგ გამოვლინდება 24-26 ივნისს მალტურ კოტონერაში ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი გუნდი.